2013 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მესამე)

ვაგრძელებთ გასული, 2013 წლის მუსიკალურ მიმოხილვას. პირველ და მეორე ნაწილებში 10-10 ალბომი შემოგთავაზეთ; ახლაც ერთ იმდენივეს გაგაცნობთ.

21. George Obsvell – Painful Eternity

pir

progressive rock, crossover prog

გიორგი იობაშვილი, იგივე George Obsvell, შემოქმედებითად ძალიან აქტიური მუსიკოსია. ის არის გრანჟ-ჯგუფ „Portrait”-ის ბასისტი, უკრავდა „სინათლის წელიწადში“ და ამასთან ერთად, სახლში ურიცხვი რაოდენობის სოლო ალბომი აქვს ჩაწერილი. მისი ეს ახალი ალბომი ტიპიური მულტიინსტრუმენტალისტური პროგ-ნამუშევარია. თითოეული ნაწარმოები სათავეს იღებს მოკლე თემისგან, რომელიც ნელ-ნელა, ელექტროგიტარისა და ბასის პარტიების შენაცვლებით ლოგიკურად ვითარდება. პროგრესული როკის სტანდარტებისთვის არცთუისე რთული, მაგრამ სასიამოვნოდ მოსასმენი ალბომია, რომლის ერთადერთი ფუნდამენტური ნაკლი ალბათ ჩანაწერის საშუალო ხარისხია. ასე რომ, ეს ალბომი ძირითადად რეკომენდებულია მსმენელებისთვის, ვისაც უყვარს მულტიინსტრუმენტალისტური პროგი ვოკალის გარეშე.

გადმოსაწერი ბმული: Painful Eternity

22. The Nali – Cheeky Faces

1925264_723964650971663_856914062_n

beat, pop/rock

არსებობენ მუსიკოსები, რომელთა ამბიცია და მიზანი მსოფლიოს დაპყრობა და მილიონების კეთებაა. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მუსიკას უბრალოდ მუსიკისთვის უკრავენ და მედგრად მიყვებიან თავიანთ მუსიკალურ კრედოს და მოდას ნატამალ ყურადღებასაც არ აქცევენ. ზუსტად ასეთი ადამიანია დათო ქარჩავა და მისი ჯგუფი The Nali. შესაძლებელია, რომ ფართე აუდიტორიას მათ შესახებ არაფერი გაეგოს, მაგრამ ისინი საუკუნის დასაწყისიდან მოღვაწეობენ და ეს ალბომი მათი უკვე მეორე ნამუშევარია. ალბომის სმენისას ძალიან მარტივად მიხვდებით, რომ The Beatles მათი გავლენის მთავარი წყაროა. როდესაც ბითლზისნაირი ჯგუფის სტილის იმიტირებას ცდილობ, ძალიან ძნელია მსმენელი გააკვირვო, მაგრამ ეს ჯგუფი ამას ახერხებს! უპირველესად ძალიან ლამაზი მელოდიურობითა და ძალიან დახვეწილი, ყოველივე ზედმეტისაგან დაცლილი არანჟირებებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოპ-მუსიკისთვის, ალბომის სიმღერების უმეტესობა მოგანდომებს გადახვევას და თავიდან ჩართვას. ალბომი მთლიანად ძალიან კარგია, მაგრამ I Want You Back, One Minute In The Sun, Sea And Me, They All Know განსაკუთრებით მომწონს. არის რამდენიმე პირდაპირი რევერანსი The Beatles-ისადმი (ორი სიმღერა მაკკარტნის და ჰარისონს ეძღვნება და იმიტირებას უკეთებს მათ კომპოზიციურ სტილს; ასევე „Queen Bitch“ აშკარად დაფუძნებულია Taxman-ის იდეაზე), მაგრამ ეს აბსოლუტურად ნორმალურია ასეთი ტიპის ჯგუფებისთვის. მთავარი კი ისაა, რომ ეს ალბომი არამარტო ნოსტალგიურ გრძნობებს აღძრავს, არამედ დამოუკიდებლადაც მყარად დგას, როგორც 12 ძალიან კარგი პოპ-როკ სიმღერის კრებული.

გადმოსაწერი ბმული: The Cheeky Faces

23. თეონა ქუმსიაშვილი – უფლისჩიტ

1039916_10201236907462909_1270481186_o

folklore, singer/songwriter, archival

უცნაურია, როდესაც 5-6 წლის წინანდელი ჩანაწერებისთვის საარქივოს დარქმევა გიწევს (ძირითადად „საარქივოს“ ტიტულის მისაღებად მინიმუმ 20-25 წელია საჭირო), მაგრამ თეონა ქუმსიაშვილის უცაბედმა, ტრაგიკულმა დაღუპვამ თანამედროვე ქართულ ფოლკლორში უდიდესი ნაპრალი დატოვა. ამასთან ერთად, როგორც უკვე საქართველოში აღარაა გასაკვირი, მისი თითო-ოროლა მაღალი ხარისხის ჩანაწერი თუ მოიპოვებოდა. ამიტომ კარდაკარ სიარულით და ჩანაწერების დიდი დამუშავებით შეკრებილი „უფლისჩიტა“ უკიდურესად მნიშვნელოვანი მემორიალია შემოქმედისა, რომელმაც წლების განმავლობაში გაბრუებულ-გაყინულ ქართულ ფოლკლორს პროგრესის დიდი ბიძგი მისცა. ჩანაწერების სხვადასხვა წარმომავლობის გამო მათი ხარისხი ძალზედ ცვალებადია, მაგრამ ამ ჩანაწერების უმრავლესობა რასაც ჰქვია, მივიწყებას გამოწიწკნეს, ასე რომ აქ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. უნიკალური ჩანაწერების გარდა აქ თეონას რამდენიმე საუკეთესო სიმღერაცაა, რომელიც ასევე კარგადაა გასუფთავებული. ეს დისკი თეონას ამავე სახელის წიგნს მოყვება და ქვეყნის მუსიკის ისტორიისთვის, ალბათ, წინა წლის ყველაზე ძვირფასი პროექტია.

გადმოსაწერი ბმული: Uflischita

24. AKA – Love’s Everywhere

a4211087370_10

post-rock, trance

AKAაკა მარტიროსოვის ფსევდონიმია. 2006-ში, როცა მუსიკის შექმნა დაიწყო, ის რომანტიკულ, მაგრამ თხელი ჟღერადობის new age-ზე იყო ორიენტებული, სადაც როიალის ლამაზი მელოდიების მიუხედავად, მუსიკა მაინც ძირითადად ფონად თუ გამოდგებოდა. წლებთან ერთად მისმა სტილმა საკმაო მორფირება განიცადა და ამ ალბომში ძირითადად ვხვდებით საკმაოდ კარგ, მულტიინსტრუმენტალისტურ პოსტ-როკს, თავისი ღირსებებითა და ლიმიტებით. როიალისადმი და რომანტიკული განწყობისადმი მიდრეკილება აქაც ალაგ-ალაგ შეიმჩნევა. ალბომს საერთო სურათიდან გამოვარდნილი ტრანს-რემიქსი ხურავს. რეკომენდებულია პოსტ-როკ მსმენელებისთვის, გასაცნობად.

მოსასმენი ბმული: Love’s Everywhere

25. Give That Man A Report – Demo

a1417257438_10

post-metal

Of Noah-სთან ერთად, Give That Man A Report კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ქართული პოსტ-მეტალ დუეტია, რომლის წევრებიც არიან Frantic (ex-Adramalech) და Omega. გასაგებ მიზეზთა გამო, მუსიკას ეტყობა Frantic-ის წინა ჯგუფის ოდნავი კვალი. მუსიკა ოდნავ დეპრესიული და ძალზედ ჰიპნოზურია. ბასზე და ატმოსფერულ ვოკალზე დაფუძნებული მეორე ნაწარმოები მოგაგონებთ ადრეული Pink Floyd-ის სფეის-როკ ექსპერიმენტებს. ჯგუფი ამ რელიზს დემო-ჩანაწერად მიიჩნევს… მაგრამ დამიჯერეთ, ეს ბევრ უცხოურ ამ სტილის ალბომს სჯობს. და მათი სრულფასოვანი ალბომიც თუ ამაზე უკეთესი იქნება… ჰმ, დაველოდოთ.

მოსასმენი ბმული: Demo

26. Plakqsa – Сны

a2891222894_10

post-punk, gothic rock

Plakqsa-ს საკმაო ისტორია აქვს. ბენდი უმეტესწილად ოთხმოცდაათიანებში იყო აქტიური და თავისი რუსულენოვანი გოთიკური როკით ბევრის სიმპათია გამოიწვია. სამწუხაროდ, თავიანთი თითქმის ოცწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ისინი ვერ ახერხებდნენ ოფიციალური ჩანაწერის გაკეთებას, მაგრამ ბოლოსდაბოლოს 2013 წელს თავდაპირველი შემადგენლობიდან 3 მუსიკოსი შეიკრიბა და ჯგუფის საუკეთესო სიმღერები ჩაწერა. ჩანაწერის სიახლისდა მიუხედავად, ის ძალიან ბუნებრივად ჰქმნის ოთხმოცდაათიანების ატმოსფეროს იმიტაციას, მახასიათებელი ჟღერადობის დონეზეც კი. ეს ჩანაწერი ალბათ უმეტესად ჯგუფის არსებულ ფანებზეა გათვლილი, მაგრამ რუსულენოვანი გოთიკური როკის მოყვარულებსაც ეს აუცილებლად დააინტერესებთ.

მოსასმენი ბმული: Сны

27. Shakarashvili – She

a3564890361_10

hip-hop, electronic

კარგად სმენადი, ინსტრუმენტალური, ზოგჯერ აბსტრაქტიზებული ჰიპ-ჰოპი. ძალზედ მსუბუქ ჟღერადობას მუსიკა ფონურ კატეგორიაში გადაჰყავს, მაგრამ ამის საპირწონედ ბევრი სასიამოვნო მელოდია და მოკლე თემაა – ასე რომ, შესაბამისი, late-night განწყობისას ეს ალბომი ძალიან კარგი კომპანიონი იქნება.

მოსასმენი ბმული: She

28. Gvasik – Bad Trip

a1254544795_10

drum’n’bass, glitch, hip-hop, electronic

ეს კი უფრო ექსპერიმენტული, ხშირად დისსონანტური ელექტრონული ალბომია, სადაც თითქოს შემთხვევითაა ჩაყრილი ძალიან ბევრი გავლენა (ჰიპ-ჰოპი, ბრეიკბიტი, ინდუსტრიალი, დრამ-ნ-ბასი, გლიჩი და ა.შ.). შეიძლება პირველი მოსმენისას ამ იდიოსინკრაზიულობამ ცოტათი დაგაბნიოთ, მაგრამ ეს ალბომი ნამდვილად არ მოგაწყენთ.

მოსასმენი ბმული: Bad Trip

29. თემურ ყვითელაშვილი – ჩემი თბილისი

Chemi Tbilisi (Front)

jazz-rock/fusion, pop, guitar virtuoso

თემურ ყვითელაშვილი ერთობ უცნაური ფიგურაა ქართულ მუსიკაში. ქართული პოპულარული მუსიკა არასოდეს გამოირჩეოდა ინსტრუმენტული ვირტუოზების სიმრავლით და ყვითელაშვილი ამ თვალსაზრისით დიდი გამონაკლისია. მისი ზედმიწევნით ზუსტი ჯაზ-გიტარის ტექნიკა მომენტებში აღტაცებასაც იწვევს, მაგრამ სამწუხაროდ მისი დისკოგრაფია ძალიან არათანაბარია. სოლიდური jazz-rock/fusion ალბომები (“Classic-Jazz-Rock” (1994), “Made In Georgia” (2010)) ენაცვლება ძალიან მკვეთრად გამოკვეთილ, არცთუისე კარგად არანჟირებულ, პოპზე ორიენტებულ ალბომებს. სამწუხაროდ ყვითელაშვილის ეს ახალი ალბომიც ამ რიგს განეკუთვნება. თითქოს, ფურცელზე, ინგრედიენტები ძალიან კარგია: ყვითელაშვილის ვირტუოზული გიტარა, კარგი სასიმღერო ხმა, კარგი ინსტრუმენტული პასაჟები და ბევრი ძველი, დროით გამოცდილი სიმღერა – მაგრამ სინამდვილეში ეს პედანტური ვირტუოზობა მსუბუქ პოპ-სიმღერებს დიდად არ უხდება; თავისი სიმსუბუქისდა მიუხედავად, მელოდიები არ ბრწყინავენ; არანჟირების აქცენტი მთლიანად გიტარაზეა გადატანილი და კლავიშები უბრალოდ ძალიან იაფფასიანად იმიტირებენ სიმებიანებს. მოკლედ, ალბომი სუსტია, განსაკუთრებით, წინა, ძალიან კარგი ნამუშევრის შემდეგ, თუმცა აქაც არის რამდენიმე ფასეული სიმღერა – საუკეთესოა „გვფარვიდე უფალო (9 აპრილი)“, სადაც მსუბუქი არანჟირება, ძალიან ზუსტი გიტარა და დრამატული, ლამაზი სასიმღერო მელოდია ერთმანეთთან ძალიან საინტერესოდ კონტრასტირებს. ასევე აღვნიშნავდი „გულის ხმა“-ს, რომელიც მსუბუქი, ფანკზე დაფუძნებული სიმღერაა, კარგი ვოკალური ჰარმონიებით.

იხილეთ ლაშა გაბუნიას ვრცელი ინტერვიუ და 1 სიმღერა ახალი ალბომიდან: თემურ ყვითელაშვილის მსოფლიო და თბილისი

30. Newa – AC (EP)

8624810

techno, house

Newa ელექტრონულ მუსიკოს ანა კუბლაშვილის ფსევდონიმია. ის, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ფარგლებში მრავალმხრივ ექსპერიმენტებს ახორციელებს. ამ მოკლე EP-ში კი მისი ერთ-ერთი წახნაგი, house-ნარევი ტექნომუსიკა სჩანს. ეს ორნაწარმოებიანი, პატარა EP ჯერ მხოლოდ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ის “ელექტრონავტ 2013”-ში წლის საუკეთესო რელიზად დასახელდა. არანჟირებები ძალიან კარგადაა გაკეთებული, ასე რომ მუსიკა, თავისი განმეორებადობის მიუხედავად, თავს არ შეგაწყენთ.

EP-ს ყიდვა შეგიძლიათ აქ: AC

ეს კი ვიდეოკლიპი მის ერთ-ერთ ნაწარმოებზე: Ac2

2 thoughts on “2013 ქართულ მუსიკაში (ნაწილი მესამე)

  1. […] წინა წლები ქართულ მუსიკაში – 2014: 1 / 2 / 3 2013: 1 / 2 / 3 […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s