2016 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მეოთხე)

ვაგრძელებთ მუსიკალური 2016-ის მიმოხილვას. პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში განხილული 30 ჩანაწერის შემდეგ, აი, კიდევ 10 ქართული ალბომი.

31. Sexy Bicycle – Bit Kong

indie pop

ბარსელონაში მოღვაწე ნიკა კვარაცხელია წარმოგვიდგენს კარგად დაწერილ ინდი-პოპ LP-ს. მუსიკაშ ბევრია მრავალფეროვნება, ექსპერიმენტები არანჟირებასთან და საუნდ-პალიტრა ახერხებს, ინტეგრირება გაუკეთოს ბევრ სხვადასხვა მიმართულებას The xx-ის სტილის dream pop-ის, ოთხმოციანებისთვის მახასიათებელი სინთპოპისა და ფსიქოდელიური ინდიტრონიკის ჩათვლით. ალბომზე 14 სიმღერაა, მაგრამ filler-ს ვერცერთს ვერ დაარქმევ – ყველაზე მოკლე სიმღერებიც კი ამ პოპ-ორიგამის აუცილებელი ნაწილებია. რეკომენდებულია.

მოსასმენი ბმული: Sexy Bicycle – Bit Kong

32. The Bedford Falls – Winter Chill

indie rock

თვითგამოცხადებული „შედევრების შემქმნელები“ შეიძლება თავიანთ თავს ყოველთვის სერიოზულად არ აღიქვამდნენ, მაგრამ მათ აშკარად უყვართ მუსიკის წერა – თავიანთი არსებობის რამდენიმე წელიწადში ბენდმა უკვე 40-მდე სიმღერა მოგვასმენინა. მათ პირველ სრულმეტრაჟიან რელიზ „Winter Chill”-ში ჩანს კომპოზიციის ბენდისთვის მახასიათებელი თავისუფალი სტილი, ინსტრუმენტული პასაჟების ხშირად ნაკლებად კონტროლირებადი გახანგრძლივებით და ტექსტების ზოგჯერ უბრალოდ შემავსებელ როლში გამოყენებით. შედეგად ვიღებთ ჩანაწერს, სადაც არათანაბრობისდა მიუხედავად, ჩამალულია ბევრი ლამაზი მომენტი – განსაკუთრებით ალბომის მინორული და გრილი სასათაურო სიმღერა.

მოსასმენი ბმული: The Bedford Falls – Winter Chill

33. Girshel Javakhishvili – Midnight Breakfast In Chinatown

გირშელ ჯავახიშვილი, რომელსაც ტელემაყურებელი უმეტესად იცნობს, როგორც წლების წინ „ღამის შოუს“ მუსიკალურ გამფორმებელს, ნიჭიერი პიანისტი იყო, რომელმაც სამწუხაროდ ძალიან მალე დაგვტოვა 35 წლის ასაკში სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ. მისი გარდაცვალებიდან მალევე მისმა ოჯახმა გამოსცა გირშელის სოლო საფორტეპიანო მუსიკის კრებული. ალბომში გირშელის მუსიკის ინტიმური მომენტებია თავმოყრილი, სადაც მისი იმპროვიზაციები რომანტიკულ და ლამაზ new age-განწყობას გადმოსცემს. ეს ჩანაწერი ძალიან კარგი მემორიალია მუსიკოსისა, რომელიც კიდევ უფრო ბევრ კარგ მუსიკას დატოვებდა, განგებას რომ ეცლია.

მოსასმენი ბმული: Girshel Javakhishvili – Midnight Breakfast In Chinatown

34. Nikakoi – Rise Your Head And Smell The Air (EP)

ambient techno, ambient, IDM, minimalism

სტუდიურად შედარებით ნაკლებად აქტიური პერიოდის შემდეგ, ნიკა მაჩაიძე დაბრუნდა ახალი, ვინილზე გამოცემული EP-თ, სახელად “Raise Up And Smell The Air”. ჩანაწერი გამოცემულია ელექტრონული მუსიკის ქართულ ლეიბლ Transfigured Time-ზე. ის შეიცავს მინიმალიზმის ოდნავი გავლენის მქონე კომფორტული ამბიენტ მუსიკის ნახევარ საათს. იმედია, ეს ვინილი მაჩაიძის კიდევ უფრო მეტი აქტიურობის მომასწავებელია.

მოსასმენი ბმული: Raise Your Head And Smell The Air (EP)

35. Fall Gruc – Holy Creatures Of St. Patrick’s Town

garage rock

Fall Gruc 2014 წელს შეიქმნა. მათი სადებიუტო ალბომი სავსეა ელექტრონული ელემენტებით გაძლიერებული დრაივიანი გარაჟ-როკით, რომელიც ზოგჯერ ალტერნატიული როკის და პოპ-პანკ ტერიტორიებზეც გადაუხვევს ხოლმე. ისინი მღერიან ლესბოსელ მოჩვენებებზე, ბავშვების მჭამელებზე, ზომბიებზე და მაინც ახერხებენ რომ გაგართონ – ეს კი გამომგონებლობის ნიშანია.

მოსასმენი ბმული: Fall Gruc – Holy Creatures Of St. Patrick’s Town

36. Neuromnesia – Your Dreams Left Out From This Place (EP)

depressive black metal (DSBM)

Psychonaut 4-ის წარმატებამ ასეთუისე მოახერხა საქართველოში DSBM-ის (depressive suicidal black metal)-ის პოპულარიზაცია და შედეგად ამ ბოლო წლებში ამ სტილის მიმდევარი რამდენიმე ქართული ბენდი შეიქმნა. ერთ-ერთი მათგანია Neuromnesia, რომელმაც 2016 წელს თავისი სადებიუტო EP გამოსცა. თავიანთ უფრო ცნობილ თანამემამულეებთან შედარებით, მათ უფრო პირდაპირი, აგრესიული სტილი აქვთ, ვოკალური მიდგომა კი ისევე მრავალფეროვანი. საბოლოო ჯამში, ეს 3-სიმღერიანი სადებიუტო ჩანაწერი ადეკვატურად გადმოსცემს ამ სტილის არსს და სათქმელს.

მოსასმენი ბმული: Neuromnesia – Your Dreams Left Out Of This Place (EP)

37. Healer Twins – Healer Twins

indie pop

დები ლიანა და თეა შენგელაიები წარმოგვიდგენენ ქალაქ დუბაიში ჩაწერილ პოპ-ალბომს, სადაც 8 ლამაზად არანჟირებული პოპ-სიმღერა კარგადააა შესრულებული და მარტივი ტექსტების მიუხედავად ჭკვიანური არანჟირების წყალობით ლამაზ ატმოსფეროს ქმნის. ალბომის ბოლო სიმღერა ჯგუფ „ეგარი“-სთან ერთად ჩაწერილი „გელინო“-ს ინგლისურენოვანი ვერსიაა. არჩევა რომ მთხოვონ, ალბომის საუკეთესოებად ავირჩევდი “Wherever You Go“-ს მისამღერის და Snake In The Desert”-ს თავისი საინტერესო აღმოსავლური შთაბეჭდილების გამო. “Birdman” მსმენელს თავისი მსუბუქი პოპ-მელანქოლიით ოდნავ Lana Del Rey-საც მოაგონებს.

მოსასმენი ბმული: Healer Twins – Healer Twins

38. Salio – Lost World (EP)

indie pop, neo-soul, pop rock

სალომე კორკოტაშვილის სადებიუტო EP შედგება 5 სასიამოვნო პოპ-როკ სიმღერისგან. ტექსტები შიგადაშიგ სოციალურად დატვირთულია, მუსიკა კი სავსე დასამახსოვრებელი hook-ებით. ჟღერადობა ცოტ-ცოტა ყველაფერს მოიცავს: სინთპოპ-რიტმიკას, თბილ ელექტრონულ ატმოსფეროს, ზოგჯერ კი მოალტერნატივო დრაივს და r’n’b-ს.

მოსასმენი ბმული: Salio – Lost World (EP)

39. Dielo – Dielo 55

cover.jpg

jazz pop

დიელო ისტორიაა. 1962 წლიდან მოყოლებული (ანუ იქამდე, სანამ The Beatles გამოუშვებდა თავის პირველ ჩანაწერებს) 80-იანების შუაში სტუდიური საქმიანობის შეწყვეტამდე, ამ ჯაზ-ბენდის ნაყოფიერი დისკოგრაფია მოიცავს 8 სტუდიურ ალბომსა და ძალიან ბევრ სინგლს. იმ პერიოდის შემდეგ, „დიელო“ ხანდახან იკრიბება ხოლმე საკონცერტოდ. 2016-ში კი, ბოლოსდაბოლოს, ანსამბლმა გადაწყვიტა თავისი 55 (!) წლისთავი აღენიშნა ახალი, ორდისკიანი ალბომით.

რა უნდა ითქვას: მუსიკა უპრეტენზიო, მაგრამ გემოვნებით დაკრულია. პირველი დისკი შეიცავს კომპოზიციებს, რომლებსაც „დიელო“ წლიდან წლამდე კონცერტებზე მღეროდა, მაგრამ სტუდიაში ჩაწერილი არ ჰქონია და მეორე დისკზე მოთავსებულია უცხოური სიმღერების ქავერები; ბენდის 4-ხმიანი ვოკალური ჰარმონია ისევ ისე ჟღერს როგორც სამოცდაათიანებში და აუცილებლად გააღვიძებს თბილ, ნოსტალგიურ განწყობას.

ერთ სიმღერას ამ ალბომიდან შეგიძლიათ მოუსმინოთ YouTube-ზე. ეს ორდისკიანი ალბომი კი არცთუისე ძვირად იშოვება მშრალ ხიდზე.

მოსასმენი ბმული: Dielo – Sizmari

40. The Georgian Six – დრო

thegeorgiansix.jpg

a capella, vocal jazz

ჩვენთან ვოკალური ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო. პირველი ჯაზ-ანსამბლები სწორედ ვოკალურები იყვნენ („გპი-ს კვარტეტი“); შემდეგ სამოცდაათიანებში და ოთხმოციანებში ალექსანდრე კილაძის მასობრივი ვოკალური ჯაზ-ანსამბლები იყო პოპულარული (ჯაზ ნონეტი, ჯაზ-ქორალი). ოთხმოცდაათიანების ბოლოს კი წამოვიდა აკაპელა ჯაზის ტრენდი, სადაც ალბათ ყველაზე ცნობილი ანსამბლი „საქართველოს ჯაზ-სექსტეტი“ იყო, რომელმაც თავის დროზე მოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო კასეტა ჩაწერა.

დღესაცაა საქართველოში რამდენიმე აკაპელა ჯაზ-ბენდი. მაგალითად, კვარტეტი Four Faces ან სექსტეტები The Quintessence და The Georgian Six. ამ უკანასკნელმა 2016 წელს საკონცერტო ალბომი „დრო“ ჩაწერა, სადაც ძირითადად ქართული პოპ-სიმღერების აკაპელა ჯაზ-ვერსიებია შესული. ინტერნეტში მათი რამდენიმე სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ.

მოსასმენი ბმული: YouTube, SoundCloud

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s