2015 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეორე)

ვაგრძელებთ 2015 წლის მუსიკალურ მიმოხილვას. პირველ ნაწილში მიმოვიხილეთ 10 ალბომი. ტრადიიციისამებრ, გთავაზობთ შემდეგ 10-ს.

11. I.G.O. – ნუსხურის ექო

1

conscious hip hop, rap

ვინც ქართულ რეპს ბოლოს 10 წლის წინ მოუსმინეთ. რეალურად ვერც გაგამტყუვნებთ, ვინაიდან ძალიან გაგიჭირდებათ იმ პერიოდის რეპიდან რაიმე კარგის გახსენება. თუმცა თუ დამიჯერებთ და დღევანდელ ქართულ რეპს კიდევ ერთ შანსს მისცემთ, თვითონვე, დიდი გაკვირვებით, შეამჩნევთ, როგორი დიამეტრული განსხვავებაა რეპის მაშინდელ და დღევანდელ სახეებს შორის. რაშია საქმე? იმაში, რომ რეპერთა უმრავლესობას ძალიან უყვარს თავისი საქმე. ამ ათი წლის განმავლობაში ისინი ვითარდებოდნენ, სწავლობდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთმანეთის კარგს იზიარებდნენ და ცუდს ცხრილავდნენ… და ამის შედეგად გამოიზარდა რეპის ერთგულ მუსიკოსთა გუნდი, რომელიც დღეს უკვე მზადაა, ამოაყირავოს ჩვენი სტაგნანტური წარმოდგენები ქართულ რეპზე.

პირველი „რეპ-სიურპრიზი“ 2012 წელს შემემთხვა, როდესაც ხელში „ძველი რესურსი“-ს ალბომი „გონივრული მოძრაობა“ ჩამივარდა. იქამდე ასეთი ტიპის ქართული რეპი მოსმენილი არ მქონია: გამართული ლიტერატურული ენით დაწერილი, რთული სინტაქსითა და სტილისტიკით, კარგი, არამომაბეზრებელი პროდუსინგით… ამას შემდეგ კიდევ მოყვა რამდენიმე კარგი რეპ-ჩანაწერი; 2015 წელს კი პროექტ „ჩემი ქალაქი“-ს საშუალებით, ფართო მსმენელმა უკეე დაინახა ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერ რეპ-შემსრულებელთა მთელი ახალი პლეადა, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის სრულად იყო იგნორირებული.

2015 წელს ასევე გამოვიდა რეპერ I.G.O-ს (ნამდვილი სახელი: იგორ ძაძამია) ალბომი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ რეპში „ძველი რესურსი“-ს მიერ ჩამოყალიბებულ მიკროტრენდს ავითარებს. ალბომის სახელი, „ნუსხურის ექო“, პირდაპირ მიანიშნებს ალბომის საკმაოდ მანიფესტურ კონცეფციაზე – წარსული სიმაღლეებისა და დღევანდელი ყოველდღიურობის დაკავშირების ცდას. სხვათაშორის, ალბომის რამდენიმე სიმღერაზე „ძველი რესურსი“-ს წევრებიც სტუმრობენ.

რაც შეეხება დანარჩენს, მსმენელებო, ჰა ბურთი და ჰა – მოედანი. ჩართეთ ალბომი, შემდეგ ჩართეთ კიდევ მრავალჯერ, ეცადეთ გაშიფროთ და აანალიზოთ მუსიკოსის სათქმელი და ისიამოვნეთ ამ პროცესით.

მოსასმენი ბმული: I.G.O – Nuskhuris Eqo

12. Mebo Renard – Circles (EP)

2

indie pop, ambient pop

მებო ნუცუბიძის პარიზში გადაბარგების შემდეგ The Bearfox-ის საკონცერტო საქმიანობა შეფერხდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ბენდის ბირთვისთვის, რომ ინტერნეტის მეშვეობით, ჩვეული შემოქმედებითი თანამშრომლობა გაეგრძელებინათ. ამჯერად, კოლაბორაციის შედეგი ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილის მიერ პროდუსირებული ნუცუბიძის (რომელიც ახალი სასცენო სახელით, Mebo Renard-ით გვევლინება) პირველი სოლო EP-ა, რომელიც სტილისტურად, სავსებით დააკმაყოფილებს The Bearfox-ის მშვიდი, ლამაზი მუსიკის მოყვარულებს. თუ არ ვცდები, ამ EP-დან ზოგიერთი სიმღერა (She’s Gone, La Fille De L’Automne) The Bearfox-ის კონცერტებზეც სრულდებოდა ხოლმე, მაგრამ დანარჩენი ამ ჩანაწერზე პირველად მოვისმინე. ჩემი პირადი ფავორიტია სასათაურო სიმღერა Circles, პირქუში ემოციით და დრამატული შუა სეგმენტით.

მოსასმენი ბმული: Mebo Renard – Circles (EP)

13. Mother On Mondays – Images

3

new wave, alternative rock

ბევრს მოგეხსენებათ, რომ ეს ბენდი ქართული ალტერნატიული სცენის ვეეტერანია. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მათ მიერ გამოშვებული ორი ალბომი მელოდიურად ძალიან საინტერესო და კარგად მოსასმენ new wave / post-punk-ს შეიცავდა, თუმცა 19-წლიანი უფუნქციობის შემდეგ გამოშვებული ახალი ალბომი ზოგადი ეფექტით და არანჟირების მინიმალურობით გოგი ძოძუაშვილის გვიანდელ პროექტ Post Industrial Boys-ს უფრო მოგაგონებთ. მართალია, აქ დრაივი გიტარულია და ელექტრონული ელემენტები თითქმის არ შეიმჩნევა, მაგრამ მთელ ნამუშევარს თან სდევს ძოძუაშვილისეური ჰიპნოზურობა. ძალიან კარგად სასმენი ალბომია, საკუთარი, ორიგინალური სახით. რეკომენდაციები.

მოსასმენი ბმული: Mother On Mondays – Images

14. Gacha – Send Two Sunsets

4

ambient pop, ambient house

საერთაშორისო ორბიტაზე გამოცემულმა გაჩა ბაქრაძის სადებიუტო ალბომმა, მართალია, ჯერ ვერ მოიპოვა იმხელა გამოხმაურება, რასაც, ჩემი აზრით, ის იმსახურებს, მაგრამ რასაც ამ ნამუშევარზე წერენ, უმეტესად ძალზედ დადებითი და კმაყოფილებით სავსეა. არცაა გასაკვირი – ესაა საქმის დიდი ცოდნით არანჟირებული, ლამაზად ატმოსფერული ელექტრონული მუსიკა – მოკლედ, ყველაფერი მსმენელის მოსადუნებლად. 9-დან 4 სიმღერაში ტუსია ბერიძე მღერის, ვისი ღიღინა ხმაც ძალიან კარგად ზის ალბომის ჰორიზონტულ ამბიენტ-კონტექსტში. ამ მეტწილად ურიტმო პოპის გარდა ნამუშევარზე მიმობნეულია რამდენიმე house-მომენტი, საიდანაც აშკარად საუკეთესოა Duras, ამბიენტ-ჰაუს მარგალიტი. ასევე დააკვირდით disco vibe-ს მქონე Street Talk-ს.

რომ შევაჯამო, ჩემი აზრით ალბომი ოდნავ არათანაბარია, მაგრამ მისი მწვერვალები ამ წლის ქართული ელექტრონული მუსიკის საუკეთესო მომენტებს შორისაა – წელს კი ამ სფეროში საქართველოში არნახულად დიდი კონკურენცია იყო.

მოსასმენი ბმული: Gacha – Send Two Sunsets

15. თუმანი – #ვინცაზრზეა

5

punk rock

როკენროლი. ლაკონური. დრაივიანი. არასერიოზული. სახალისო. ალბომი კარგ ხასიათზე მოსასვლელად. გიტარის სოლოებს განსაკუთრებით დააკვირდით. როკენროლი.

მოსასმენი ბმული: Tumani – #vincazrzea

16. Natalie Beridze Tba – Between The Naps

6

ambient, minimalism

დისკოგრაფიის მრავალფეროვნების მიუხედავად, ტუსია ბერიძის მუსიკაში ყველაზე ხშირი ინსტრუმენტი ფორტეპიანოა. სხვადასხვა ალბომებში, ის ხან გხვდება, როგორც ამბიენტ ატმოსფეროს ფონი, ხანაც როგორც დომინანტური, ზოგჯერ სოლო-ინსტრუმენტი, რომელზეც მისი რამდენიმე ალბომი (Annulé, Size & Tears) მთლიანადაც კი დაეფუძნა. მის ახალ ნამუშევარში ფორტეპიანოს, ეპიზოდურად, ეს ორივე როლი აქვს მორგებული – ასე რომ, ალბომში გვაქვს, როგორც ამბიენტი, ასევე საფორტეპიანო მუსიკა. ვინაიდან, მის წინა ნამუშევრებთან შედარებით, აქ ფორტეპიანოს ჟღერადობა ნაკლებადაა ელექტრონულად მანიპულირებული, მუსიკა ძირითადად კლასიკური, განმეორებად pattern-ებზე დაფუძნებული მინიმალიზმის ტერიტორიაზეა. ამბიენტ ატმოსფეოროები კი ძირითადად რბილ, წინწამოწეულ drone-ს მოიცავს. თუმცა ამ ალბომით ტუსია არ ამბობს თავისთვის თვისობრივად ბევრ ახალს, რასაც ის ამბობს, ამბობს დახვეწილად და სასიამოვნოდ. რეკომენდებულია მსმენელთათვის, ვისაც ერთ ალბომში უნდა Aglaia-ს და Wim Mertens-ის მოსმენა.

მოსასმენი ბმული: Natalie Beridze Tba – Between The Naps

17. Windshield – Windshield (EP)

7

c0untry, country-blues

Windshield შოთა ადამაშვილისა და ანრი გოგიტაურის პროექტია, რომლის ფარგლებშიც მათ ცოტა ხნის წინ თავისი პირველი EP ჩაწერეს. მუსიკა ძირითადად მოიცავს ქანთრის (alternative country, outlaw country) და ბლუზს, ზოგჯერ ლირიკული, ზოგჯერ კი ძალზედ დრაივიანი დინამიკით. ამ ნიჭიერი დუეტის EP-დან რამდენიმე სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ Youtube-ზე.

მოსასმენი ბმული: Windshield – Windshield (EP)

18. LOUDspeakers – Lighthouse

8

indie rock

6 წლის განმავლობაში, ამ ბენდს უკვე საკმარისი სტაჟი და გამოცდილება დაუგროვდა სტუდიაში შესასვლელად და თავისი სადებიუტო ალბომის ჩასაწერად. ამიტომაც მათი ეს ნამუშევარი, სადებიუტო სტატუსის კვალობაზე, გაცილებით უფრო ჩამოყალიბებულია, როგორც საუნდით, ისევე ზოგადი შემოქმედებითი გეზით. ამ ალბომზე თქვენ მოისმენთ იმ LOUDspeakers-ს, რომელიც ბევრ თქვენგანს უკვე მრავალჯერ მოუსმენია სხვადასხვა ფესტივალებზე, ოღონდ გამდიდრებულს კომფორტული ატმოსფეროთი და არანჟირების სხვადასხვა ნიუანსებით, რომლის შესრულების საშუალებასაც სტუდიური მუშაობა იძლევა. ამ მელოდიურ indie ალბომში ჩემი ფავორიტია Like A Curse, ცვალებადი დინამიკით, რამდენიმე ერთდროული მელოდიური ხაზით და შთამბეჭდავი დაბოლოებით.

მოსასმენი ბმული: LOUDspeakers – Lighthouse

19. DuckTape – Growing Up

9

pop punk

თინეიჯერული პანკ-როკი, Blink 182-ის მსგავსი ჟღერადობით, ოღონდ შედარებით ნაკლები გამომწვეობით და გიტარის პარტიებში ჰარდ-როკის საკმაო გავლენით. სტილის სტანდარტულ მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს – შეიძლება ითქვას, გადაჭარბებითაც.

მოსასმენი ბმული: DuckTape – Growing Up

20. დავით დათუნაშვილი & ირაკლი აბრამიშვილი

10

ambient, field recordings

თუ დავით დათუნაშვილის წინა წლის ალბომი „Composure” მოსმენილი გაქვთ, ამ ალბომშიც მსგავსი ესთეტიკა დაგხვდებათ – მუსიკალური ფრაგმენტების შეგროვებითა და მანიპულირებით მიღებული გარემოს ეკლექტური სურათი. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ეს ალბომი სემპლების მაგივრად, ძირითდად drone და noise მოტივებითაა დატვირთული, ასე რომ „Composure“-სგან განსხვავებით მუსიკა აქ უფრო ემოციურ სურათს ჰქმნის და არა ნატურალურ-აღწერითს. ასეათუისე, ძალიან საინტერესო და დაკვირვებით მოსასმენი ნამუშევარია – ჰოდა, გადადეთ ყველაფერი გვერდზე სადღაც 1 საათის განმავლობაში. უცნაურია, მაგრამ შუაში ალბომი სადღაც წუთნახევრით წყდება – ალბათ მსმენელმა რომ მოისვენოს.

მოსასმენი ბმული: David Datunashvili & Irakli Abramishvili – Ezoshi Avi Dzaglia

 

One thought on “2015 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეორე)

  1. […] იქიდანვე, სადაც გავჩერდით. პირველ და მეორე ნაწილებში მიმოვიხილეთ 2015 წელს […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s