2015 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეოთხე)

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიმოვიხილოთ 2015 წელს ჩაწერილი კიდევ 10 ალბომი. 2015 წელს გამოსული კიდევ 30 ალბომი მიმოხილულია პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში.

31. Zedashe – Our Earth And Water

 

folklore

ანსამბლი „ზედაშე“ რამდენიმე მიზეზის გამოა გამორჩეული ქართულ საფოლკლორო სცენაზე. პირველი, აქ არაა სეგრეგაცია კაცებსა და ქალებს შორის – ყველა ერთად მღერის – ეს კი ცნობილ ფოლკლორულ კოლექტივებში არცთუისე ხშირია. მეორე, მათი სანიმუშო სამუშაო ეთიკის წყალობით, ამ სიღნაღურმა ანსამბლმა უკვე 7 ალბომი ჩაწერა, რითიც ასევე ბევრი სხვა ვერ დაიტრაბახებს. მნიშვნელოვანი კიდევ ისაა, რომ მათი რეპერტუარი არასოდეს შედგებოდა ცნობილი ფოლკლორული „ჰიტებისაგან“. „ზედაშე“-ს ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება იშვიათის, დაფარულის და მივიწყებულისკენ.

ეს დისკიც საქართველოს დროსა და სივრცეებში ექსპედიციის შთაბეჭდილებას გიტოვებს. აქ წარმოდგენილია საქართველოს ლამის ყველა კუთხე-კუნჭულის სიმღერები და ეს ვერსიები ეფუძნება ძირითადად პირად, საბჭოთა დროინდელ არქივებში ნაპოვნ დედნებს. ასე რომ, ეს კარგად არანჟირებული და მდიდარი ვოკალური ჰარმონიით შესრულებული ფოლკლორული მოზაიკა რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც აღარ ჰყოფნის ფოლკ-სტანდარტები და უნდა ღრმად ჩაყვინთოს იმის საპოვრად, რაც „ჩაკრულო“-ს, „წინწყარო“-სა და „მრავალჟამიერ“-ის ფონზე ისე ხშირად არ ისმის.

მოსასმენი ბმული: Zedashe – Our Earth And Water 

32. Slavemarket – Body Without Organs

progressive electronic, experimental

აღიჭურვეთ მოთმინებით. თქვენ წინაშეა სამსაათიანი ელექტრონული არასაცეკვაო ალბომი. აღიჭურვეთ მოთმინებით, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. ეს პრეტენზიული ფორმატის, მაგრამ ძალიან საინტერესო ნამუშევარი ჩაგითრევთ თავისი გამომგონებლობით, იდეალურად დასმული ფონური ატმოსფეროთი და მრავალფეროვნებით. შეხვდებით ბევრ რამეს ატმოსფერულ ტექნოს, Robert Rich-ისებრ შთანმთქმელ, სივრცულ საუნდსკეიპებს, Pete Namlook-ისნაირ ექსპერიმენტულ ესთეტიკას და ეს ყველაფერი, თავისი ჟღერადობრივი ეკლექტურობის მიუხედავად ჰქმნის ემოციურად ძალიან კარგად ორგანიზებულ ფლეილისტს, რომელსაც შეიძლება როგორც მთელი გულისყური დაუთმო, ასევე უბრალოდ მთელი საღამოს მუსიკალურ ფონად აქციო.

მოსასმენი ბმული: Slavemarket – Body Without Organs

33. ფარღალალა – Pioneer Palace Sessions

jazz. post-bop, improv

„ფარღალალა“. უცნაური სახელისდა მიუხედავად, ძალიან საინტერესო კოლექტივია. ესაა 4 მუსიკოსისგან შემდგარი ანსამბლი, რომელიც ძირითადად იმპროვიზებულ მუსიკას უკრავს და სტილისტურად მოიცავს ძალიან ბევრ რამეს ფსიქოდელიიდან იმპროვიზებულ ჯაზამდე. ამ მუსიკოსებს სხვა პროექტებიც აქვთ: ლუკა დგებუაძე იგივე Mindstreaming-ია, გიორგი ტეცოშვილი დრამერია The Mins-ში, სანდრო თავართქილაძე კი ძალიან პროდუქტიული ელექტრონული მუსიკოსია IC122-ის ფსევდონიმით.

ამ ალბომზე, რომელიც პიონერთა სასახლეში ჩაწერილ იმპროვიზებულ კონცერტს წარმოადგენს, მხოლოდ პიანისტი დგებუაძე და დრამერი ტეცოშვილი უკრავენ. შედეგად მუსიკა საზღვრების გარეშე დაფრინავს იქ, სადაც უნდა და თან ეტყობა, როგორ კარგად ესმის ორივე მუსიკოსს ერთმანეთის: ლამაზად მელოდიური პიანინო იმდენად მარტივად ეკონტაქტება დრამის რიტმებს, თითქოს მუსიკა 100-ჯერ ნამეცადინები ყოფილიყოს.

რეკომენდებულია არა უბრალოდ ინტერესისთვის, არამედ როგორც ძალიან დახვეწილი იმპროვიზებული ჩანაწერი ამ იშვიათ და მინიმალურ ინსტრუმენტულ ფორმატში.

მოსასმენი ბმული: Pargalala – Pioneer Palace Sessions

34. Soulvent – Fadein

techno, ambient techno, experimental

სანდრო კოზმანიშვილის და ბაკურ მეტრეველის ელექტრონული დუეტის სადებიუტო ალბომი ბევრ მუსიკალურ რეფერენსს შეიცავს. აქაა ექოები ტექნოდან, სამოცდაათიანების ჰიპნოზური სფეის-მუსიკიდან, dub-იდან. მაგრამ ეს ეკლექტური პალიტრა საბოლოოდ ემსახურება ერთს: პატარ-პატარა ურბანული ფრაგმენტების და ატმოსფეროების მუსიკალურ აღწერას. ასეთი მუსიკა  ძალიან მოუხდება „მარშრუტკაში“ ფანჯარასთან ჯდომას და თბილისის მოსაღამოებული ქუჩებისთვის თვალგაშტერებულ ყურებას.

მოსასმენი ბმული: Soulvent – Fadein

35. Various Artists – Ritual In Transfigured Time vol.1 / vol.2

 

deep house

Transfigured Time ქართული ელექტრონული ლეიბლია, რომელიც ელექტრონული მუსიკის ვინილების გამოშვებაზე კონცენტრირდება. ლეიბლის პირველი ორი რელიზი ეს ორმაგი კომპილაცია იყო, სადაც უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ლეიბლის ერთერთი დამაარსებლის გაჩა ბაქრაძის (რომელიც თავისი გვარის გარდა ფსევდონიმ Akwaaba-თიცაა წარმოდგენილი), გიგი ჯიქიას (HVL) და დავით დათუნაშვილის (Jordan Blacksmith) მუსიკაა წარმოდგენილი.

მუსიკოსთა მრავალფეროვნების მიუხედავად, კრებულში შესული მუსიკა სტილის მხრივ ძალიან კარგადაა ინტეგრირებული: უმეტესად მუსიკაში ჭარბობს რბილი, საზღვისპირო რიტმული მონახაზები (მაგალითად „See” მეორე ნაწილიდან ან “Does The Moon Also Fall” – პირველიდან) და ატმოსფეროც ძირითადად მსუბუქი და ჰაეროვანია. საბოლოო ჯამში კი ეს კრებული კარგად გამოდგება ქართული ელექტრონული სცენის მცირე deep house ნიმუშის ასაღებად.

მოსასმენი ბმულები: VA – Ritual In Transfigured Time vol. 1 / vol. 2

36. David Gab – Gift Of The Gab

blues rock, pop rock, hard rock

David Gab იგივე დავით გაბიძაშვილია, რომელსაც 10-15 წლის წინ ვიცნობდით, როგორც ბათუმურ ჯგუფ „ჯთ ბათუმი“-ს ლიდერს, გიტარისტს და მომღერალს. ჯგუფის დაშლის შემდეგ ის ავსტრალიაში გადასახლდა და მუსიკალური კარიერა იქ გააგრძელა. ეს მისი პირველი სოლო-ალბომია და მოიცავს დაახლოებით ისეთივე ტიპის მუსიკას, როგორითაც მას აქ ვიცნობდით – მელოდიურ, დასამახსოვრებელ ბლუზ-როკს პოპ-როკისა და ჰარდ-როკის მინარევებით.

მოსასმენი ბმული: David Gab – Gift Of The Gab

37. Berika – Far Silence Alegory

 techno, ambient techno

ირაკლი ბერიკაშვილი (ქართველი DJ; ასევე MokuMoku-ს, Kung Fu Junkie-ს და ბევრი სხვა პროექტის წევრი) წარმოგვიდგენს კონცეპტუალურ სოლო ტექნო-ალბომს, რომელიც პორტალების გავლით პლანეტათაშორის მოგზაურობას ეხება. Chorus-ეფექტის ინტენსიური გამოყენება და ხშირად შემთხვევითობის პრინციპით დალაგებული მოკლე, უცნაური მელოდიური თემები კარგად აყალიბებს ამ, ასე ვთქვათ, კოსმიური რანდომულობის შთაბეჭდილებას.

მოსასმენი ბმული: Berika – Far Silence Alegory

38. You:We – Late Night Coffee Stories [EP}

downtempo, ambient

ეს მოკლე ჩანაწერი სავსეა კარგად არანჟირებული კინემატური ელექტრონული მუსიკით, სადაც კინოფილმებიდან ამოღებულ სემპლებს, თან ერთვის ნელი, გრილი სინთეზატორული ატმოსფერო. ამ EP-ში 4 ნაწარმოებია, საიდანაც უკანასკნელს გია ყანჩელის ცნობილი საუნდტრეკის თემა უდევს საფუძვლად.

მოსასმენი ბმული: You:We – Late Night Coffee Stories (EP)

39. Pahadron – Prophecy

dungeon synth, dark ambient

Lazarus Oldgrave-ს (goth / darkwave მუსიკოსი) და George Hellhole-ის (Babykiller, Cyber Xomen და სხვ.) მიერ სტილის ტრადიციებში არანჟირებული dungeon synth, ჰორორ-გარემოთი და მომენტებში ამბიენტ-ატმოსფეროთი. ალბომში Mortiis-ის „I Am The World”-ის ქავერია, ალბომ „The Stargate”-დან.

მოსასმენი ბმული: Pahadron – Prophecy 

Notgoodenough – This Is My PeE[P} (EP)

breakcore

ბრეიკკორი, რომელიც თავისი რიტმული სირთულის მიუხედავად, მაინც კომფორტში გამყოფებს და გამშვიდებს. ნაწარმოებებიდან ერთ-ერთი Bobby Vinton-ის სიმღერის უცნაური ქავერია.

მოსასმენი ბმული: Notgoodenough – This Is My [PeE]P (EP)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s