2015 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მესამე)

დიდი ხნის უაქტიობის მერე, ბოდიშის მოხდით, ვაგრძელებთ იქიდანვე, სადაც გავჩერდით. პირველ და მეორე ნაწილებში მიმოვიხილეთ 2015 წელს გამოცემული 10-10 ალბომი. ახლა გთავაზობთ კიდევ ათ საინტერესო ნამუშევარს.

21. Sinoptik Music – The Days

modern classical, piano music, electronic

ზურაბ ჩხარტიშვილი ალბომით, რომელიც John Beltran-ის Dado Records-ზე გამოვიდა, წარმოგვიდგენს თანამედროვე კლასიკურ, მეტწილად საფორტეპიანო კლასიკას. ელექტრონული რევერბერაცია და სხვა მანიპულაციები პარადოქსულად კიდევ უფრო აძლიერებენ მუსიკის განყენებულობას და Eric Satie-სებრ მომნუსხველ, იმპრესიონისტულ განწყობას. სახელის მიუხედავად, ამ ალბომის მოსმენა იდეალურია ღამის სიბნელეში, ოდნავ მბჟუტავი ნეონური ლამპის ფონზე. Sophie Villy-სთან ერთად შესრულებული, ალბომის ერთადერთი არაინსტრუმენტული სიმღერა „The Days“ ამ ყველაფრის ძალიან ლამაზი ბონუსია, ჩანაწერის ბოლო ნაწარმოები კი სინთეზატორული სფეის-ექსკურსიაა.

მოსასმენი ბმული: Sinoptik Music – The Days

22. Psychonaut 4 – Dipsomania

depressive black metal

Psychonaut 4-ის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ალბომი ბენდის ფსიქოტროპულ-დეპრესიული ბლექ-მეტალ იდენტობის ერთგული რჩება, მაგრამ ჩანს მორფირებაც. აქ მთავარი თემა ალკოჰოლიზმია. სადებიუტო ნამუშევართან შედარებისას, მარტივად იგრძნობა, რომ ბენდი დაიხვეწა. ჟღერადობა სასიამოვნოდაა ატმოსფერიზებული, რაც ალბომის ემოციურ სივრცისმომცველობას აძლიერებს. შეიმჩნევა სასიმღერო მრავალფეროვნებაც – გვხვდება სუფთა, ასევე რამდენიმენაირი მეტალ-ვოკალიც. კომპოზიციურად, აქ ბევრი რამაა სწორხაზოვანი depressive black metal-იდან (Beware The Silence, We Will Never Find The Cure) მრავალმოქმედებიან სიმღერებამდე ბევრი ინტერლუდიით. ჩანაწერს ხურავს აპოკალიპტური doom-ბალადა Eyes Of A Homeless Dog. საბოლოო ჯამში, Dipsomania ძალიან საინტერესო და დრამატული ალბომია, რომელიც ამ სტილის ეპიზოდურ მსმენელსაც მოანდომებს მათი შემდეგი, მესამე ნამუშევრის (Neurasthenia) მოსმენას, რომელიც ეს-ესაა გამოვიდა.

მოსასმენი ბმული: Psychonaut 4 – Dipsomania

23. MokuMoku – Blues Build The Temple

instrumental hip hop, abstract hip hop

MokuMoku ჰიპ-ჰოპ პროდუსერების, Moku T-ს (ტატო რუსია) და Moku J-ს (ჯეი ჯაფარიძე) დუეტია. მათი სადებიუტო ალბომი, რომელიც დღეს საკმაოდ არამეინსტრიმულ მედიუმზე, კასეტაზე გამოვიდა, წარმოადგენს სემპლებზე დაფუძნებულ, ძალიან ჭკვიანურად არანჟირებულ ატმოსფერულ ჰიპ-ჰოპს, რომელის მიქსტეიპის მსგავსი საალბომო ფორმატი (ერთმანეთში გარდამავალი ნაწარმოებები, მოკლე ინტერლუდიები), ამ chill-out განწყობას ეფექტურად გადმოსცემს. მუსიკა ძალიან მსუბუქად ისმინება და მოწვეული სტუმრების კომფორტული რეპ-ჩანართებიც საბოლოოდ ისევ დასვენებას უფრო ემსახურება, ვიდრე მესიჯის გასააზრებლად ტვინის დაძაბვას. რეკომენდებულია ჯაზ-ჰოპის, ტრიპ-ჰოპის და ჰიპ-ჰოპის სხვა late night ვარიანტების მოყვარულთათვის. 2016-ში, დუეტის სადებიუტო ნამუშევარს კიდევ უფრო დახვეწილი მეორე ალბომი (Black Heaven) მოჰყვა.

მოსასმენი ბმული: MokuMoku – Blues Build The Temple

24. წერილი – მუსიკის ხმა

cover smaller.jpg

gothic rock

ქართული ალტერნატიული სცენის ვეტერანების რიგით მეოთხე (მეხუთე, თუ წინამორბედ ბენდ „ამორალი“-ს ალბომსაც მივათვლით) ალბომი მათი წინა ნამუშევრის შედარებით რბილ, ლამაზ მელანქოლიურ გეზს ანვითარებს. ალბომი ოდნავ არათანაბარია, მაგრამ წინა ნამუშევრის მსგავსად, ბენდის რეპერტუარს „მუსიკის ხმა“-ც მატებს რამდენიმე სუპერ-სიმღერას, როგორიცაა ენერგიული „რუხი მგლები“, „ვარსკვლავი შორსდა საოცრად ლამაზი „იბრძოდა ცა“, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა, რაც კი „წერილს“ ოდესმე დაუწერია.

მოსასმენი ბმული: წერილი – მუსიკის ხმა

25. xResistenciAx – Pan Para Nuestra Existencia (EP)

thrash metal, avant-garde metal

ამ 18-წუთიანი EP-ს განმავლობაში ამ უცნაური სახელის მქონე ბენდმა მოახერხა 3 სასიმღერო ენისა (ქართული, ესპანური, რუსული) და მილიონი მუსიკალური იდეის შერწყმა. არაორდინარული თრეშ-მეტალი დაპირისპირებულია რეპ-ვოკალთან (ა-ლა Anthrax) და ეს ყველაფერი ჩასმულია ჰარდკორ პანკ-ესთეტიკაში. ამ ექსპერიმენტულობის წყალობით მთლიანი ჩანაწერი ძალიან საინტერესოდ ისმინება და იმედი მაქვს, ბენდის პირველი სრული ალბომიც დიდად არ დააყოვნებს.

26. გამოუვალი მდგომარეობა – გამოსავალი

Gamosavali (Front).jpg

pop punk, ska punk

მოგეხსენებათ, „გამოუვალი მდგომარეობა“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” კონტექსტში შექმნილი ბენდია, რომელიც იქ ძირითადად ქართული რეტრო-სიმღერების ქავერებს ასრულებს. ამ ალბომში მათი რეპერტუარის ნაწილია გადმოტანილი. ჩვენს წინაშეა ცნობილი სიმღერების უმეტესად ska punk ვერსიები, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ შედარებით ახალი სიმღერები („როგორ მინდა მოგეფერო, „Artificial Love”) გაცილებით უკეთაა გადამღერებული, ვიდრე რეტრო. ალბომის საუკეთესო მომენტს, მოულოდნელად, გამხსნელი, ბენდის მიერვე დაწერილი „შენს ტუჩებზე“ წარმოადგენს, რომელიც ენერგიული, მზიანი და ხალისით დაკრული სიმღერაა. საინტერესოა, აპირებს თუ არა ჯგუფი საავტორო მასალაზე მუშაობას, ვინაიდან მუსიკოსები მართლაც არ უკრავენ ცუდად.

მოსასმენი ბმული (არასრული): გამოუვალი მდგომარეობა – გამოსავალი

27. არავინ – შავი რომანსი 

cover.jpg

darkwave

არავინ პროექტია იდუმალი მუსიკოსისა, რომელიც თავს ნიკოლოზ წვიმა-ს უწოდებს-ხოლმე. ძნელია მისი მუსიკის აღწერა, მაგრამ წარმოიდგინეთ რაღაც გარდამავალი ირაკლი ჩარკვიანს და Sopor Aeternus-ს შორის. ესაა თვითმყოფადი ხედვის მუსიკა შავი, ბნელი darkwave-ს ტერიტორიაზე, ხშირად ნატანჯი ესთეტიკით და ოკულტურობით, მაგრამ ამასთან ერთად, ძალიან პოეტური და ლამაზი. ესაა დაახლოებით იმ ბნელი რომანტიციზმის მუსიკალური ანალოგი, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი და ამერიკელი (რემბო, ბოდლერი, პო) პოეტები მიმართავდნენ ხოლმე. ასე რომ, ეს განსაკუთრებული, გოთური განწყობის მუსიკაა, მაგრამ თუ ამ განწყობაზე ხართ, ნუ გამოტოვებთ. თუ მოგეწონებათ, ნახეთ YouTube-ზე მისი ბევრი სხვა სიმღერა, რომლებიც ციცინათელასავით ქრება და ჩნდება.

მოსასმენი ბმული: არავინ – შავი რომანსი

28. tîn – tîn

musique concrète

ამ პროექტის სახელი მისი სამი წევრის, თამარ ნადირაძის, იკა ჯოჯუას (aka Aghnie) და ნინი ხუროშვილის სახელების ინიციალებისგან შეიქმნა. ეს ალბომი შეიცავს თემატურ მუსიკას 2015 წლის სახელოვნებო წიგნების მოძრავი გამოფენა-გაყიდვისათვის. ეს კონკრეტული მუსიკაა, დაფუძნებული რეჩიტატივზე და მათ ელექტრონულ მანიპულაციაზე. რეჩიტატივი ხან ნარატიულია, ხანაც – რიტმული როლის მატარებელი. თუმცა ასეთ მუსიკას ეფექტი თავის ბუნებრივ კონტექსტში უფრო მეტი აქვს, ეს ალბომი მაინც რეკომენდებულია, როგორც ამ ავანგარდული სტილის იშვიათი და საინტერესო ქართული ნიმუში.

მოსასმენი ბმული: tîn – tîn

29. Trio Mandili – With Love

folk

2014-ის შემოდგომაზე, The Huffington Post-ის სტატიის წყალობით, ტრიო „მანდილი“ მოულოდნელად საერთაშორისო ინტერნეტ-სენსაციად იქცა და ისინი დღემდე არ ამცირებენ საკონცერტო პროდუქტიულობას. 2015-ში მათ გადაწყვიტეს, ვიდეოში შესრულებული სიმღერები სტუდიურადაც ჩაეწერათ და ალბომი დამოუკიდებლად გამოსცეს. წელს კი ეს ალბომი ლეიბლ Merlins Nose-ს ქვეშ დარელიზდა, რომელიც მიუხედავად მისი 70-იანების acid / pagan folk სპეციალიზაციისა, თანამედროვე მსოფლიო მუსიკასთანაც მუშაობს ხოლმე.

ამ ალბომში 10 სიმღერაა შეტანილი და თუმცა აქედან რამდენიმე არაა ფოლკლორული, მთელი ალბომი გადაწყვეტილია რამდენიმე ჩონგურსა და 3 ხმაში. სასიამოვნოდ სანიშნოა, რომ ამ ქართული ფოლკლორული ფორმის ინტერესი დასავლეთში საკმაოა და ნელ-ნელა შესაძლებელია ძირითადად ქალთა მრავალხმიანობაზე დაფუძნებული, მთის ამ დიდი ფოლკლორული რესურსის (დები ნაყეურები, დები წიკლაურები, დები გოგოჭურები და სხვ.) ექსპორტი, რომელიც საკმაოდ ბევრისთვის გასაკვირად, ინსტიტუციური ჩარევების გარეშე, ბოლო დროს ბუნებრივად შეიქმნა.

მოსასმენი ბმული (სემპლები): Trio Mandili – With Love

30. Blue Yogurt – Cult Of Manana

experimental electronic, minimal techno, glitch, dark ambient

იმან, რაც ოთხმოცდაათიანებში ხდებოდა, თავისი ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით, სახელმწიფოს აშენების მცდელობებითა და შეცდომებით, არცოდნით, ცოდვებით, ბოდვებით, ოპორტუნიზმითა და სოციალური ტრაგედიებით, დაღი ყველას დაგვასვა. არამარტო ბებია-ბაბუებს, ვინც თავიანთი ფარდაჩამოფარებული, მაგრამ მშვიდი ცხოვრების ბოლოს უცბათ ამოუხსნელ და საშინელ გრიგალში ამოყვეს თავი; არამარტო იმ საშუალო ასაკის ხალხს, ვისი ძალისხმევითაც დაიწყო ახალი ეპოქა და ვისაც სწორედ ეს დრო შემოუტრიალდა შხამად და საწამლავად; არც მხოლოდ იმ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, ვისაც საუკეთესო წლები ამ ცინიკური სტილით ნაწერმა დისტოპიამ შეუჭამა.

ეს დრო იმ ბავშვებსაც შეეხოთ, რომელიც სამოქალაქო და აფხაზეთის ომების დროს ლაპარაკს სწავლობდნენ და საღამოობით ტელევიზორიდან სიტყვა „პრინცსა“ და „პრინცეზაზე“ ხშირად „დაიღუპა“ და „მოღალატე“ ესმოდათ; და შეეხოთ მათზე ოდნავ უმცროსებსაც, რომლებსაც შეიძლება ის დრო ბავშობის კოშმარებად აღარ დასიზმრებიათ, მაგრამ ვერასოდეს იგებდნენ, რატომ იყვნენ უფროსები უმიზეზოდ ასე ცუდ ხასიათზე, რატომ ყიდულობდნენ „ბონიბონს“ და „ქინდერ-სიურპრიზს“ რამდენიმე თვეში ერთხელ და რატომ ქვრებოდა შუქი მაინცდამაინც შუა მულტფილმის დროს.

ზოგმა ეს რთულად გადაიტანა, ზოგმა – ადვილად, მაგრამ ეს დაღი იმდენად უნივერსალურია, რომ უმეტესი ჩვენგანი ამაზე ლაპარაკს ერიდება. თუ ლაპარაკი ამ თემაზე ჩამოვარდება, ხშირად სათქმელი მოკლედ მოიჭრება და ხშირად თემა დღევანდელი პოლარიზებული პოლიტიკის განხილვაზე გადადის. ამას კიდევ დავამატოთ იმ ამბებისა და მათი მონაწილეების საკრალიზაცია, დემონიზაცია, რომანტიზაცია, ვულგარიზაცია და არათუ რაიმე სიმართლის გარჩევა ჭირს ლეგენდისგან, არამედ იმ ეპოქის საერთოდ ყოველგვარი სურათი წაშლილია და გადაქცეულია ფერგადღაბნილ, უტყვ აბსტრაქტიზმად.

მაგრამ თუნდაც ფაქტები ასე საიმედოდ შეინიღბოს, იმ დროზე ემოციური პასუხი და მისი მეხსიერება ვერ წაიშლება. თუნდაც რომ დაგავიწყდეს მოვლენა, გემახსოვრება მოვლენამ რა გაგრძნობინა. ახალ თაობებს, ვინც იმ სურრეალურ დროს სკოლამდელები ან ჩვილები ვიყავით, შეიძლება ფაქტები აღარ გვახსოვდეს და შეხსენება გვიწევდეს, ყოველთვის გვემახსოვრება ღამეები, როცა დაძინება გვიჭირდა, საღამოს „მაცნე“-ში (მაშინ ასე ერქვა „მოამბეს) გაგონილი მორიგი ტერაქტის ამბის გამო.

ხოდა ეს ის ემოციური მეხსიერებაა, რასაც Blue Yogurt-ის ალბომი „Cult Of Manana” გადმოსცემს. გადმოცემს იმას, რასაც იმ დროის შესახებ სიტყვით არ ვამბობთ. გადმოცემს უტყვად, კონკრეტული მესიჯების გარეშე. მაგრამ გამოყენებული სემპლებით, თემატიკით და თვითონ მუსიკით მარტივი მისახვედრია, ვინ რაზე ლაპარაკობს. ეს ალბომი იდეაში Various Artists კომპილაციაა, რომელიც ამ ერთი თემის გარშემოა გაერთიანებული. მონაწილეობენ ის მუსიკოსები, (Aghnie, Seqta, Levan Shanidze, West Georgian Elite Ninja, Zesknel, Qpq[-e, Ana Jikia, Slavemarket) რომლებიც ამ ყველაფერს პირადად, ცნობიერ ასაკში ალბათ არც მოსწრებიან.

მუსიკალურად, ალბომი ექსპერიმენტულია, მაგრამ ვინაიდან ნაწარმოებები დამოუკიდებლად იქმნებოდა, ყველა ნაწარმოებს განსხვავებული ხედვა აქვს. აქ შეხვდებით glitch-ს, dark ambient და progressive electronic პასაჟებს, საპროტესტო აქციების დასემპლის ჩანაწერებზე დადებულ minimal techno-ს და ჯაზის მუტირებულ ფორმებსაც კი. ალბომი მთლიანობაში ძალიან საინტერესოდ სასმენია, მაგრამ რაც მთავარია, დაგაფიქრებთ იმ ყველაფერზე, რის ემოციურ რეფლექსიასაც გამოხატავს ეს ჩანაწერი. იქნებ შემდეგი ვინმე თქვენგანი იყოს, ვინც თავის გულნადებს, ტკივილს და დამოკიდებულებას მუსიკით გამოხატავს. ამისთვის არაა საჭირო პოეტობა და სიტყვის ფლობა.

მოსასმენი ბმული: Blue Yogurt – Cult Of Manana

4 thoughts on “2015 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მესამე)

    • thandrus says:

      მადლობა გზავნილისთვის – 2016-ის სიაში აუცილებლად მიმოვიხილავ 🙂 ახლა ვუსმენ და სასიამოვნო, ოდნავ განყენებული მინიმალია.

  1. […] ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიმოვიხილოთ 2015 წელს ჩაწერილი კიდევ 10 ალბომი. 2015 წელს გამოსული კიდევ 30 ალბომი მიმოხილულია პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში. […]

  2. […] წლები ქართულ მუსიკაში – 2015: 1 / 2 / 3 / 4 2014: 1 / 2 / 3 2013: 1 / 2 / 3 / […]

Leave a comment