2016 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეოთხე)

ვაგრძელებთ მუსიკალური 2016-ის მიმოხილვას. პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში განხილული 30 ჩანაწერის შემდეგ, აი, კიდევ 10 ქართული ალბომი.

31. Sexy Bicycle – Bit Kong

indie pop

ბარსელონაში მოღვაწე ნიკა კვარაცხელია წარმოგვიდგენს კარგად დაწერილ ინდი-პოპ LP-ს. მუსიკაშ ბევრია მრავალფეროვნება, ექსპერიმენტები არანჟირებასთან და საუნდ-პალიტრა ახერხებს, ინტეგრირება გაუკეთოს ბევრ სხვადასხვა მიმართულებას The xx-ის სტილის dream pop-ის, ოთხმოციანებისთვის მახასიათებელი სინთპოპისა და ფსიქოდელიური ინდიტრონიკის ჩათვლით. ალბომზე 14 სიმღერაა, მაგრამ filler-ს ვერცერთს ვერ დაარქმევ – ყველაზე მოკლე სიმღერებიც კი ამ პოპ-ორიგამის აუცილებელი ნაწილებია. რეკომენდებულია.

მოსასმენი ბმული: Sexy Bicycle – Bit Kong

32. The Bedford Falls – Winter Chill

indie rock

თვითგამოცხადებული „შედევრების შემქმნელები“ შეიძლება თავიანთ თავს ყოველთვის სერიოზულად არ აღიქვამდნენ, მაგრამ მათ აშკარად უყვართ მუსიკის წერა – თავიანთი არსებობის რამდენიმე წელიწადში ბენდმა უკვე 40-მდე სიმღერა მოგვასმენინა. მათ პირველ სრულმეტრაჟიან რელიზ „Winter Chill”-ში ჩანს კომპოზიციის ბენდისთვის მახასიათებელი თავისუფალი სტილი, ინსტრუმენტული პასაჟების ხშირად ნაკლებად კონტროლირებადი გახანგრძლივებით და ტექსტების ზოგჯერ უბრალოდ შემავსებელ როლში გამოყენებით. შედეგად ვიღებთ ჩანაწერს, სადაც არათანაბრობისდა მიუხედავად, ჩამალულია ბევრი ლამაზი მომენტი – განსაკუთრებით ალბომის მინორული და გრილი სასათაურო სიმღერა.

მოსასმენი ბმული: The Bedford Falls – Winter Chill

33. Girshel Javakhishvili – Midnight Breakfast In Chinatown

გირშელ ჯავახიშვილი, რომელსაც ტელემაყურებელი უმეტესად იცნობს, როგორც წლების წინ „ღამის შოუს“ მუსიკალურ გამფორმებელს, ნიჭიერი პიანისტი იყო, რომელმაც სამწუხაროდ ძალიან მალე დაგვტოვა 35 წლის ასაკში სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ. მისი გარდაცვალებიდან მალევე მისმა ოჯახმა გამოსცა გირშელის სოლო საფორტეპიანო მუსიკის კრებული. ალბომში გირშელის მუსიკის ინტიმური მომენტებია თავმოყრილი, სადაც მისი იმპროვიზაციები რომანტიკულ და ლამაზ new age-განწყობას გადმოსცემს. ეს ჩანაწერი ძალიან კარგი მემორიალია მუსიკოსისა, რომელიც კიდევ უფრო ბევრ კარგ მუსიკას დატოვებდა, განგებას რომ ეცლია.

მოსასმენი ბმული: Girshel Javakhishvili – Midnight Breakfast In Chinatown

34. Nikakoi – Rise Your Head And Smell The Air (EP)

ambient techno, ambient, IDM, minimalism

სტუდიურად შედარებით ნაკლებად აქტიური პერიოდის შემდეგ, ნიკა მაჩაიძე დაბრუნდა ახალი, ვინილზე გამოცემული EP-თ, სახელად “Raise Up And Smell The Air”. ჩანაწერი გამოცემულია ელექტრონული მუსიკის ქართულ ლეიბლ Transfigured Time-ზე. ის შეიცავს მინიმალიზმის ოდნავი გავლენის მქონე კომფორტული ამბიენტ მუსიკის ნახევარ საათს. იმედია, ეს ვინილი მაჩაიძის კიდევ უფრო მეტი აქტიურობის მომასწავებელია.

მოსასმენი ბმული: Raise Your Head And Smell The Air (EP)

35. Fall Gruc – Holy Creatures Of St. Patrick’s Town

garage rock

Fall Gruc 2014 წელს შეიქმნა. მათი სადებიუტო ალბომი სავსეა ელექტრონული ელემენტებით გაძლიერებული დრაივიანი გარაჟ-როკით, რომელიც ზოგჯერ ალტერნატიული როკის და პოპ-პანკ ტერიტორიებზეც გადაუხვევს ხოლმე. ისინი მღერიან ლესბოსელ მოჩვენებებზე, ბავშვების მჭამელებზე, ზომბიებზე და მაინც ახერხებენ რომ გაგართონ – ეს კი გამომგონებლობის ნიშანია.

მოსასმენი ბმული: Fall Gruc – Holy Creatures Of St. Patrick’s Town

36. Neuromnesia – Your Dreams Left Out From This Place (EP)

depressive black metal (DSBM)

Psychonaut 4-ის წარმატებამ ასეთუისე მოახერხა საქართველოში DSBM-ის (depressive suicidal black metal)-ის პოპულარიზაცია და შედეგად ამ ბოლო წლებში ამ სტილის მიმდევარი რამდენიმე ქართული ბენდი შეიქმნა. ერთ-ერთი მათგანია Neuromnesia, რომელმაც 2016 წელს თავისი სადებიუტო EP გამოსცა. თავიანთ უფრო ცნობილ თანამემამულეებთან შედარებით, მათ უფრო პირდაპირი, აგრესიული სტილი აქვთ, ვოკალური მიდგომა კი ისევე მრავალფეროვანი. საბოლოო ჯამში, ეს 3-სიმღერიანი სადებიუტო ჩანაწერი ადეკვატურად გადმოსცემს ამ სტილის არსს და სათქმელს.

მოსასმენი ბმული: Neuromnesia – Your Dreams Left Out Of This Place (EP)

37. Healer Twins – Healer Twins

indie pop

დები ლიანა და თეა შენგელაიები წარმოგვიდგენენ ქალაქ დუბაიში ჩაწერილ პოპ-ალბომს, სადაც 8 ლამაზად არანჟირებული პოპ-სიმღერა კარგადააა შესრულებული და მარტივი ტექსტების მიუხედავად ჭკვიანური არანჟირების წყალობით ლამაზ ატმოსფეროს ქმნის. ალბომის ბოლო სიმღერა ჯგუფ „ეგარი“-სთან ერთად ჩაწერილი „გელინო“-ს ინგლისურენოვანი ვერსიაა. არჩევა რომ მთხოვონ, ალბომის საუკეთესოებად ავირჩევდი “Wherever You Go“-ს მისამღერის და Snake In The Desert”-ს თავისი საინტერესო აღმოსავლური შთაბეჭდილების გამო. “Birdman” მსმენელს თავისი მსუბუქი პოპ-მელანქოლიით ოდნავ Lana Del Rey-საც მოაგონებს.

მოსასმენი ბმული: Healer Twins – Healer Twins

38. Salio – Lost World (EP)

indie pop, neo-soul, pop rock

სალომე კორკოტაშვილის სადებიუტო EP შედგება 5 სასიამოვნო პოპ-როკ სიმღერისგან. ტექსტები შიგადაშიგ სოციალურად დატვირთულია, მუსიკა კი სავსე დასამახსოვრებელი hook-ებით. ჟღერადობა ცოტ-ცოტა ყველაფერს მოიცავს: სინთპოპ-რიტმიკას, თბილ ელექტრონულ ატმოსფეროს, ზოგჯერ კი მოალტერნატივო დრაივს და r’n’b-ს.

მოსასმენი ბმული: Salio – Lost World (EP)

39. Dielo – Dielo 55

cover.jpg

jazz pop

დიელო ისტორიაა. 1962 წლიდან მოყოლებული (ანუ იქამდე, სანამ The Beatles გამოუშვებდა თავის პირველ ჩანაწერებს) 80-იანების შუაში სტუდიური საქმიანობის შეწყვეტამდე, ამ ჯაზ-ბენდის ნაყოფიერი დისკოგრაფია მოიცავს 8 სტუდიურ ალბომსა და ძალიან ბევრ სინგლს. იმ პერიოდის შემდეგ, „დიელო“ ხანდახან იკრიბება ხოლმე საკონცერტოდ. 2016-ში კი, ბოლოსდაბოლოს, ანსამბლმა გადაწყვიტა თავისი 55 (!) წლისთავი აღენიშნა ახალი, ორდისკიანი ალბომით.

რა უნდა ითქვას: მუსიკა უპრეტენზიო, მაგრამ გემოვნებით დაკრულია. პირველი დისკი შეიცავს კომპოზიციებს, რომლებსაც „დიელო“ წლიდან წლამდე კონცერტებზე მღეროდა, მაგრამ სტუდიაში ჩაწერილი არ ჰქონია და მეორე დისკზე მოთავსებულია უცხოური სიმღერების ქავერები; ბენდის 4-ხმიანი ვოკალური ჰარმონია ისევ ისე ჟღერს როგორც სამოცდაათიანებში და აუცილებლად გააღვიძებს თბილ, ნოსტალგიურ განწყობას.

ერთ სიმღერას ამ ალბომიდან შეგიძლიათ მოუსმინოთ YouTube-ზე. ეს ორდისკიანი ალბომი კი არცთუისე ძვირად იშოვება მშრალ ხიდზე.

მოსასმენი ბმული: Dielo – Sizmari

40. The Georgian Six – დრო

thegeorgiansix.jpg

a capella, vocal jazz

ჩვენთან ვოკალური ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო. პირველი ჯაზ-ანსამბლები სწორედ ვოკალურები იყვნენ („გპი-ს კვარტეტი“); შემდეგ სამოცდაათიანებში და ოთხმოციანებში ალექსანდრე კილაძის მასობრივი ვოკალური ჯაზ-ანსამბლები იყო პოპულარული (ჯაზ ნონეტი, ჯაზ-ქორალი). ოთხმოცდაათიანების ბოლოს კი წამოვიდა აკაპელა ჯაზის ტრენდი, სადაც ალბათ ყველაზე ცნობილი ანსამბლი „საქართველოს ჯაზ-სექსტეტი“ იყო, რომელმაც თავის დროზე მოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო კასეტა ჩაწერა.

დღესაცაა საქართველოში რამდენიმე აკაპელა ჯაზ-ბენდი. მაგალითად, კვარტეტი Four Faces ან სექსტეტები The Quintessence და The Georgian Six. ამ უკანასკნელმა 2016 წელს საკონცერტო ალბომი „დრო“ ჩაწერა, სადაც ძირითადად ქართული პოპ-სიმღერების აკაპელა ჯაზ-ვერსიებია შესული. ინტერნეტში მათი რამდენიმე სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ.

მოსასმენი ბმული: YouTube, SoundCloud

Advertisements

2016 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მესამე)

პირველ და მეორე ნაწილებში მიმოვიხილეთ 10-10 ჩანაწერი. მესამე ნაწილში კი კიდევ ათ ალბომს წარმოგიდგენთ, დაწყებულს მსოფლიოში კარგად ცნობილი ქართველი მუსიკოსების ნამუშევრებიდან და დამთავრებულს მუსიკით, რომლის შესახებაც ინფორმაციის პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია.

21. Katie Melua & Gori Women’s Choir – In Winter

singer / songwriter, folk, Christmas music

ექვსი სუპერწარმატებული ალბომის შემდეგ (წამით შეჩერდით და გაიაზრეთ: რთ დროს ქეთი დიდი ბრიტანეთის კომერციულად ყველაზე წარმატებული ქალი მომღერალი იყო), მისი და Mike Batt-ის ლეიბლ Dramatico-ს გზები გაიყო. მელუამ ახალ ალბომში გადაწყვიტა დაბრუნებოდა ფესვებს და ალბომი ჩაწერა ქალაქ გორში, გორის ქალთა გუნდთან ერთად.

ასეთი საინტერესო და ხალასი ალბომი ქეთის კარგახანია არ ჩაუწერია. ამ თითქოს უპრეტენზიო საშობაო ალბომს იდეალურად შერჩეული რეპერტუარისა და ქალთა საოცარი გუნდის ჩართვის წყალობით რაღაც განსაკუთრებული აურა აქვს, რომელიც ამ ჩანაწერს სხვა მილიონი ასეთივე თემატური დისკისგან გამოარჩევს. არის რამდენიმე ფოლკლორული (მათ შორის ქართული) სიმღერა, რამდენიმე ძალიან ლამაზი ორიგინალი და Joni Mitchell-ის კლასიკად ქცეული „The River”, რომელსაც ამ ეთერულ-ტალღოვანი შესრულებით საერთოდ ახალი ემოციური ჰორიზონტი ეხსნება.

ესაა მუსიკალურად იდეალურად დაბალანსებული ალბომი, რომელიც იმწამსვე იქცა ჩემს ერთ-ერთ საყვარელ „საზამთრო“ დისკად. ამ ალბომით მელუა და გორის ქალთა გუნდი ევროპაში დიდი ხანი გასტროლირებდნენ, რამაც ამ გორული ანსამბლის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი და ალბათ მნიშვნელოვანი მიზეზი იყო მათი ორი საოცარი ალბომის (“Archaica” და “Voices From The Caucasus”)  რე-რელიზისთვის, რომელიც ამ ბოლო წლებში უკვე რამდენჯერმე გამოიცა თავიდან.

მოსასმენი ბმული: Katie Melua & Gori Women’s Choir – In Winter

22. Fuat Saka & The Shin – Lazutlar 2016

Karadeniz folk music, Georgian folk music

კიდევ ერთი უცნაური მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ინფორმაცია ხშირად ძალიან ნელა ვრცელდება და მილიონ ბარიერს აწყდება. კაპადოკიაში, ერთ პატარა, მაგრამ კარგად მოწყობილ მუსიკალურ მაღაზიაში ლაზური მუსიკა ვიკითხე. გამყიდველმა, მოიცა, სადღაც გადანახული უნდა მქონდესო და ყუთიდან ამოიღო ორი დისკი. ჩემდა გასაოცრად ერთ-ერთი იყო Fuat Saka-სა და The Shin-ის ერთობლივი ალბომი, რომელიც თურმე, უკვე წელიწადზე მეტია, რაც გამოსულია და ქართულ არც მედია, არც ინტერნეტ მედია-საშუალებებს სიტყვაც კი არ დასცდენიათ.

მშვენიერი ალბომი გამოდგა. Fuat Saka, თავის Lazutlar-ის სერიის კიდევ ერთ ალბომში აგრძელებს ე.წ. შავიზღვისპირეთის ფოლკლორის კვლევას. შავიზღვისპირეთის ფოლკლორი (Karadeniz folk music) არის მუსიკა, სადაც ორგანულადაა შერწყმული ლაზური, ქართული, პონტიელი ბერძნებისა და თურქული ფოლკლორის გავლენები. „შინ“-ის მუსიკოსებს კი აქ არამხოლოდ ქართული ელემენტები შემოაქვთ უფრო მეტად, არამედ მთლიან ალბომს ანიჭებენ ევროპულ ინსტრუმენტულ ხერხემალს, რაც ქამანჩებთან და გუდასტვირებთან ერთად ძალიან სივრცით სავსე ატმოსფეროს და მისტიკურ შთაბეჭდილებას ჰქმნის.

ალბომი შესრულებულია ლაზურ, ქართულ, ბერძნულ და თურქულ ენებზე და რეკომენდებულია შავი ზღვის ფოლკლორის მულტიკულტურული ფენომენით დაინტერესებული ყველა მსმენელითვის.

მოსასმენი ბმული: Fuat Saka & The Shin – Lazutlar 2016

23. Sinoptik Music – Voices In My Head (EP)

ambient, ambient house, dub techno

ამ ფსევდონიმის ქვეშ ზურაბ ჩხარტიშვილი იმალება და მისი ეს EP გამოსულია აღდგენილ Apollo Records-ზე, რომელიც ოთხმოცდაათიანებში ამბიენტ-ტექნოს ერთ-ერთი ცენტრალური ლეიბლი იყო. ეს 3-ნაწარმოებიანი ჩანაწერი წარმოგვიდგენს ულტრა-კოსმიურ მუსიკას განმეორებადი, ნელა განვითარებადი გრუვებით, რომელიც დიდი რაოდენობით ექო და დილეი-ეფექტებითაა გაძლიერებული. ბევრი თითქოს უხილავი გავლენის (ჯაზის რიტმიკა, დრამენბასი, გარაჟი, ამბიენტ ჰაუსი) ჭკვიანური შერწყმა კარგად ემსახურება გრილ, სივრცულ ატმოსფეროს და შედეგად ვიღებთ წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქართულ ჩანაწერს, რომლის სისადავის მიუხედავად, სტილის მხრივ კლასიფიცირება არცთუისე მარტივია.

მოსასმენი ბმული: Sinoptik Music – Voices In My Head (EP)

24. Mirror Illusion – My Cover

grunge

ქართული all-girl გრანჟ-ბენდები საინტერესო ფენომენია. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ჩვენ მინიმუმ სამი ასეთი ჯგუფი ვნახეთ: Embryon, Mirror Illusion და შემდეგ – Vanilla Cage. და ეს ყველა ამ ტრიოს გრანჟი იყო ისეთი, როგორიც უნდა იყოს – უკომპრომისო, უხეში, მაგრამ ამასთან ერთად, კარგად დაკრული. Mirror Illusion უკვე 7 წელიწადზე მეტია, რაც არსებობს, ასე რომ მათი სადებიუტო ნამუშევარი საკმაოდ დაგვიანებულია, მაგრამ ამ ალბომზე მუსიკაში არის ყველაფერი ის, რის გამოც ეს ჯგუფი უყვართ: დრაივიანი “Dirty Rain” და „Rise”, Nirvana-თი შთაგონებული „My Cover” და „Deep In High”. Lo-fi პროდუქცია და „ჭუჭყიანი“ დაკვრა სპობს მუსიკის სტერილურობის ყველანაირ რისკს და საჭირო ხასიათისას, მთელი ალბომი ძალიან „ჯიგრიანად“ ისმინება. გრანჟის მოყვარულებს გირჩევთ, ეს ალბომი არ გამოტოვოთ.

მოსასმენი ბმული: Mirror Illusion – My Cover

25. Natalie Beridze – Guliagava

IDM, ambient pop

ფორტეპიანოზე დაფუძნებული „Between The Naps“-იდან 1 წლის შემდეგ, ტუსია ბერიძის “Guliagava” მისი ექსპერიმენტული ჟღერადობის უფრო ტრადიციულ საკომპოზიციო პოტენციალს იკვლევს. ამის შედეგია მეტწილად ძალიან შთამბეჭდავი, IDM-სა და ამბიენტ პოპის ტერიტორიაზე მდებარე მუსიკა. ეს ალბომი წინგადადგმული ნაბიჯია 2011 წლის ალბომ „Forgetfulness”-ის შემდეგ, სადაც ასეთი სადაც ამ პოპ-მიდგომის ჩანასახი პირველად გამოჩნდა მის მუსიკაში. როგორც სჩანს, ეს მუსიკალური სივრცეები ბერიძისთვის ძალიან ნაყოფიერია და ალბათ ეს ალბომი იმის სიგნალია, რომ ეს მუსიკოსი ამ მიმართულებით კვლევას მომავალში კიდევ აპირებს.

მოსასმენი ბმული: Natalie Beridze – Guliagava

26. Psychonaut 4 – Neurasthenia

depressive black metal

წინა ალბომ Dipsomania-ს შემდეგ, ეს მეტალბენდი გვთავაზობს კიდევ უფრო შთამბეჭდავ ნამუშევარს, კიდევ უფრო დახვეწილი და რთულად სტრუქტურირებული მუსიკით. წინა ალბომის მსგავსად აქაც იგრძნობა ბევრი გავლენა. არის რამდენიმე მომენტიc, რომელიც Anathema-ს “The Silent Enigma”-ს პერიოდის დუმ მეტალს მოგვაგონებს. Psychonaut 4 ერთ-ერთი ის იშვიათი ქართული ბენდია, რომელიც დასავლეთში რეგულარულად გასტროლირებს და კიდევ რამდენიმე ასეთი კარგი ალბომის ჩაწერის შემთხვევაში, მათ აქვთ დიდი შანსი შეუერთდნენ თანამედროვე ექსტრემალური მეტალის ტოპ-ლიგას.

მოსასმენი ბმული: Psychonaut 4 – Neurasthenia

27. Project Omega – Regno Della Morta Gente (EP)

black metal

Adramalech-ის წევრმა Omega-მ თავისი ახალი სოლო-წამოწყების, Project Omega-ს ფარგლებში უკვე 2 EP-ს გამოცემა მოასწრო. 2016 წლის ბოლოს გამოცემული მისი სადებიუტო ნამუშევარი, რომლის სახელიც იტალიურად „მკვდარი ხალხის სამეფო“-ს ნიშნავს, წარმოგვიდგენს 4 უხეშ, დეპრესიულ ბლექ-მეტალ სიმღერას. ამ ემოციურ პირდაპირობასთან კონტრასტშია მუსიკის ატმოსფერულობა და მოულოდნელი გადასვლები, რაც ამ მოკლე, 12-წუთიან ჩანაწერს იმხელა ეპიკურობას სძენს, რომ მსმენელს შთაბეჭდილება ალბათ კიდევ დიდი ხანი გაჰყვება.

მოსასმენი ბმული: Project Omega – Regno Della Morta Gente (EP)

28. Omophor – War Prayer

melodic death metal, folk metal

ეს ახალგაზრდა და პერსპექტიული ბენდი წარმოგვიდგენს ფოლკ და ფაუერ-ელემენტებით დატვირთულ, ძალიან დახვეწილ მელოდიურ death metal-ს, რომელიც მთელი ალბომის განმავლობაში არ ჰკარგავს თავის ძლიერ მუხტს. ორი გიტარა ხშირად ორმაგ რიფებს უკრავს და სოლოების დუელში ერთვება; მელოდიური მოტივები კი ძალიან ნათელი და შთამბეჭდავია. აქა-იქ ქართულ ფოლკლორულ მომენტებსაც ვხვდებით (“Khevsuruli” და “Heroes Feast”) რაც მუსიკას ენერგიულობის გარდა საჭირო მრავალფეროვნებსაც ანიჭებს.

მოსასმენი ბმული: Omophor – War Prayer

29. ყორღანი – კავკასიონი

symphonic black metal, dungeon synth

ესაა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ქართული ნამუშევარი, რაც კი ოდესმე მინახავს. ესაა, ფაქტობრივად, ალბომი არსაიდან. ამბობენ, რომ „კავკასიონი“ 2006 წელს ჩაიწერა, მაგრამ მე არ ვიცნობ არავის, ეს ალბომი მოესმინოს. 2016 წლის ინტერნეტ-რე-რელიზი იუწყება, რომ „ყორღანი“ ქართული ორმუსიკოსიანი ბენდია, მაგრამ ამის გადამოწმებაც ვერსად ხერხდება. საბოლოოდ, ეს კიდევ უფრო უმატებს პირქუშ მისტიკას ალბომს, რომელიც ისედაც უმეტესად უტყვია და სადაც ძალიან ხანგრძლივი ინსტრუმენტული ნაწილები ბლექ-მეტალისთვის არატრადიციულად, უკან გაწეული გიტარებით და კლავიშების დომინანტობითაა არანჟირებული. ერთი სიტყვით, მთელი ალბომი ცივი, სუსხიანი, ბოროტი, მაგრამ შთამბეჭდავი ეპიკაა.

მოსასმენი ბმული: ყორღანი – კავკასიონი

30. Rezo Glonti – Budapest

progressive electronic, ambient, drone

ბუდაპეშტი“ რეზო ღლონტის მუსიკალურ იდიომაში პატარა, მაგრამ საინტერესო გადახვევაა. აქამდე მისი მუსიკა უმეტესად ზღვასთან დაკავშირებულ მშვიდ ამბიენტს მოიცავდა. ამ ახალ ალბომში, მის საზღვაო სამყაროს მოკრძალებულად, მაგრამ მაინც საკმაოდ შესამჩნევად, ქალაქური ელემენტი ეპარება. რამდენიმე ნაწარმოების სახელწოდება თბილისზე (Typ & Lis) ან თბილისის ქუჩებზე („Budapest” – იგულისხმება ბუდაპეშტის ქუჩა) მიანიშნებს; გამოყენებულია ვოკალური სემპლები („Sul Dges”), მაგრამ ამ გაფართოებული იდიომის ყველაზე მკაფიო მანიშნებელი არის ალბომის გამხსნელი Pulse Added Two: აქ საეკლესიო ზარის რეკვაზე დაფუძნებულ წვიმიან, ცივ ამბიენტში ვითარდება ტექნო-ბიტის ფონი და ზემოდან ბერლინური სკოლისთვის მახასიათებელი სეკვენსები. ეს ალბათ ალბომის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტია „Shuttle”-სთან ერთად, რომელიც ლამაზად აწყობილი drone ნაწარმოებია.

ამ ცვლილებების მიუხედავად, მუსიკას მარტივად ეტყობა ღლონტის ხელწერა და „ბუდაპეშტი“ სოლიდური ნაბიჯია წინა წელს Aux Field-ის ფსევდონიმით გამოსული შედევრის შემდეგ.

მოსასმენი ბმული: Rezo Glonti – Budapest

2016 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეორე)

გთავაზობთ 2016 წლის მუსიკალური მიმოხილვის მეორე ნაწილს. ისევე როგორც პირველ ნაწილში, აქაც წარმოდგენილი იქნება კიდევ 10 ალბომი.

11. Aşıq Nargile – Yurt Yeri

asiq-nargile-front-cover-_page_image.jpg

Azerbaijani traditional music

ძალიან ცუდად ვიცნობთ ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ უმცირესობებს, მითუმეტეს მათ კულტურას. ამასწინათ თავი სულელად ვიგრძენი, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ინტერნეტ-ჟურნალიდან (The Quietus) პირველად გავიგე მუსიკოსის შესახებ, რომელიც თურმე ჩვენს ცხვირწინ, თბილისში ცხოვრობს.

ლაპარაკია ნარგილე მეჰტიევაზე, იგივე აშუღ ნარგილეზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შორის ერთადერთი ქალი-აშუღია. აშუღობა ძველი აზერბაიჯანული (და სხვა თურქული ერების) ფოლკლორული ტრადიციაა, რომლის ფესვები მინიმუმ VII-VIII საუკუნეებიდან მოდის და მოიცავს საზზე (8-10-სიმიანი ინსტრუმენტი ლუთნის ოჯახიდან) დაკვრასა და ძირითადად ეპიკური ხასიათის თქმულებათა ჩამომღერებას.

აშუღ ნარგილე Sayat Nova Project-ის (უმნიშვნელოვანესი ეთნომუსიკოლოგიური პროექტი, რომელიც კავკასიელ ერთა მუსიკის ბუნებრივ გარემოში ჩაწერის გარდა ასევე იწერს ფოლკლორულ სიტუაციებსაც, რომელიც ძალიან გამოსადეგია იმაზე საფიქრად, თუ როგორ იქმნება და რა როლი აქვს მუსიკას ჩვენს რეგიონში) დამაარსებლებმა, Ben Wheeler-მა, Stefan Williamson Fa-მ და Anne Arbaugh-მა აღმოაჩინეს და იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩნენ, რომ კრებულ „Mountains Of Tongues”-ისთვის მაშინვე ჩაწერეს და რამდენიმე გაკვეთილზეც კი იარეს საზზე დაკვრის სასწავლად. შემდეგ იყო დაინტერესება ინგლისიდან და 2014 წლიდან მას უკვე ბევრჯერ დაუკრავს ბრიტანეთში, მათ შორის 2016 წლის WOMAD-ის ფოლკლორულ ფესტივალზე.

მისი პირველი გამოსვლა ინგლისში 2014 წელს, ლონდონში Сafe Oto-ში შედგა. ამ გამოსვლის ცოცხალი ჩანაწერი კი შემდეგ წელს ვინილზე, 500 ეგზემპლარად გამოვიდა და Yurt Yeri დაერქვა. აქ ვეზიარებით გულწრფელ, შეულამაზებელ ფოლკლორულ მოვლენას – ფენომენს, რომლის გადმოცემასაც ერთი ადამიანი და ერთი ინსტრუმენტიც ჰყოფნის. აშუღ ნარგილეს საშემსრულებლო ტემპერამენტი კი ძალიან მარტივად ანგრევს ენობრივ და დროის ბარიერებს და ამ ათასწლოვან მუსიკას ისე გახვევს გარშემო, რომ თავს გაგრძნობინებს, თითქოს ყველაფერი სიტყვასიტყვით გესმის.

გადმოსაწერი ბმული: Aşıq Nargile – Yurt Yeri

12. MokuMoku – Black Heaven

hip hop, trip hop

MokuMoku-ს მეორე ალბომი მათი წინა საკასეტო რელიზის საძირკველზე აშენებს იდეებს, მაგრამ უფრო უფრო მჭიდრო საალბომო ფორმატი მათ მუსიკას გაცილებით მეტად გამოადგა. აქ აღარ გვხვდება filler-ები და კომპოზიციურად ალბომი გაცილებით უფრო ფოკუსირებულია. ეკლექტური სემპლიგიც კი („დიელო“-ს „მუხამბაზი“-სთვისაც კი მოინახა ადგილი) მუსიკის ორგანულ ატმოსფეროს ემსახურება. აქაა ჰიპ-ჰოპი, ტრიპ-ჰოპი, მცირე დოზით ამბიენტ-დაბიც, მაგრამ ამ გავლენების დამუშავება შედეგად იძლევა იმ მუსიკალურ სახეს, რისი წყალობითაც MokuMoku ვერავისში აგერევა.

მოსასმენი ბმული: MokuMoku – Black Heaven

13. Trebunie Tutki & Quintet Urmuli – The Spirit Of The Mountains

Georgian traditional music, Polish traditional music

ეს ალბათ 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით. პოლონურმა და ქართულმა ფოლკლორულმა ბენდებმა გადაწყვიტეს თავიანთ სამშობლოთა ფოლკლორები გვერდიგვერდ დაეყენებინათ და მსმენელს აქვს საშუალება, ქართული და პოლონური ფოლკლორების ერთი-მეორის გადმოსახედიდან აღიქვას. ალბომზე განთავსებული ყველა სიმღერა ორენოვანია და უმეტესად ერთი ქართული და ერთი პოლონური სიმღერის პოპურის წარმოადგენს. ამ ჩანაწერში კარგად სჩანს, თუ როგორ შეუძლია ორ განსხვავებულ კულტურას ერთმანეთზე გავლენის მოხდენა ერთი სიმღერის განმავლობაშიც კი. ასევე ეს ალბომი იმაზეც გვცემს პასუხს, შეუძლია თუ არა ქართულ ფოლკლორს, ევროპული მახასიათებლებით უმტკივნეულოდ დაიტვირთოს. მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ ორი ერის ძმობის მონუმენტს, რომლებიც ცხოვრობენ და სუნთქავენ მუსიკით.

მოსასმენი ბმული: Trebunie-Tutki & Quintet Urmuli – The Spirit Of The Mountains

14. Hanker – 001

ambient, drone

გიორგი კოზმანიშვილის (Soulvent, Kozmana, 3 სული) ახალი სოლო-პროექტი Hanker თავის პირველ რელიზზე წარმოგვიდგენს საკმაოდ გამოკვეთილი ხელწერის მქონე ამბიენტ / drone მუსიკას, რომელსაც თან ახლავს შეფარული ინდუსტრიული სინკოპაციები და ტექნო მოტივები, მაგრამ ჟღერადობით მაინც არაა მძიმე. აბსტრაქტული, მომნუსხველი, მაგრამ არადამთრგუნველი მოსასმენია, რაც არაა ხშირი ასეთი ტიპის მუსიკაში. ალბომი ლეიბლ Hanker-ის პირველი რელიზია.

მოსასმენი ბმული: Hanker – 001

15. Project Omega – Regno Della Morta Gente (EP)

black metal

Adramalech-ის წევრმა Omega-მ თავისი ახალი სოლო-წამოწყების, Project Omega-ს ფარგლებში უკვე 2 EP-ს გამოცემა მოასწრო. 2016 წლის ბოლოს გამოცემული მისი სადებიუტო ნამუშევარი, რომლის სახელიც იტალიურად „მკვდარი ხალხის სამეფო“-ს ნიშნავს, წარმოგვიდგენს 4 უხეშ, დეპრესიულ ბლექ-მეტალ სიმღერას. ამ ემოციურ პირდაპირობასთან კონტრასტშია მუსიკის ატმოსფერულობა და მოულოდნელი გადასვლები, რაც ამ მოკლე, 12-წუთიან ჩანაწერს იმხელა ეპიკურობას სძენს, რომ მსმენელს შთაბეჭდილება ალბათ კიდევ დიდი ხანი გაჰყვება.

მოსასმენი ბმული: Project Omega – Regno Della Morta Gente

16. დავით დათუნაშვილი / ირაკლი აბრამიშვილი – არჩევანი / არადანი

industrial, dark ambient, noise, drone

55-წამიანი უცნაური lo-fi ინდი-სიმღერის გამოკლებით, ამ ექსპერიმენტული დუეტის მეორე ალბომი ფოკუსირებულია ზეფსიქოდელიურ ინდუსტრიულ / drone მუსიკაზე. აქ უმეტესად შეხვდებიტ ხმაურის მასიურ, ატონალურ სიმფონიებს, რომლებიც ქმნის ჩრდილოვან და დამთრგუნველ ჰორორ-ატმოსფეროს (დაახლოებით ისე, როგორც ამას Peter Frohmader-ი აკეთებს თავის პროექტ Nekropolis-ში), მაგრამ ჭკვიანურად განლაგებული შედარებით მსუბუქი მომენტები მსმენელს აძლევს საშუალებას, სული მოითქვას ახალი დამანგრეველი ტალღის წინ. ალბომის მეორე ნახევარი განსაკუთრებით შთამბეჭდავია, სადაც film noire ატმოსფერო მწვერვალს აღწევს. აქ მუსიკა უჩუმრად იმდენად დიდი ემოციით გავსებს, რომ გინდება, ისმინო გაცილებით მეტი. საბოლოო ჯამში ესაა მოკლე, მაგრამ შესანიშნავი ალბომი.

მოსასმენი ბმული: David Datunashvili / Irakli Abramishvili – Archevani / Aradani

17. 3NEMY- გავარტყი 3NEMY-ს! / მკვლელობის ადგილი / მკვლელობის ადგილი 2 (თვითმკვლელობის ადგილი) / კვირა

enemy1.jpg

enemy2.jpg

enemy3.jpg

15826294_1212277085508034_6933008344276324688_n.png

hip hop

როგორ გინდა ამ კაცზე რამე სერიოზულად დაწერო – სიყალბე იქნება. მიდით, სცადეთ მოისმინოთ მისი ამ წელს გამოცემული 4 მიქსტეიპიდან ერთ-ერთი და სცადეთ, 2-3 სიმღერის შემდეგ სიცილისგან მუცელი არ გეტკინოთ. ბევრი ამბობს მასზე, ემინემს ბაძავსო. ამბობენ კიდევ, ეს რა რეპია, ჩხირკედელაობსო, სოლიდური არააო. Come on, გაიზ, ჩილლ – It’s all fuckin’ hilarious 😀

ანტიდეპრესანტია დიდი დოზით, რომელსაც იდეები, რითმები და ხალისი არ ელევა.

მოსასმენი ბმულები: 3NEMY – გავარტყი 3NEMY-ს / მკვლელობის ადგილი / მკვლელობის ადგილი 2 (თვითმკვლელობის ადგილი) / კვირა

18. Lazarus Grave – Secret Of This Everything

lazarus.jpg

gothic rock, minimal synth

Pahadron-ის წევრის სოლო პროექტი, სადაც წარმოდგენილია უცნაური, მინიმალური გოთური როკი minimal synth-ის გავლენით და რამდენიმე ადგილას რეჩიტატივით. ინგლისურენოვანი ვოკალის აქცენტს ოდნავ მიჩვევა უნდა, მაგრამ ეს ჰიპნოზური განმეორებადობა ჰქმნის საჭირო განწყობას.

მოსასმენი ბმული: Lazarus Grave – Secret Of This Everything

19. Anana Kaye – Sentient (EP)

anana.jpg

pop rock, blues rock, country rock

ანა კაცაძის და ირაკლი გაფრინდაშვილის დუეტი წარმოგვიდგენს ლამაზი მუსიკით სავსე 5 სიმღერიან EP-ს, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ჟღერადობრივ პალიტრას ქანთრის და ბლუზის გავლენებით დატვირთული ალტერნატიული როკიდან რევერბ-ეფექტით გაჟღენთილ პოსტ-როკამდე. „Marie” სუნთქვის შეკვრამდე საოცარი სიმღერაა, რომელიც მსმენელს სენტიმენტების ნელ ზვავში ჩაძირავს.

მოსასმენი ბმული: Anana Kaye – Sentient (EP)

20. Everything Is Legal – Udabno

psytech, psybient

ტრანს მუსიკის პროდუსერ 2kija-ს კიდევ ერთი პროექტი, Everything Is Legal თავის სადებიუტო ალბომზე ტრანსის მულტიპროფილურ ინტეგრირებებს იკვლევს. აქაა შერწყმები ტექნოსთან, ამბიენტ ნიუანსები, რამდენიმე big beat მომენტიც კი. ეს ეკლექტიკა და რიტმებზე აქცენტის სასარგებლოდ უკანა პლანზე გადაწეული მელოდიურობა საბოლოოდ ჰქმნის საინტერესო ექსპერიმენტულ მოსასმენს, რომელიც მოგეწონებათ თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხართ ასეთი მრავალფეროვნების განწყობაზე.

მოსასმენი ბმული: Everything Is Legal – Udabno

2016 ქართულ მუსიკაში (ნაწილი პირველი)

წინა წლები ქართულ მუსიკაში – 2015: 1 / 2 / 3 / 4 2014: 1 / 2 / 3 2013: 1 / 2 / 3 / 4 

წინა წლებთან შედარებით 2016-მა ქართული მუსიკით გაგვანებივრა. ამიტომაც ამ წლის შეჯამებისას მიმოვიხილავთ 50 ჩანაწერს 5 ნაწილად.

1. The Light Year – Steps To Life

progressive rock, eclectic prog

სინათლის წელიწადი“-ს ყოველი ახალი სტუდიური ნამუშევარი ნამდვილი დღესასწაულია მათ ერთგულ გულშემატკივართა ბაზისთვის. მათი ისტორია უკვე 12 წელზე მეტს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში ეს ჯგუფი, უამრავი გამოწვევის და პრობლემის მიუხედავად, დღეს რჩება ქართული პროგ-როკის მთავარ ფლაგმანად და მათი მსმენელთა რიცხვი კონცერტიდან კონცერტამდე იზრდება.

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, „Steps To Life” ბენდის პირველი სტუდიური ნამუშევარია. წინა ორი ალბომი, „გზა ცისკენ“ და „თაობა XXI – როკ-კანტატა“, მიუხედავად თავისი დიდი მნიშვნელობისა, საკონცერტო ალბომებია. ასე რომ, ამ დისკის ჩაწერისას მუსიკოსებისგან საკმაოდ დიდი მოლოდინი იყო. ჩაწერები წლების განმავლობაში გრძელდებოდა – ალბომის მუსიკა ჯერ კიდევ 2012 წელს შესრულდა პირველად კონცერტზე; მაგრამ ბოლოსდაბოლოს, ეს ალბომი ყველა გაცემულ ავანსს ამართლებს.

აქ ბენდი ინგლისურად მღერის და მათ მიიღეს ჭკვიანური გადაწყვეტილება, არ გადაეტვირთათ სიმღერები ტექსტებით, მაგრამ ლირიკა საკმარისია, რომ ალბომის კონცეფციურ ნარატივს ბოლომდე მიჰყვე. ამრიგად, წინ მუსიკის ინსტრუმენტული ასპექტია წამოწეული და ალბომიც სწორედ ამ მხრივ ბრწყინავს – ყველაფერი დამუხტულია ბოლომდე, კლავიშები და გიტარა დაქრის და ერთმანეთთან რთული ჰარმონიებით იხლართება და როდესაც ამ ყველაფერს ვიოლინო და ორკესტრული ნაწილები ემატება, თავს ხმოვანი ბომბარდირების ქვეშ გრძნობ.

ამ უშრეტი ენერგიის გარდა, ალბომი ძალიან მრავალფეროვანიცაა. სტილის მხრივ, ის ვარირებს 24-კარატიან სიმფონიურ პროგ-როკს და პროგ-მეტალს შორის; ავანგარდული პროგრესივის ელემენტებიც შეინიშნება და ეს დატვირთული ატმოსფერო კარგად მსუბუქდება რომანტიკული ბალადურობით, რომლის შესანიშნავ მაგალითად – Damskerland გამოდგება.

ძალიან ძნელია უფრო მძიმე მასალიდან რამის გამორჩევა, მაგრამ პირად რჩეულებად My Lord-ს,  Tornado-ს პირველ და მეორე ნაწილებს და Dark Times-ს ავირჩევდი. თუმცა ამ ალბომს აქვს ადამიანური ხარვეზებიც, ეს საოცარი ინტენსიურობა და გამომგონებლობა საშუალებას მაძლევს ვთქვა, რომ „სინათლის წელიწადის“ პირველი სტუდიური ალბომი ისევე აუცილებლად მოსასმენია, როგორც დანარჩენი 2 საკონცერტო დისკი.

მოსასმენი ბმული: The Light Year – Steps To Life

2. Lady Heroine – When We Were Drunk

post-grunge, alternative rock

პირველი, არც თუ დამაჯერებელი ნამუშევრის შემდეგ, Lady Heroine შესანიშნავი მეორე ალბომით ბრუნდება, სადაც მათი ხმაურიანი და ენერგიული პოსტ-გრანჟ ჟღერადობა გაცილებით უფრო საინტერესოდ ისმის და სიმღერებს დიდ ეფექტურობას ანიჭებს. როდესაც ბენდს ასეთი სპეციფიკური, მომშრალო და დისონანსური სტილი გაქვს, იქ ყოველთვისაა რისკი, რომ მუსიკა მოსაწყენი ან უსიამოვნო გამოვიდეს, მაგრამ ამ ალბომზე იმდენი დასამახსოვრებელი მელოდია და ორიგინალური არანჟირებაა მოგონებული, რომ მთლიანად ალბომი ძალიან მარტივად ისმინება და აღიქმება.

ბენდის მიერ ალბომისთვის დაწერილი 11 სიმღერიდან უმეტესობა ძალიან კარგია, მაგრამ პირადად გამოვარჩევდი ხმებში კარგად გაშლილ, სენტიმენტალურობის მიუხედავად ენერგიულ Eternal-ს, ხანგრძლივ Lost-ს, სადაც გრანჟ-ენერგია მოქცეულია თანამედროვე მძიმე პროგ-როკის ფორმაში და Into The Fire-ს, წინა ალბომიდან „გადმოყოლილ“ სიმღერას, რომელიც მათ დებიუტზეც უდავოდ საუკეთესო იყო, მაგრამ აქ, ჭკვიანური საუნდ-რეჟისურის წყალობით გაცილებით უფრო დინამიკურად და ენერგიულად ისმის. ამის გარდა ალბომში არის 5 პატარა ინტერლუდიური ჩართვა და David Bowie-ს Space Oddity-ს ქავერი, რომელიც ალბომს ასრულებს.

მოსასმენი ბმული: Lady Heroine – When We Were Drunk

3. Phonothek – Lost In Fog

dark ambient, dark jazz

რა მუსიკალური საერთო შეიძლება ჰქონდეთ „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ევროვიზიის“ მონაწილეს და ყოფილ განგსტა-რეპერს, რომელიც ამავე დროს კლასიკური მესაყვირეა? დარქ-ამბიენტი!

ლაპარაკია ნინა სუბლატისა და გიორგი შამანაურზე  ცოლ-ქმარზე, რომლებმაც 2015-ში dark jazz / dark ambient დუეტი Phonothek შექმნეს და უკვე საერთაშორისო ლეიბლებზე 2 სრულმეტრაჟიანი დისკის გამოცემა მოასწრეს.

მათი სადებიუტო, ლეიბლ Cryo Chamber-ზე გამოსული ნამუშევარი Lost In Fog, წარმოგვიდგენს ბნელ, აბსტრაქტულ მუსიკას, სადაც ნელი, განყენებული საყვირის პარტიები იძირება გამყინავი საუნდსკეიპებით შექმნილ ექსპანსიურ უფსკრულში. გამოყენებული ხმოვანი სემპლები (საეკლესიო ზარები, ქარხნის ხმაური, ბუნების ხმები, დაჭრილ-დამუშავებული ვოკალი) ამ ატმოსფეროს კონტექსტში აქცევს და საბოლოოდ იღებ მუსიკას, რომელიც თავისუფლად მოერგებოდა, მაგალითად, დევიდ ლინჩის ფილმებს.

მოსასმენი ბმული: Phonothek – Lost In Fog

4. ადილეი – ქართული ხალხური სიმღერები

Georgian traditional music

ყველაზე ძველი ქართული მუსიკალური ჩანაწერები ფოლკლორისაა. საბჭოთა პერიოდში ვინილზე გამოსული ქართული მუსიკის უმეტესობა – ფოლკლორული ანსამბლების. საბჭომდელი ჩანაწერებში, როგორც წესი, ჩაიჭერ იმპროვიზებას, არასტანდარტულ ვარიაციებსა და გიჟურ ქარიზმას, მაგრამ ამასთან ერთად ადგილობრივი ცოდნისაგან ბოძებულ საშემსრულებლო ოსტატობას და მუსიკის გაგებასაც ნახავ, რომლის გარეშეც ურთულეს ქართულ ფოლკლორს  უბრალოდ ვერ იმღერებ. საბჭოთა დროინდელი ჩანაწერები ბოლომდე რაფინირებულია – ასეთი გაუნაკლოებული წარმოდგენა გახდა გარანტია, რომ ქართული ფოლკლორი მსოფლიოში ყველგან მარტივად აღქმადი და წარმატებული გამხდარიყო; მაგრამ ადგილობრივები, ვისაც ეს სიმღერები ბუნებრივ კონტექსტში ჰქონდა ნასმენი, ხშირად ჩიოდნენ-ხოლმე, რომ ამ ინსტიტუციონალიზებულ და ჩამოვარცხნილ ფოლკლორს რაღაც ცეცხლი, ჯადოსნურობა აკლდა. საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ, ბევრმა იმდროინდელმა საფოლკლორო გუნდმა გააგრძელა მოღვაწეობა, მაგრამ ნათელი იყო, რომ მათი უმეტესობა ათასჯერ გატკეპნილ გზას კიდევ ერთხელ ტკეპნიდა სულ უფროდაუფრო ნაკლები ენთუზიაზმით.

ამიტომაცაა „ადილეი“-სნაირი ანსამბლები ძალიან მნიშვნელოვანი. მათი რეფერენსი ორივე ზემოხსენებული ტიპის ჩანაწერებია, მაგრამ ისინი არცერთ მათგანს არ იღებენ ბრმად. ისინი სწავლობენ, მაგრამ არ აკოპირებენ. თან ვინაიდან ანსამბლის წევრთა უმეტესობა გურულია და რეპერტუარიც უმეტესად გურული სიმღერებისგან შედგება, მათ გაცილებით უფრო პირდაპირი და ბუნებრივი კავშირი აქვთ ამ სიმღერების ორიგინალებთან, დაახლოებით ისევე, როგორც ძველად, საბჭომდელ დროს ხდებოდა.

ასე რომ, ისეთი ადამიანისთვისაც, ვინც ქართულ ფოლკლორში ღრმად არაა სპეციალიზებული, „ადილეი“ ჟღერს ახლებურად, ენერგიულად და სხვანაირად. ისინი კონცეტრებს ატარებენ როგორც ციხეებში და პატარა ბარებში, ასევე დიდ დარბაზებში, მღერიან იმას, რაც ასე ძალიან უყვართ და რაც მთავარია, ეფექტურად ინახავენ გურული ფოლკლორი სიმღერის ტრადიციას.

აქ ნახავთ ძალიან ბევრ გურულ კრიმანჭულს, იმპროვიზაციას, რთულ ჰარმონიებს (ყველაფერ იმას, რის გამოც თავის დროზე ამერიკელმა მკვლევარებმა გურული მუსიკა თავისუფალ ჯაზს შეადარეს) და ასევე ბევრ მზეს და სილამაზეს. ისიამოვნეთ.

მოსასმენი ბმული: Adilei – Georgian Traditional Polyphonic Songs

5. Dismorial – Begotten Cul-De-Sac

progressive death metal, melodic death metal

Dismorial-ის პირველი, 2012 წელს გამოსული ალბომი, Circle Of Insanity თავისი პროგრესული death metal-ორიენტაციით, სიმძიმით, ენერგიულობით და საინტერესო კომპოზიციური გადაწყვეტილებებით იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მეტალ ალბომი იყო. საოცარია, მაგრამ Begotten Cul-De-Sac წინა ჩანაწერთან შედარებით კიდევ ახერხებს ამ მუსიკალური მხარეების ერთიორად ინტენსიფიკაციას და შედეგად გვაქვს მონსტრულად რთული, წარმოუდგენლად დატვირთული მუსიკა, რომელიც იმდენად საინტერესოა, რომ მზად ხარ, საკუთარი თავი ამ აუდიოშეტევის მენტალურ ანალიზს მთლიანად დაუთმო. ზედმეტი კომენტარების გარეშე, ეს ერთ-ერთი საუკეთესო death metal ნამუშევარია, რაც ბოლო დროის განმავლობაში მოვისმინე. თუ გიყვართ Gorguts, Ulcerate ან თუნდაც Born Of Osiris, ნუ დააყოვნებთ ამ ალბომის მოსმენას – საოცრად ძლიერი მუხტი გაქვთ გარანტირებული.

გადმოსაწერი ბმული: Dismorial – Begotten Cul-De-Sac

6. The W Experience – IV / V

thewexperience4.jpg

thewexperience5.jpg

acoustic, alternative country, singer / songwriter

The W Experience ძმების, თემურ ქანთარია-ჯაბადარის და ვახო ქანთარიას აკუსტიკური დუეტია, რომელიც შეიძლება უკვე ტელევიზორიდანაც გეცნობათ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავი“-დან. 2016 წელს მათ 2 ალბომი გამოსცეს, სადაც შესულია 2 გიტარის და 2 ვოკალის ფორმატში შესრულებული ქართულენოვანი მუსიკა. არანჟირებები ძირითადად აკუსტიკური / ალტერნატიული ქანთრის სტილშია გადაწყვეტილი; სიმღერებში აკორდული პროგრესიების ხშირი ცვლილება, ინსტრუმენტული მოტივების სიმრავლე და აქა-იქ ჩართული დისონანსები მათ მუსიკას ანიჭებს იმ საჭირო ეპიკურობას, რისი წყალობითაც ასეთი მინიმალისტური წყობის მუსიკაც მთელი ჩანაწერის განმავლობაში ძალიან საინტერესოდ ისმინება.

მოსასმენი ბმულები: The W Experience – IV / V

7. Irma Agiashvili – Behind Space

singer / songwriter, pop rock

ფინეთში მოღვაწე ირმა აგიაშვილის 2013 წლის დებიუტი Sing The Unspoken ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა. ბევრს ალბათ მისი მუსიკა Patty Smith-ისას მოაგონებს – ალბათ ოდნავ უფრო წყნარს, მაგრამ ისევე ინტროვერტულს. სამი წლის შემდეგ, Behind Space ისევ ამ მელანქოლიური სენტიმენტების გზას აგრძელებს, მაგრამ ახლა ჟღერადობრივ პალიტრაში ალტერნატიულ როკს რეგგი და ბლუზიც დაემატა. ეს ფიქრითა და რეფლექსიებით სავსე ჩანაწერიც დამაჯერებლად აკმაყოფილებს სადებიუტო ალბომით დაწესებულ მაღალ კომპოზიციურ სტანდარტს – In Vain, Dream და სასათაურო Behind Space განსაკუთრებით ლამაზია.

მოსასმენი ბმული: Irma Agiashvili – Behind Space

8. TM & Mush One – უცვლელი გეზი

hip hop, boom bap

ბოლო წლების ქართული რეპი ძალიან საინტერესოა. მხოლოდ თბილისის მასშტაბითაც კი მოქმედებს რამდენიმე ჰიპ-ჰოპ დაჯგუფება, რომელიც წლიდან წლამდე ავითარებს თავიანთ მუსიკალურ ხელწერას და ლირიკულ სტილს. DigMassive დიღმელი რეპერების ე.წ. crew-ა, სადაც შედიან „ძველი რესურსი“ (MC Samory და MC Grotask), I.G.O. და TM-ს და Mush One-ს დუეტი, რომელმაც 2016 წელს ეს მიქსტეიპი გამოსცა.

ამ მუსიკოსებს აერთიანებთ რეპის რთული, ლიტერატურული სტილი და ჯაზის დიდი გავლენის მქონე boom bap-ის უზომო სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ რეპერს flow შეიძლება იდეალური არ ჰქონდეს, ეს მიქსტეიპი თავისი ძალიან სოლიდურად გადმოცემული სათქმელით, ორი MC-ს „დუელირებით“, სხვადასხვა სტუმრებით და არცთუისე ჩახლართული, მაგრამ „მუღამიანი“ პროდუქციით ძალიან გემრიელად ისმინება.

ძალიან სასიხარულოა DigMassive-ს სტაბილური პროდუქტიურობა. წლების განმავლობაში ეს მათი მეოთხე რელიზია და როგორც მათი მთლიანი დისკოგრაფია, Tm-ს და Mush One-ს ერთობლივი მიქსტეიპიც მთელი გულითაა რეკომენდებული.

მოსასმენი ბმული: TM & Mush One – უცვლელი გეზი

9. Nino Katamadze & Insight – Yellow

jazz-rock / fusion, vocal jazz

წინა ალბომ Green-ში გამოვლენილი King Crimson-ული ამბიციების შემდეგ, ნინო ქათამაძის და კომპანიის ახალ ალბომს უფრო რბილი მუსიკალური მიდგომა აქვს, რაც ძირითადად ეთნო-ჯაზ ბალადურობას ეფუძნება. მუსიკის ხერხემალს მინორული, გრილი, სინკოპირებადი გრუვები, სადაც ზოგგან ტოპ-კლასის fusion მოტივებია ჩაქსოვილი. ასე რომ, თუ „ინსაითის“ წინა ალბომების სტიქია ცეცხლი იყო, ამ ალბომის მთავარი ელემენტი ალბათ გვიან-საღამოს ზღვისპირის ნიავია.

მოსასმენი ბმული: Nino Katamadze & Insight – Yellow

10. Nini – Crazy I

coversmall.jpg

contemporary r’n’b, hip hop, pop

„ბიბლუსის გალერეაში“, სადღაც კუთხეში, ერთმანეთზე ახოხოლავებული აუდიო-წიგნების და რელიგიური დისკების ქვეშ ეს ალბომი აღმოვაჩინე. ვიყიდე ბრმად – არც კი ვიცოდი, ყდაზე გამოსახული გოგო ვინ იყო. ნინი ბრეგვაძე აღმოჩნდა, ქართული Voice-ს და X-Factor-ის მონაწილე. ალბომი კი მშვენიერი კრებულია მის მიერ დაწერილი 8 კარგად არანჟირებული contemporary r’n’b სიმღერის. ალბომის ჟღერადობას საფუძვლად უმეტესად ე.წ. „ახალი სკოლის“ ჰიპ-ჰოპი აქვს; ნინის, როგორც შემსრულებლის, როლი კი აქ ძალიან მრავალფეროვანია – სოლიდურად, ძალიან კარგი ალღოთია შესრულებული ექსპრესიის მხრივ მრავალფეროვანი სიმღერები; სადაც საჭიროა, rapping-ის მონაცემებიც კი ადეკვატურია.

მაგრამ რაც მთავარია, სიმღერებია ძალიან კარგი. ალბომი მოკლეა, მაგრამ filler-ების გარეშე და ამ სტილის მოყვარულებისთვის (რომელიც საკმაოდ ფართო აუდიტორიაა) განმეორებითი მოსმენის დიდი პოტენციალი აქვს. მოკლედ, რეკომენდებული 28 წუთი ამ ახალგაზრდა, ძალზედ ნიჭიერი მომღერლისგან და ვნახოთ, რა იქნება მისი მეორე შემოქმედებითი ნაბიჯი.

მოსასმენი ბმული: Nini – Crazy I

2015 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეოთხე)

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიმოვიხილოთ 2015 წელს ჩაწერილი კიდევ 10 ალბომი. 2015 წელს გამოსული კიდევ 30 ალბომი მიმოხილულია პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში.

31. Zedashe – Our Earth And Water

 

folklore

ანსამბლი „ზედაშე“ რამდენიმე მიზეზის გამოა გამორჩეული ქართულ საფოლკლორო სცენაზე. პირველი, აქ არაა სეგრეგაცია კაცებსა და ქალებს შორის – ყველა ერთად მღერის – ეს კი ცნობილ ფოლკლორულ კოლექტივებში არცთუისე ხშირია. მეორე, მათი სანიმუშო სამუშაო ეთიკის წყალობით, ამ სიღნაღურმა ანსამბლმა უკვე 7 ალბომი ჩაწერა, რითიც ასევე ბევრი სხვა ვერ დაიტრაბახებს. მნიშვნელოვანი კიდევ ისაა, რომ მათი რეპერტუარი არასოდეს შედგებოდა ცნობილი ფოლკლორული „ჰიტებისაგან“. „ზედაშე“-ს ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება იშვიათის, დაფარულის და მივიწყებულისკენ.

ეს დისკიც საქართველოს დროსა და სივრცეებში ექსპედიციის შთაბეჭდილებას გიტოვებს. აქ წარმოდგენილია საქართველოს ლამის ყველა კუთხე-კუნჭულის სიმღერები და ეს ვერსიები ეფუძნება ძირითადად პირად, საბჭოთა დროინდელ არქივებში ნაპოვნ დედნებს. ასე რომ, ეს კარგად არანჟირებული და მდიდარი ვოკალური ჰარმონიით შესრულებული ფოლკლორული მოზაიკა რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც აღარ ჰყოფნის ფოლკ-სტანდარტები და უნდა ღრმად ჩაყვინთოს იმის საპოვრად, რაც „ჩაკრულო“-ს, „წინწყარო“-სა და „მრავალჟამიერ“-ის ფონზე ისე ხშირად არ ისმის.

მოსასმენი ბმული: Zedashe – Our Earth And Water 

32. Slavemarket – Body Without Organs

progressive electronic, experimental

აღიჭურვეთ მოთმინებით. თქვენ წინაშეა სამსაათიანი ელექტრონული არასაცეკვაო ალბომი. აღიჭურვეთ მოთმინებით, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. ეს პრეტენზიული ფორმატის, მაგრამ ძალიან საინტერესო ნამუშევარი ჩაგითრევთ თავისი გამომგონებლობით, იდეალურად დასმული ფონური ატმოსფეროთი და მრავალფეროვნებით. შეხვდებით ბევრ რამეს ატმოსფერულ ტექნოს, Robert Rich-ისებრ შთანმთქმელ, სივრცულ საუნდსკეიპებს, Pete Namlook-ისნაირ ექსპერიმენტულ ესთეტიკას და ეს ყველაფერი, თავისი ჟღერადობრივი ეკლექტურობის მიუხედავად ჰქმნის ემოციურად ძალიან კარგად ორგანიზებულ ფლეილისტს, რომელსაც შეიძლება როგორც მთელი გულისყური დაუთმო, ასევე უბრალოდ მთელი საღამოს მუსიკალურ ფონად აქციო.

მოსასმენი ბმული: Slavemarket – Body Without Organs

33. ფარღალალა – Pioneer Palace Sessions

jazz. post-bop, improv

„ფარღალალა“. უცნაური სახელისდა მიუხედავად, ძალიან საინტერესო კოლექტივია. ესაა 4 მუსიკოსისგან შემდგარი ანსამბლი, რომელიც ძირითადად იმპროვიზებულ მუსიკას უკრავს და სტილისტურად მოიცავს ძალიან ბევრ რამეს ფსიქოდელიიდან იმპროვიზებულ ჯაზამდე. ამ მუსიკოსებს სხვა პროექტებიც აქვთ: ლუკა დგებუაძე იგივე Mindstreaming-ია, გიორგი ტეცოშვილი დრამერია The Mins-ში, სანდრო თავართქილაძე კი ძალიან პროდუქტიული ელექტრონული მუსიკოსია IC122-ის ფსევდონიმით.

ამ ალბომზე, რომელიც პიონერთა სასახლეში ჩაწერილ იმპროვიზებულ კონცერტს წარმოადგენს, მხოლოდ პიანისტი დგებუაძე და დრამერი ტეცოშვილი უკრავენ. შედეგად მუსიკა საზღვრების გარეშე დაფრინავს იქ, სადაც უნდა და თან ეტყობა, როგორ კარგად ესმის ორივე მუსიკოსს ერთმანეთის: ლამაზად მელოდიური პიანინო იმდენად მარტივად ეკონტაქტება დრამის რიტმებს, თითქოს მუსიკა 100-ჯერ ნამეცადინები ყოფილიყოს.

რეკომენდებულია არა უბრალოდ ინტერესისთვის, არამედ როგორც ძალიან დახვეწილი იმპროვიზებული ჩანაწერი ამ იშვიათ და მინიმალურ ინსტრუმენტულ ფორმატში.

მოსასმენი ბმული: Pargalala – Pioneer Palace Sessions

34. Soulvent – Fadein

techno, ambient techno, experimental

სანდრო კოზმანიშვილის და ბაკურ მეტრეველის ელექტრონული დუეტის სადებიუტო ალბომი ბევრ მუსიკალურ რეფერენსს შეიცავს. აქაა ექოები ტექნოდან, სამოცდაათიანების ჰიპნოზური სფეის-მუსიკიდან, dub-იდან. მაგრამ ეს ეკლექტური პალიტრა საბოლოოდ ემსახურება ერთს: პატარ-პატარა ურბანული ფრაგმენტების და ატმოსფეროების მუსიკალურ აღწერას. ასეთი მუსიკა  ძალიან მოუხდება „მარშრუტკაში“ ფანჯარასთან ჯდომას და თბილისის მოსაღამოებული ქუჩებისთვის თვალგაშტერებულ ყურებას.

მოსასმენი ბმული: Soulvent – Fadein

35. Various Artists – Ritual In Transfigured Time vol.1 / vol.2

 

deep house

Transfigured Time ქართული ელექტრონული ლეიბლია, რომელიც ელექტრონული მუსიკის ვინილების გამოშვებაზე კონცენტრირდება. ლეიბლის პირველი ორი რელიზი ეს ორმაგი კომპილაცია იყო, სადაც უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ლეიბლის ერთერთი დამაარსებლის გაჩა ბაქრაძის (რომელიც თავისი გვარის გარდა ფსევდონიმ Akwaaba-თიცაა წარმოდგენილი), გიგი ჯიქიას (HVL) და დავით დათუნაშვილის (Jordan Blacksmith) მუსიკაა წარმოდგენილი.

მუსიკოსთა მრავალფეროვნების მიუხედავად, კრებულში შესული მუსიკა სტილის მხრივ ძალიან კარგადაა ინტეგრირებული: უმეტესად მუსიკაში ჭარბობს რბილი, საზღვისპირო რიტმული მონახაზები (მაგალითად „See” მეორე ნაწილიდან ან “Does The Moon Also Fall” – პირველიდან) და ატმოსფეროც ძირითადად მსუბუქი და ჰაეროვანია. საბოლოო ჯამში კი ეს კრებული კარგად გამოდგება ქართული ელექტრონული სცენის მცირე deep house ნიმუშის ასაღებად.

მოსასმენი ბმულები: VA – Ritual In Transfigured Time vol. 1 / vol. 2

36. David Gab – Gift Of The Gab

blues rock, pop rock, hard rock

David Gab იგივე დავით გაბიძაშვილია, რომელსაც 10-15 წლის წინ ვიცნობდით, როგორც ბათუმურ ჯგუფ „ჯთ ბათუმი“-ს ლიდერს, გიტარისტს და მომღერალს. ჯგუფის დაშლის შემდეგ ის ავსტრალიაში გადასახლდა და მუსიკალური კარიერა იქ გააგრძელა. ეს მისი პირველი სოლო-ალბომია და მოიცავს დაახლოებით ისეთივე ტიპის მუსიკას, როგორითაც მას აქ ვიცნობდით – მელოდიურ, დასამახსოვრებელ ბლუზ-როკს პოპ-როკისა და ჰარდ-როკის მინარევებით.

მოსასმენი ბმული: David Gab – Gift Of The Gab

37. Berika – Far Silence Alegory

 techno, ambient techno

ირაკლი ბერიკაშვილი (ქართველი DJ; ასევე MokuMoku-ს, Kung Fu Junkie-ს და ბევრი სხვა პროექტის წევრი) წარმოგვიდგენს კონცეპტუალურ სოლო ტექნო-ალბომს, რომელიც პორტალების გავლით პლანეტათაშორის მოგზაურობას ეხება. Chorus-ეფექტის ინტენსიური გამოყენება და ხშირად შემთხვევითობის პრინციპით დალაგებული მოკლე, უცნაური მელოდიური თემები კარგად აყალიბებს ამ, ასე ვთქვათ, კოსმიური რანდომულობის შთაბეჭდილებას.

მოსასმენი ბმული: Berika – Far Silence Alegory

38. You:We – Late Night Coffee Stories [EP}

downtempo, ambient

ეს მოკლე ჩანაწერი სავსეა კარგად არანჟირებული კინემატური ელექტრონული მუსიკით, სადაც კინოფილმებიდან ამოღებულ სემპლებს, თან ერთვის ნელი, გრილი სინთეზატორული ატმოსფერო. ამ EP-ში 4 ნაწარმოებია, საიდანაც უკანასკნელს გია ყანჩელის ცნობილი საუნდტრეკის თემა უდევს საფუძვლად.

მოსასმენი ბმული: You:We – Late Night Coffee Stories (EP)

39. Pahadron – Prophecy

dungeon synth, dark ambient

Lazarus Oldgrave-ს (goth / darkwave მუსიკოსი) და George Hellhole-ის (Babykiller, Cyber Xomen და სხვ.) მიერ სტილის ტრადიციებში არანჟირებული dungeon synth, ჰორორ-გარემოთი და მომენტებში ამბიენტ-ატმოსფეროთი. ალბომში Mortiis-ის „I Am The World”-ის ქავერია, ალბომ „The Stargate”-დან.

მოსასმენი ბმული: Pahadron – Prophecy 

Notgoodenough – This Is My PeE[P} (EP)

breakcore

ბრეიკკორი, რომელიც თავისი რიტმული სირთულის მიუხედავად, მაინც კომფორტში გამყოფებს და გამშვიდებს. ნაწარმოებებიდან ერთ-ერთი Bobby Vinton-ის სიმღერის უცნაური ქავერია.

მოსასმენი ბმული: Notgoodenough – This Is My [PeE]P (EP)

2015 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მესამე)

დიდი ხნის უაქტიობის მერე, ბოდიშის მოხდით, ვაგრძელებთ იქიდანვე, სადაც გავჩერდით. პირველ და მეორე ნაწილებში მიმოვიხილეთ 2015 წელს გამოცემული 10-10 ალბომი. ახლა გთავაზობთ კიდევ ათ საინტერესო ნამუშევარს.

21. Sinoptik Music – The Days

modern classical, piano music, electronic

ზურაბ ჩხარტიშვილი ალბომით, რომელიც John Beltran-ის Dado Records-ზე გამოვიდა, წარმოგვიდგენს თანამედროვე კლასიკურ, მეტწილად საფორტეპიანო კლასიკას. ელექტრონული რევერბერაცია და სხვა მანიპულაციები პარადოქსულად კიდევ უფრო აძლიერებენ მუსიკის განყენებულობას და Eric Satie-სებრ მომნუსხველ, იმპრესიონისტულ განწყობას. სახელის მიუხედავად, ამ ალბომის მოსმენა იდეალურია ღამის სიბნელეში, ოდნავ მბჟუტავი ნეონური ლამპის ფონზე. Sophie Villy-სთან ერთად შესრულებული, ალბომის ერთადერთი არაინსტრუმენტული სიმღერა „The Days“ ამ ყველაფრის ძალიან ლამაზი ბონუსია, ჩანაწერის ბოლო ნაწარმოები კი სინთეზატორული სფეის-ექსკურსიაა.

მოსასმენი ბმული: Sinoptik Music – The Days

22. Psychonaut 4 – Dipsomania

depressive black metal

Psychonaut 4-ის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ალბომი ბენდის ფსიქოტროპულ-დეპრესიული ბლექ-მეტალ იდენტობის ერთგული რჩება, მაგრამ ჩანს მორფირებაც. აქ მთავარი თემა ალკოჰოლიზმია. სადებიუტო ნამუშევართან შედარებისას, მარტივად იგრძნობა, რომ ბენდი დაიხვეწა. ჟღერადობა სასიამოვნოდაა ატმოსფერიზებული, რაც ალბომის ემოციურ სივრცისმომცველობას აძლიერებს. შეიმჩნევა სასიმღერო მრავალფეროვნებაც – გვხვდება სუფთა, ასევე რამდენიმენაირი მეტალ-ვოკალიც. კომპოზიციურად, აქ ბევრი რამაა სწორხაზოვანი depressive black metal-იდან (Beware The Silence, We Will Never Find The Cure) მრავალმოქმედებიან სიმღერებამდე ბევრი ინტერლუდიით. ჩანაწერს ხურავს აპოკალიპტური doom-ბალადა Eyes Of A Homeless Dog. საბოლოო ჯამში, Dipsomania ძალიან საინტერესო და დრამატული ალბომია, რომელიც ამ სტილის ეპიზოდურ მსმენელსაც მოანდომებს მათი შემდეგი, მესამე ნამუშევრის (Neurasthenia) მოსმენას, რომელიც ეს-ესაა გამოვიდა.

მოსასმენი ბმული: Psychonaut 4 – Dipsomania

23. MokuMoku – Blues Build The Temple

instrumental hip hop, abstract hip hop

MokuMoku ჰიპ-ჰოპ პროდუსერების, Moku T-ს (ტატო რუსია) და Moku J-ს (ჯეი ჯაფარიძე) დუეტია. მათი სადებიუტო ალბომი, რომელიც დღეს საკმაოდ არამეინსტრიმულ მედიუმზე, კასეტაზე გამოვიდა, წარმოადგენს სემპლებზე დაფუძნებულ, ძალიან ჭკვიანურად არანჟირებულ ატმოსფერულ ჰიპ-ჰოპს, რომელის მიქსტეიპის მსგავსი საალბომო ფორმატი (ერთმანეთში გარდამავალი ნაწარმოებები, მოკლე ინტერლუდიები), ამ chill-out განწყობას ეფექტურად გადმოსცემს. მუსიკა ძალიან მსუბუქად ისმინება და მოწვეული სტუმრების კომფორტული რეპ-ჩანართებიც საბოლოოდ ისევ დასვენებას უფრო ემსახურება, ვიდრე მესიჯის გასააზრებლად ტვინის დაძაბვას. რეკომენდებულია ჯაზ-ჰოპის, ტრიპ-ჰოპის და ჰიპ-ჰოპის სხვა late night ვარიანტების მოყვარულთათვის. 2016-ში, დუეტის სადებიუტო ნამუშევარს კიდევ უფრო დახვეწილი მეორე ალბომი (Black Heaven) მოჰყვა.

მოსასმენი ბმული: MokuMoku – Blues Build The Temple

24. წერილი – მუსიკის ხმა

cover smaller.jpg

gothic rock

ქართული ალტერნატიული სცენის ვეტერანების რიგით მეოთხე (მეხუთე, თუ წინამორბედ ბენდ „ამორალი“-ს ალბომსაც მივათვლით) ალბომი მათი წინა ნამუშევრის შედარებით რბილ, ლამაზ მელანქოლიურ გეზს ანვითარებს. ალბომი ოდნავ არათანაბარია, მაგრამ წინა ნამუშევრის მსგავსად, ბენდის რეპერტუარს „მუსიკის ხმა“-ც მატებს რამდენიმე სუპერ-სიმღერას, როგორიცაა ენერგიული „რუხი მგლები“, „ვარსკვლავი შორსდა საოცრად ლამაზი „იბრძოდა ცა“, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა, რაც კი „წერილს“ ოდესმე დაუწერია.

მოსასმენი ბმული: წერილი – მუსიკის ხმა

25. xResistenciAx – Pan Para Nuestra Existencia (EP)

thrash metal, avant-garde metal

ამ 18-წუთიანი EP-ს განმავლობაში ამ უცნაური სახელის მქონე ბენდმა მოახერხა 3 სასიმღერო ენისა (ქართული, ესპანური, რუსული) და მილიონი მუსიკალური იდეის შერწყმა. არაორდინარული თრეშ-მეტალი დაპირისპირებულია რეპ-ვოკალთან (ა-ლა Anthrax) და ეს ყველაფერი ჩასმულია ჰარდკორ პანკ-ესთეტიკაში. ამ ექსპერიმენტულობის წყალობით მთლიანი ჩანაწერი ძალიან საინტერესოდ ისმინება და იმედი მაქვს, ბენდის პირველი სრული ალბომიც დიდად არ დააყოვნებს.

26. გამოუვალი მდგომარეობა – გამოსავალი

Gamosavali (Front).jpg

pop punk, ska punk

მოგეხსენებათ, „გამოუვალი მდგომარეობა“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” კონტექსტში შექმნილი ბენდია, რომელიც იქ ძირითადად ქართული რეტრო-სიმღერების ქავერებს ასრულებს. ამ ალბომში მათი რეპერტუარის ნაწილია გადმოტანილი. ჩვენს წინაშეა ცნობილი სიმღერების უმეტესად ska punk ვერსიები, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ შედარებით ახალი სიმღერები („როგორ მინდა მოგეფერო, „Artificial Love”) გაცილებით უკეთაა გადამღერებული, ვიდრე რეტრო. ალბომის საუკეთესო მომენტს, მოულოდნელად, გამხსნელი, ბენდის მიერვე დაწერილი „შენს ტუჩებზე“ წარმოადგენს, რომელიც ენერგიული, მზიანი და ხალისით დაკრული სიმღერაა. საინტერესოა, აპირებს თუ არა ჯგუფი საავტორო მასალაზე მუშაობას, ვინაიდან მუსიკოსები მართლაც არ უკრავენ ცუდად.

მოსასმენი ბმული (არასრული): გამოუვალი მდგომარეობა – გამოსავალი

27. არავინ – შავი რომანსი 

cover.jpg

darkwave

არავინ პროექტია იდუმალი მუსიკოსისა, რომელიც თავს ნიკოლოზ წვიმა-ს უწოდებს-ხოლმე. ძნელია მისი მუსიკის აღწერა, მაგრამ წარმოიდგინეთ რაღაც გარდამავალი ირაკლი ჩარკვიანს და Sopor Aeternus-ს შორის. ესაა თვითმყოფადი ხედვის მუსიკა შავი, ბნელი darkwave-ს ტერიტორიაზე, ხშირად ნატანჯი ესთეტიკით და ოკულტურობით, მაგრამ ამასთან ერთად, ძალიან პოეტური და ლამაზი. ესაა დაახლოებით იმ ბნელი რომანტიციზმის მუსიკალური ანალოგი, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი და ამერიკელი (რემბო, ბოდლერი, პო) პოეტები მიმართავდნენ ხოლმე. ასე რომ, ეს განსაკუთრებული, გოთური განწყობის მუსიკაა, მაგრამ თუ ამ განწყობაზე ხართ, ნუ გამოტოვებთ. თუ მოგეწონებათ, ნახეთ YouTube-ზე მისი ბევრი სხვა სიმღერა, რომლებიც ციცინათელასავით ქრება და ჩნდება.

მოსასმენი ბმული: არავინ – შავი რომანსი

28. tîn – tîn

musique concrète

ამ პროექტის სახელი მისი სამი წევრის, თამარ ნადირაძის, იკა ჯოჯუას (aka Aghnie) და ნინი ხუროშვილის სახელების ინიციალებისგან შეიქმნა. ეს ალბომი შეიცავს თემატურ მუსიკას 2015 წლის სახელოვნებო წიგნების მოძრავი გამოფენა-გაყიდვისათვის. ეს კონკრეტული მუსიკაა, დაფუძნებული რეჩიტატივზე და მათ ელექტრონულ მანიპულაციაზე. რეჩიტატივი ხან ნარატიულია, ხანაც – რიტმული როლის მატარებელი. თუმცა ასეთ მუსიკას ეფექტი თავის ბუნებრივ კონტექსტში უფრო მეტი აქვს, ეს ალბომი მაინც რეკომენდებულია, როგორც ამ ავანგარდული სტილის იშვიათი და საინტერესო ქართული ნიმუში.

მოსასმენი ბმული: tîn – tîn

29. Trio Mandili – With Love

folk

2014-ის შემოდგომაზე, The Huffington Post-ის სტატიის წყალობით, ტრიო „მანდილი“ მოულოდნელად საერთაშორისო ინტერნეტ-სენსაციად იქცა და ისინი დღემდე არ ამცირებენ საკონცერტო პროდუქტიულობას. 2015-ში მათ გადაწყვიტეს, ვიდეოში შესრულებული სიმღერები სტუდიურადაც ჩაეწერათ და ალბომი დამოუკიდებლად გამოსცეს. წელს კი ეს ალბომი ლეიბლ Merlins Nose-ს ქვეშ დარელიზდა, რომელიც მიუხედავად მისი 70-იანების acid / pagan folk სპეციალიზაციისა, თანამედროვე მსოფლიო მუსიკასთანაც მუშაობს ხოლმე.

ამ ალბომში 10 სიმღერაა შეტანილი და თუმცა აქედან რამდენიმე არაა ფოლკლორული, მთელი ალბომი გადაწყვეტილია რამდენიმე ჩონგურსა და 3 ხმაში. სასიამოვნოდ სანიშნოა, რომ ამ ქართული ფოლკლორული ფორმის ინტერესი დასავლეთში საკმაოა და ნელ-ნელა შესაძლებელია ძირითადად ქალთა მრავალხმიანობაზე დაფუძნებული, მთის ამ დიდი ფოლკლორული რესურსის (დები ნაყეურები, დები წიკლაურები, დები გოგოჭურები და სხვ.) ექსპორტი, რომელიც საკმაოდ ბევრისთვის გასაკვირად, ინსტიტუციური ჩარევების გარეშე, ბოლო დროს ბუნებრივად შეიქმნა.

მოსასმენი ბმული (სემპლები): Trio Mandili – With Love

30. Blue Yogurt – Cult Of Manana

experimental electronic, minimal techno, glitch, dark ambient

იმან, რაც ოთხმოცდაათიანებში ხდებოდა, თავისი ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით, სახელმწიფოს აშენების მცდელობებითა და შეცდომებით, არცოდნით, ცოდვებით, ბოდვებით, ოპორტუნიზმითა და სოციალური ტრაგედიებით, დაღი ყველას დაგვასვა. არამარტო ბებია-ბაბუებს, ვინც თავიანთი ფარდაჩამოფარებული, მაგრამ მშვიდი ცხოვრების ბოლოს უცბათ ამოუხსნელ და საშინელ გრიგალში ამოყვეს თავი; არამარტო იმ საშუალო ასაკის ხალხს, ვისი ძალისხმევითაც დაიწყო ახალი ეპოქა და ვისაც სწორედ ეს დრო შემოუტრიალდა შხამად და საწამლავად; არც მხოლოდ იმ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, ვისაც საუკეთესო წლები ამ ცინიკური სტილით ნაწერმა დისტოპიამ შეუჭამა.

ეს დრო იმ ბავშვებსაც შეეხოთ, რომელიც სამოქალაქო და აფხაზეთის ომების დროს ლაპარაკს სწავლობდნენ და საღამოობით ტელევიზორიდან სიტყვა „პრინცსა“ და „პრინცეზაზე“ ხშირად „დაიღუპა“ და „მოღალატე“ ესმოდათ; და შეეხოთ მათზე ოდნავ უმცროსებსაც, რომლებსაც შეიძლება ის დრო ბავშობის კოშმარებად აღარ დასიზმრებიათ, მაგრამ ვერასოდეს იგებდნენ, რატომ იყვნენ უფროსები უმიზეზოდ ასე ცუდ ხასიათზე, რატომ ყიდულობდნენ „ბონიბონს“ და „ქინდერ-სიურპრიზს“ რამდენიმე თვეში ერთხელ და რატომ ქვრებოდა შუქი მაინცდამაინც შუა მულტფილმის დროს.

ზოგმა ეს რთულად გადაიტანა, ზოგმა – ადვილად, მაგრამ ეს დაღი იმდენად უნივერსალურია, რომ უმეტესი ჩვენგანი ამაზე ლაპარაკს ერიდება. თუ ლაპარაკი ამ თემაზე ჩამოვარდება, ხშირად სათქმელი მოკლედ მოიჭრება და ხშირად თემა დღევანდელი პოლარიზებული პოლიტიკის განხილვაზე გადადის. ამას კიდევ დავამატოთ იმ ამბებისა და მათი მონაწილეების საკრალიზაცია, დემონიზაცია, რომანტიზაცია, ვულგარიზაცია და არათუ რაიმე სიმართლის გარჩევა ჭირს ლეგენდისგან, არამედ იმ ეპოქის საერთოდ ყოველგვარი სურათი წაშლილია და გადაქცეულია ფერგადღაბნილ, უტყვ აბსტრაქტიზმად.

მაგრამ თუნდაც ფაქტები ასე საიმედოდ შეინიღბოს, იმ დროზე ემოციური პასუხი და მისი მეხსიერება ვერ წაიშლება. თუნდაც რომ დაგავიწყდეს მოვლენა, გემახსოვრება მოვლენამ რა გაგრძნობინა. ახალ თაობებს, ვინც იმ სურრეალურ დროს სკოლამდელები ან ჩვილები ვიყავით, შეიძლება ფაქტები აღარ გვახსოვდეს და შეხსენება გვიწევდეს, ყოველთვის გვემახსოვრება ღამეები, როცა დაძინება გვიჭირდა, საღამოს „მაცნე“-ში (მაშინ ასე ერქვა „მოამბეს) გაგონილი მორიგი ტერაქტის ამბის გამო.

ხოდა ეს ის ემოციური მეხსიერებაა, რასაც Blue Yogurt-ის ალბომი „Cult Of Manana” გადმოსცემს. გადმოცემს იმას, რასაც იმ დროის შესახებ სიტყვით არ ვამბობთ. გადმოცემს უტყვად, კონკრეტული მესიჯების გარეშე. მაგრამ გამოყენებული სემპლებით, თემატიკით და თვითონ მუსიკით მარტივი მისახვედრია, ვინ რაზე ლაპარაკობს. ეს ალბომი იდეაში Various Artists კომპილაციაა, რომელიც ამ ერთი თემის გარშემოა გაერთიანებული. მონაწილეობენ ის მუსიკოსები, (Aghnie, Seqta, Levan Shanidze, West Georgian Elite Ninja, Zesknel, Qpq[-e, Ana Jikia, Slavemarket) რომლებიც ამ ყველაფერს პირადად, ცნობიერ ასაკში ალბათ არც მოსწრებიან.

მუსიკალურად, ალბომი ექსპერიმენტულია, მაგრამ ვინაიდან ნაწარმოებები დამოუკიდებლად იქმნებოდა, ყველა ნაწარმოებს განსხვავებული ხედვა აქვს. აქ შეხვდებით glitch-ს, dark ambient და progressive electronic პასაჟებს, საპროტესტო აქციების დასემპლის ჩანაწერებზე დადებულ minimal techno-ს და ჯაზის მუტირებულ ფორმებსაც კი. ალბომი მთლიანობაში ძალიან საინტერესოდ სასმენია, მაგრამ რაც მთავარია, დაგაფიქრებთ იმ ყველაფერზე, რის ემოციურ რეფლექსიასაც გამოხატავს ეს ჩანაწერი. იქნებ შემდეგი ვინმე თქვენგანი იყოს, ვინც თავის გულნადებს, ტკივილს და დამოკიდებულებას მუსიკით გამოხატავს. ამისთვის არაა საჭირო პოეტობა და სიტყვის ფლობა.

მოსასმენი ბმული: Blue Yogurt – Cult Of Manana

2015 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეორე)

ვაგრძელებთ 2015 წლის მუსიკალურ მიმოხილვას. პირველ ნაწილში მიმოვიხილეთ 10 ალბომი. ტრადიიციისამებრ, გთავაზობთ შემდეგ 10-ს.

11. I.G.O. – ნუსხურის ექო

1

conscious hip hop, rap

ვინც ქართულ რეპს ბოლოს 10 წლის წინ მოუსმინეთ. რეალურად ვერც გაგამტყუვნებთ, ვინაიდან ძალიან გაგიჭირდებათ იმ პერიოდის რეპიდან რაიმე კარგის გახსენება. თუმცა თუ დამიჯერებთ და დღევანდელ ქართულ რეპს კიდევ ერთ შანსს მისცემთ, თვითონვე, დიდი გაკვირვებით, შეამჩნევთ, როგორი დიამეტრული განსხვავებაა რეპის მაშინდელ და დღევანდელ სახეებს შორის. რაშია საქმე? იმაში, რომ რეპერთა უმრავლესობას ძალიან უყვარს თავისი საქმე. ამ ათი წლის განმავლობაში ისინი ვითარდებოდნენ, სწავლობდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთმანეთის კარგს იზიარებდნენ და ცუდს ცხრილავდნენ… და ამის შედეგად გამოიზარდა რეპის ერთგულ მუსიკოსთა გუნდი, რომელიც დღეს უკვე მზადაა, ამოაყირავოს ჩვენი სტაგნანტური წარმოდგენები ქართულ რეპზე.

პირველი „რეპ-სიურპრიზი“ 2012 წელს შემემთხვა, როდესაც ხელში „ძველი რესურსი“-ს ალბომი „გონივრული მოძრაობა“ ჩამივარდა. იქამდე ასეთი ტიპის ქართული რეპი მოსმენილი არ მქონია: გამართული ლიტერატურული ენით დაწერილი, რთული სინტაქსითა და სტილისტიკით, კარგი, არამომაბეზრებელი პროდუსინგით… ამას შემდეგ კიდევ მოყვა რამდენიმე კარგი რეპ-ჩანაწერი; 2015 წელს კი პროექტ „ჩემი ქალაქი“-ს საშუალებით, ფართო მსმენელმა უკეე დაინახა ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერ რეპ-შემსრულებელთა მთელი ახალი პლეადა, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის სრულად იყო იგნორირებული.

2015 წელს ასევე გამოვიდა რეპერ I.G.O-ს (ნამდვილი სახელი: იგორ ძაძამია) ალბომი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ რეპში „ძველი რესურსი“-ს მიერ ჩამოყალიბებულ მიკროტრენდს ავითარებს. ალბომის სახელი, „ნუსხურის ექო“, პირდაპირ მიანიშნებს ალბომის საკმაოდ მანიფესტურ კონცეფციაზე – წარსული სიმაღლეებისა და დღევანდელი ყოველდღიურობის დაკავშირების ცდას. სხვათაშორის, ალბომის რამდენიმე სიმღერაზე „ძველი რესურსი“-ს წევრებიც სტუმრობენ.

რაც შეეხება დანარჩენს, მსმენელებო, ჰა ბურთი და ჰა – მოედანი. ჩართეთ ალბომი, შემდეგ ჩართეთ კიდევ მრავალჯერ, ეცადეთ გაშიფროთ და აანალიზოთ მუსიკოსის სათქმელი და ისიამოვნეთ ამ პროცესით.

მოსასმენი ბმული: I.G.O – Nuskhuris Eqo

12. Mebo Renard – Circles (EP)

2

indie pop, ambient pop

მებო ნუცუბიძის პარიზში გადაბარგების შემდეგ The Bearfox-ის საკონცერტო საქმიანობა შეფერხდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ბენდის ბირთვისთვის, რომ ინტერნეტის მეშვეობით, ჩვეული შემოქმედებითი თანამშრომლობა გაეგრძელებინათ. ამჯერად, კოლაბორაციის შედეგი ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილის მიერ პროდუსირებული ნუცუბიძის (რომელიც ახალი სასცენო სახელით, Mebo Renard-ით გვევლინება) პირველი სოლო EP-ა, რომელიც სტილისტურად, სავსებით დააკმაყოფილებს The Bearfox-ის მშვიდი, ლამაზი მუსიკის მოყვარულებს. თუ არ ვცდები, ამ EP-დან ზოგიერთი სიმღერა (She’s Gone, La Fille De L’Automne) The Bearfox-ის კონცერტებზეც სრულდებოდა ხოლმე, მაგრამ დანარჩენი ამ ჩანაწერზე პირველად მოვისმინე. ჩემი პირადი ფავორიტია სასათაურო სიმღერა Circles, პირქუში ემოციით და დრამატული შუა სეგმენტით.

მოსასმენი ბმული: Mebo Renard – Circles (EP)

13. Mother On Mondays – Images

3

new wave, alternative rock

ბევრს მოგეხსენებათ, რომ ეს ბენდი ქართული ალტერნატიული სცენის ვეეტერანია. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მათ მიერ გამოშვებული ორი ალბომი მელოდიურად ძალიან საინტერესო და კარგად მოსასმენ new wave / post-punk-ს შეიცავდა, თუმცა 19-წლიანი უფუნქციობის შემდეგ გამოშვებული ახალი ალბომი ზოგადი ეფექტით და არანჟირების მინიმალურობით გოგი ძოძუაშვილის გვიანდელ პროექტ Post Industrial Boys-ს უფრო მოგაგონებთ. მართალია, აქ დრაივი გიტარულია და ელექტრონული ელემენტები თითქმის არ შეიმჩნევა, მაგრამ მთელ ნამუშევარს თან სდევს ძოძუაშვილისეური ჰიპნოზურობა. ძალიან კარგად სასმენი ალბომია, საკუთარი, ორიგინალური სახით. რეკომენდაციები.

მოსასმენი ბმული: Mother On Mondays – Images

14. Gacha – Send Two Sunsets

4

ambient pop, ambient house

საერთაშორისო ორბიტაზე გამოცემულმა გაჩა ბაქრაძის სადებიუტო ალბომმა, მართალია, ჯერ ვერ მოიპოვა იმხელა გამოხმაურება, რასაც, ჩემი აზრით, ის იმსახურებს, მაგრამ რასაც ამ ნამუშევარზე წერენ, უმეტესად ძალზედ დადებითი და კმაყოფილებით სავსეა. არცაა გასაკვირი – ესაა საქმის დიდი ცოდნით არანჟირებული, ლამაზად ატმოსფერული ელექტრონული მუსიკა – მოკლედ, ყველაფერი მსმენელის მოსადუნებლად. 9-დან 4 სიმღერაში ტუსია ბერიძე მღერის, ვისი ღიღინა ხმაც ძალიან კარგად ზის ალბომის ჰორიზონტულ ამბიენტ-კონტექსტში. ამ მეტწილად ურიტმო პოპის გარდა ნამუშევარზე მიმობნეულია რამდენიმე house-მომენტი, საიდანაც აშკარად საუკეთესოა Duras, ამბიენტ-ჰაუს მარგალიტი. ასევე დააკვირდით disco vibe-ს მქონე Street Talk-ს.

რომ შევაჯამო, ჩემი აზრით ალბომი ოდნავ არათანაბარია, მაგრამ მისი მწვერვალები ამ წლის ქართული ელექტრონული მუსიკის საუკეთესო მომენტებს შორისაა – წელს კი ამ სფეროში საქართველოში არნახულად დიდი კონკურენცია იყო.

მოსასმენი ბმული: Gacha – Send Two Sunsets

15. თუმანი – #ვინცაზრზეა

5

punk rock

როკენროლი. ლაკონური. დრაივიანი. არასერიოზული. სახალისო. ალბომი კარგ ხასიათზე მოსასვლელად. გიტარის სოლოებს განსაკუთრებით დააკვირდით. როკენროლი.

მოსასმენი ბმული: Tumani – #vincazrzea

16. Natalie Beridze Tba – Between The Naps

6

ambient, minimalism

დისკოგრაფიის მრავალფეროვნების მიუხედავად, ტუსია ბერიძის მუსიკაში ყველაზე ხშირი ინსტრუმენტი ფორტეპიანოა. სხვადასხვა ალბომებში, ის ხან გხვდება, როგორც ამბიენტ ატმოსფეროს ფონი, ხანაც როგორც დომინანტური, ზოგჯერ სოლო-ინსტრუმენტი, რომელზეც მისი რამდენიმე ალბომი (Annulé, Size & Tears) მთლიანადაც კი დაეფუძნა. მის ახალ ნამუშევარში ფორტეპიანოს, ეპიზოდურად, ეს ორივე როლი აქვს მორგებული – ასე რომ, ალბომში გვაქვს, როგორც ამბიენტი, ასევე საფორტეპიანო მუსიკა. ვინაიდან, მის წინა ნამუშევრებთან შედარებით, აქ ფორტეპიანოს ჟღერადობა ნაკლებადაა ელექტრონულად მანიპულირებული, მუსიკა ძირითადად კლასიკური, განმეორებად pattern-ებზე დაფუძნებული მინიმალიზმის ტერიტორიაზეა. ამბიენტ ატმოსფეოროები კი ძირითადად რბილ, წინწამოწეულ drone-ს მოიცავს. თუმცა ამ ალბომით ტუსია არ ამბობს თავისთვის თვისობრივად ბევრ ახალს, რასაც ის ამბობს, ამბობს დახვეწილად და სასიამოვნოდ. რეკომენდებულია მსმენელთათვის, ვისაც ერთ ალბომში უნდა Aglaia-ს და Wim Mertens-ის მოსმენა.

მოსასმენი ბმული: Natalie Beridze Tba – Between The Naps

17. Windshield – Windshield (EP)

7

c0untry, country-blues

Windshield შოთა ადამაშვილისა და ანრი გოგიტაურის პროექტია, რომლის ფარგლებშიც მათ ცოტა ხნის წინ თავისი პირველი EP ჩაწერეს. მუსიკა ძირითადად მოიცავს ქანთრის (alternative country, outlaw country) და ბლუზს, ზოგჯერ ლირიკული, ზოგჯერ კი ძალზედ დრაივიანი დინამიკით. ამ ნიჭიერი დუეტის EP-დან რამდენიმე სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ Youtube-ზე.

მოსასმენი ბმული: Windshield – Windshield (EP)

18. LOUDspeakers – Lighthouse

8

indie rock

6 წლის განმავლობაში, ამ ბენდს უკვე საკმარისი სტაჟი და გამოცდილება დაუგროვდა სტუდიაში შესასვლელად და თავისი სადებიუტო ალბომის ჩასაწერად. ამიტომაც მათი ეს ნამუშევარი, სადებიუტო სტატუსის კვალობაზე, გაცილებით უფრო ჩამოყალიბებულია, როგორც საუნდით, ისევე ზოგადი შემოქმედებითი გეზით. ამ ალბომზე თქვენ მოისმენთ იმ LOUDspeakers-ს, რომელიც ბევრ თქვენგანს უკვე მრავალჯერ მოუსმენია სხვადასხვა ფესტივალებზე, ოღონდ გამდიდრებულს კომფორტული ატმოსფეროთი და არანჟირების სხვადასხვა ნიუანსებით, რომლის შესრულების საშუალებასაც სტუდიური მუშაობა იძლევა. ამ მელოდიურ indie ალბომში ჩემი ფავორიტია Like A Curse, ცვალებადი დინამიკით, რამდენიმე ერთდროული მელოდიური ხაზით და შთამბეჭდავი დაბოლოებით.

მოსასმენი ბმული: LOUDspeakers – Lighthouse

19. DuckTape – Growing Up

9

pop punk

თინეიჯერული პანკ-როკი, Blink 182-ის მსგავსი ჟღერადობით, ოღონდ შედარებით ნაკლები გამომწვეობით და გიტარის პარტიებში ჰარდ-როკის საკმაო გავლენით. სტილის სტანდარტულ მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს – შეიძლება ითქვას, გადაჭარბებითაც.

მოსასმენი ბმული: DuckTape – Growing Up

20. დავით დათუნაშვილი & ირაკლი აბრამიშვილი

10

ambient, field recordings

თუ დავით დათუნაშვილის წინა წლის ალბომი „Composure” მოსმენილი გაქვთ, ამ ალბომშიც მსგავსი ესთეტიკა დაგხვდებათ – მუსიკალური ფრაგმენტების შეგროვებითა და მანიპულირებით მიღებული გარემოს ეკლექტური სურათი. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ეს ალბომი სემპლების მაგივრად, ძირითდად drone და noise მოტივებითაა დატვირთული, ასე რომ „Composure“-სგან განსხვავებით მუსიკა აქ უფრო ემოციურ სურათს ჰქმნის და არა ნატურალურ-აღწერითს. ასეათუისე, ძალიან საინტერესო და დაკვირვებით მოსასმენი ნამუშევარია – ჰოდა, გადადეთ ყველაფერი გვერდზე სადღაც 1 საათის განმავლობაში. უცნაურია, მაგრამ შუაში ალბომი სადღაც წუთნახევრით წყდება – ალბათ მსმენელმა რომ მოისვენოს.

მოსასმენი ბმული: David Datunashvili & Irakli Abramishvili – Ezoshi Avi Dzaglia