2013 ქართულ მუსიკაში (ნაწილი პირველი)

ვინაიდან ქართულ მუსიკალურ სცენას კონსოლიდება აკლია, ასეთ პატარა ქვეყანაშიც კი მუსიკალური ინფორმაცია ძალიან ნელა თუ ჟონავს. ერთის მხრივ არსებობენ გამოცემული ალბომები, რომლებსაც თითქმის არავინ უსმენს, მეორის მხრივ კი მრავლადაა უკმაყოფილო მსმენელი, რომელიც წუწუნებს, რომ საქართველოში მუსიკალურად ღირებული არაფერი იქმნება.

მათ პრეტენზიებს, საბედნიეროდ, ვერ დავეთანხმები, მაგრამ მუსიკალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კი მართლაც დიდი პრობლემაა; ასე რომ, გადავწყვიტე, შემეკრიბა და ერთად განმეხილა 2013 წელს გამოსული ქართული მუსიკალური ალბომები. ჯერ თავიდან საუკეთესო ათეულის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ვინაიდან მუსიკის, მითუმეტეს განსხვავებულის, ერთმანეთთან შედარება (ძალზედ იშვიათი გამონაკლისების გარდა) ყოვლად უსარგებლო საქმეა, გადავწყვიტე, ჩემს მიერ მოსმენილ ამ წლის ყველა ქართულ ალბომზე რაიმე გითხრათ და მათი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ბმულებით მოგამარაგოთ ან შეძენის საშუალებები გირჩიოთ.

მაშ ასე, 2013 წელს საქართველოში გამოვიდა ჩვენთვის საინტერესო ჟანრების დაახლოებით 50-მდე (!!!) ოფიციალური თუ არაოფიციალური ჩანაწერი. ასე რომ მასალა ძალიან დიდია. თავი ძალიან რომ არ შეგაწყინოთ, ამ თემას რამდენიმე ნაწილად დავყოფ, თითოეულ ნაწილში კი 10 ალბომს შემოგთავაზებთ. ვისარგებლებ ავტორის უფლებით და დავიწყებ ჩემი საკუთარით.

1. LaoZi – Lunatica

LaoZi Lunatica

progressive electronic, new age. classical

სანდრო ცქიტიშვილის პროექტის მეშვიდე ალბომი, ძალზედ მელოდიური, ოდნავ მელანქოლიური პროგრესული ელექტრონიკით. შედგება 5 საკმაოდ ხანგრძლივი ნაწარმოებისგან, სადაც ერთმანეთს მრავალი ლამაზი მელოდიური თემა ენაცვლება.

მოსასმენი ბმული: http://laoziband.bandcamp.com/album/lunatica

2. Soft Eject System – Soft Eject System 

artworks-000045725059-vrbtm2-t500x500

alternative rock, progressive folk

“Nine Mountains Away”-დან 10 წლის შემდეგ, Soft Eject ოდნავ შეცვლილი სახელით აღდგა. ათი წლის წინანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ ვახო ბაბუნაშვილია დარჩენილი, ეს პროექტი კი ფაქტობრივად მისი და ბექა გრინის კოლაბორაციაა. ალბომის დასაწყისში ჯერ-კიდევ ისმის ადრინდელი ფოლკ/ეთნიკური ექოები, მაგრამ მთავარ მუსიკალური როლში მინიმალისტურად გაწყობილი ალტერნატიული როკია. ალბომი გემოვნებითაა არანჟირებული და აკომპანემენტის სიმწირისდა მიუხედავად მაინც ახერხებს თბილი გარემოს შექმნას.

მოსასმენი ბმული: https://soundcloud.com/soft-eject/sets/soft-eject-soft-eject-system

3. Landmark – Void 

a3294623504_10

post-punk revival, indie rock

Landmark-მა, თავისი მოღვაწეობის რამდენიმე წელიწადში The National / Interpol-ის ღირებულებებზე დაფუძნებული ინდი როკით, გარკვეულ წრეებში საკმაო პოპულარობას მიაღწია. მათ პირველი ალბომი თანაბარია, სუსტი წერტილების გარეშე და ჟღერადობაც ძალიან კომფორტულადაა დაყენებული. ზემოთჩამოთვლილი ბენდების მსმენელებს ძალიან მოეწონებათ. ალბომის ვრცელი განხილვის სანახავად წაიკითხეთ რევიუ #27.

მოსასმენი ბმული: http://wearelandmark.bandcamp.com/album/void

4. შინ – არაჩვეულებრივი გამოფენა

Cover

jazz-rock / fusion

„არაჩვეულებრვი გამოფენა“ ერთობ უცნაური ნამატია „შინ“-ის დისკოგრაფიაში. ამ ბენდს მსმენელი იცნობს, როგორც ქართული ფოლკლორის ჯაზ-როკულ ინტერპრეტატორს, მაგრამ ამ ახალი ალბომისთვის ჯგუფმა დასამუშავებლად გია ყანჩელის კინომუსიკა აირჩია. ეს ალბომი არ მიჰყვება კლასიკური მუსიკის როკ-ინტერპრეტაციის სტანდარტულ შაბლონს; ალბომში მთელი კამერული ორკესტრია დამატებული და ისედაც მელოდიური კინომუსიკა კიდევ უფრო სიმფონიზებულია; არანჟირებები კი ისეა გაკეთებული, რომ ორკესტრთან ერთად ჯგუფის ადგილიც რჩება. ალბომის ბოლოსკენ მაინც სჭარბობს „შინ“-ისთვის მახასიათებელი fusion-ელემენტები, რაც კონტრასტში მოდის ალბომის ზოგად სიმფონიზმთან. არასტანდარტული ალბომია, მეტწილად წარმატებული, რამდენიმე ძალიან ძლიერი მომენტით! ალბომი ინტერნეტში არ იშოვება, თუმცა გაყიდვაშია მუსიკალურ მაღაზიებში – რეკომენდებულია!

იხილეთ ლაშა გაბუნიას ვრცელი სტატია ალბომის შესახებ და დისკის სასათაურო სიმღერა: http://anarekly.blogspot.com/2013/09/blog-post.html

5. No Regrets – Where The Sky And Sea Collide

Where-The-Sky-And-Sea-Collide-cover

doom / death metal

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ექსტრემალური სცენა 2013-ში, წინა წელთან შედარებით ნაკლებად პროდუქტიული იყო, მან რამდენიმე კარგი ნამუშევარი მაინც მოიტანა. ამათგან პირველი იყო No Regrets-ის ეს ალბომი. მუსიკა სტილისთვის სტანდარტული, მაგრამ ძალიან სოლიდურად არანჟირებული და დაყენებულია. ფონური კლავიშების მიუხედავად, მელოდიური პარტიები ძირითადად გიტარას ეკისრება. ალბომის შუაში არის რამდენიმე ძალიან დრამატული მომენტი. არაა გათვლილი ფართო მასაზე, მაგრამ უკომპრომისო doom metal-ის მსმენელებისთვის რეკომენდებულია!

გადმოსაწერი ბმული: No Regrets – Where The Sky And Sea Collide (2013)

6. Qordo – Madness (Pop Rock)

covercordo

pop rock, alternative rock

გიორგი ერგემლიძის ახალი ალბომი (ამ შემთხვევაში Qordo-ს სახელქვეშ) ძირითადად Ergland-ის “Eclectic”-ის სიმღერების გადამღერებაა, რამდენიმე ახალი, უმეტესად ქართული სიმღერით. თუმცა პირადად მე ამ სიმღერების “Eclectic”-ისეული არანჟირებები უფრო მომწონს (ეს, განსაკუთრებით, Madness Dream-ს ეხება), ეს ალბომიც კარგად ისმინება, ასე რომ მისი შემოქმედების მოყვარულებმა, არ გამოტოვოთ.

მოსასმენი ბმული: http://qordo.bandcamp.com/album/madness

7. რეზო ღლონტი – Late Night Diving (EP)

rezo

ambient, field recordings

რეზო ღლონტის ეს ახალი ნამუშევარი მისი ოკეანოფილური ესთეტიკის კიდევ ერთი მანიშნებელია. წინა ალბომიც წყალსა და ზღვას ეხებოდა, მაგრამ იქ არანჟირებაში სჩანდა კონკრეტული ნიუანსები და თემები. აქ კი ყოველგვარი მელოდიზმი გვერდზეა გადადებული და მუსიკა დაფუძნებულია ხანგრძლივ, ლამაზ drone-ზე, რომელიც ძალიან ნელა განიცდის მეტამორფოზას, მაგრამ ბოლომდე გაშთობს თავის ხასიათში. წინა ალბომი კარგი იყო (იხ. რევიუ #17), მაგრამ ეს ჩანაწერი კიდევ უკეთესია. სამწუხაროა, რომ ეს არაა სრული ალბომი, მხოლოდ EP-ა, მაგრამ რას ვიზამთ – დაველოდოთ მომავალს.

მოსასმენი ბმული: http://flamingpines.bandcamp.com/album/late-night-diving

8. Luna9 – Lost Garden Tales

luna

abstract hip-hop, electronic

Luna9 მაქს მაჩაიძის ფსევდონიმია. თავიდან მას იცნობდნენ უბრალოდ როგორც ნიკა მაჩაიძის შვილს, მაგრამ წელს დასრულებული ჩანაწერები უკვე ძალიან ძლიერი დამოუკიდებელი განაცხადია. აქ მხოლოდ იმაშიც არაა საქმე, რომ ქართველი თინეიჯერი, თავისუფლად (და საკმაოდ იდეურადაც) რეჩიტირებს ინგლისურად – ალბომის პროდუქციაა ძალიან დახვეწილი, აბსტრაქტული და ჰიპნოზური. ამას გარდა Luna9-მ რამდენიმე სხვა ჩანაწერიც გამოსცა, რომელსაც ამავე ბმულიდან ადვილად მიაგნებთ.

მოსასმენი ბმული: http://luna9.bandcamp.com/album/luna9-lost-garden-tales

9. 33ა – უსახელოური

33a_Usakhelouri_2013

worldbeat, rock

ძალიან ცდება ის, ვინც ნიაზ დიასამიძეს და 33ა-ს დღემდე 15 წლის წინანდელ სამოყვარულოდ შესრულებულ reggae-ს და „მგზავრების“ მშობელ მუსიკას უკავშირებს. დროთა განმავლობაში ნიაზმა და კომპანიამ შეისისხლხორცა იმ მსოფლიო მუსიკის (world music) გავლენები და ფასეულობები, ვისთანაც ჯგუფს მჭიდრო პერსონალური კონტაქტი ჰქონდა. ეს უკვე იგრძნობოდა წინა ალბომ „საფერავში“, მაგრამ მას მუსიკალური კომპონენტების დაბალანსება აკლდა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ასეთი მრავალგავლენიანი მუსიკის წერისას. „უსახელოური“ ერთი შეხედვით წინა ალბომზე მარტივია, მაგრამ აქ სჩანს ამ ალბომის მთავარი ძალა. ეს სიმარტივე გამოწვეულია ჟღერადობის და ისტრუმენტული არანჟირებების უკიდურესი დახვეწილობით – ზედაპირული მოსმენით ეს მუსიკა აღიქმება, როგორც ძალიან სასიამოვნო მუსიკა; ჩაკირკიტებისას კი, ძალიან ბევრი ლამაზი მუსიკალური ნიუანსი სჩანს. გირჩევთ, ყურადღება მიაქციეთ ამ ჩანაწერს – ის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა 2013-ის ალბომებიდან.

მოსასმენი ბმული: http://www.youtube.com/playlist?list=PLPPAWYpnHpdcfQINa8wMI6Toz7fVdn8Se

10. Winter Flags – Winter Flags

WinterFlags-640x640

electronic, chillout, garage

Winter Flags-ის სახელის უკან გაჩა ბაქრაძე იმალება. მას ქართულ ელექტრონულ წრეებში უკვე ძალიან კარგად იცნობენ, ჯერ როგორც Me & My Monkey-ს ყოფილ წევრს და შემდეგ როგორც საკმაოდ მრავალფეროვან ელექტრონულ სოლო-მუსიკოსს. აქამდე მის ჩანაწერებში ძირითადად garage რიტმული ექსპერიმენტები იყო წამყვანი, მაგრამ ამ პროექტში მისი მელოდიური / ატმოსფერული მხარე დომინირებს. ჟღერადობა გრილი და კომფორტულია, მელოდიური თემები თავზე ძალით არ გეხვევიან, მუსიკაც ზედმეტი ნოტებით არაა ავსებული. შედეგად – უპრეტენზიო, მაგრამ ძალიან მსუბუქად და სიამოვნებით მოსასმენი ალბომი, რომელიც მისწრებაა საღამოს დასვენებისთვის.

მოსასმენი ბმული: http://dadorecords.com/album/winter-flags/

5 thoughts on “2013 ქართულ მუსიკაში (ნაწილი პირველი)

  1. […] წელს იყო ქართული მუსიკის სიმწირე. პირველ ნაწილში 10 ალბომი შემოგთავაზეთ – ახლა […]

  2. […] გასული, 2013 წლის მუსიკალურ მიმოხილვას. პირველ და მეორე ნაწილეში 10-10 ალბომი […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s