რევიუ #29: დეციში – თანამედროვე ქართული ეთნო-მუსიკა (2002)

detsishi

folklore, progressive folk

ტრეკლისტი:

  1. ზოსქარო (3:28)
  2. ოდიშური ლირიკული (1:34)
  3. ხორუმი (4:01)
  4. ცირა (1:14)
  5. სვანური მოტივი (2:48)
  6. მთიულურის სახლის ბანზე (0:58)
  7. ფანტაზია (2:51)
  8. ინდი-მინდი (0:27)
  9. ფანდურული (2:54)
  10. აჭარული ბალადა (1:35)
  11. აჭარული დუეტი (1:55)
  12. კერასთან (0:28)
  13. ია (1:43)
  14. იმერული სალაღობო (1:10)
  15. ჩონგურული ხორუმი (3:47)
  16. ორიენტალური ვარიაციები (1:58)
  17. ისევ მენატრები (1:01)
  18. ლეჩხუმური ბუხრისპირული (1:20)
  19. ბინდი მთაში (0:57)
  20. საცეკვაო (2:32)
  21. ვარუ-დილა (1:25)
  22. ოდა-სახლის აივანზე (0:37)
  23. აბავ-დელო-დივო-დელა (1:18)
  24. გუდასტვირული (1:07)
  25. ნეტავი მომკლა ხის ძირსა (2:40)
  26. აჭარული საცეკვაო (1:27)
  27. ზღვის პირას (0:56)
  28. მთის მოტივი (2:51)

შემადგენლობა:

  • სამსონ ლეჟავა – ვოკალი, გიტარა, ფანდური, ჩონგური, დოლი, დიპლიპიტო
  • ზურაბ ლეჟავა – ვოკალი, გიტარა
  • ნიკოლოზ ლეჟავა – ვოკალი, გიტარა
  • ასმათ ოქროპირიძე – ვოკალი (4, 8, 17)
  • ირმა სოხაძე – ვოკალი (21)
  • ალეკო ხიზანიშვილი – ჭუნირი
  • დავით ყიფიანი – სალამური

ოდითგანვე, საქართველოში თაობიდან თაობაზე გადაცემული მუსიკალური მემკვიდრეობა ერის უძვირფასეს საგანძურად მოიაზრებოდა. სიმღერა არა მხოლოდ რჩეულთა ხვედრი, არამედ ქართველის გულის პირდაპირი ამოძახილი იყო – პრობლემები, სიხარული, წუხილი და ბედნიერება უმეტესად სიმღერაში და ლექსში ტოვებდა ასახვას და შთამომავლებს მათ მოსაგონრად რჩებოდა. ამიტომაც, საქართველოში მღეროდა არა თითო-ოროლა კაცი, არამედ ხშირად მთლიანი ოჯახები. ეს ტრადიცია არც საბჭოთა დროს მოშლილა. იმ პერიოდში არაერთი საოჯახო სასასიმღერო ფირფიტა გამოსულა (ჩიქოვანები, კახიძეები და ა.შ.); ასე რომ ლეჟავების ოჯახს ამ მხრივ ვერ ვუწოდებთ განსაკუთრებულს, მაგრამ აქ აღსანიშნავია ამ საქმის ხანგრძლივი მემკვიდრეობითობა: მღერის უკვე ოჯახის სულ მცირე, მეოთხე თაობა – დიდი ბაბუის მიერ 100 წლის წინ დაწერილ სიმღერებს თავის დროზე იშხნელები ასრულებდნენ და ისინი ხალხში დღესაც ძალიან პოპულარულია. (მაგ. „გიმნაზისტი გიმნაზისტკას“, „საქათმეში შეპარულა მელა“).

ლეჟავების ახლანდელი პროექტის სახელი, „დეციში“, სვანურიდან ითარგმნება, როგორც „ცაში“. ჯგუფი რეალურად 1994 წლიდან მოღვაწეობს და 3 ალბომის გამოცემა მოახერხა. ჩვენ შევჩერდებით მეორეზე, რომელიც 2002 წელს გამოვიდა და ძალიან უბრალოდ და ოფიციალურად, „თანამედროვე ქართული ეთნო-მუსიკა“ ჰქვია. დისკის დათვალიერებისას უკვე მიახლოებითი წარმოდგენა შეგექმნება ალბომის მუსიკის რაობაზე; ეს უნდა იყოს ქართული ფოლკლორის თანამედროვე, საავტორო გააზრება. 28 ნაწარმოებისგან შემდგარი სია კი მიგვითითებს, რომ ეს ჩანაწერი ერთგვარი კალეიდოსკოპია, რომელშიც სრულიად საქართველოს სხვადახვა კუთხეებისათვის დამახასიათებელი მოტივები აისახება. ამასთან ერთად, რამდენიმე შედარებით ხანგრძლივი ნაწარმოები, უზრუნველყოფს იმას, რომ ალბომი ნაწილ-ნაწილ არ დაიფშვნეს.

თუმცა ამ ალბომის მთავარ ღირსება ძალიან მარტივად აღიწერება: მუსიკა უბრალოდ უნაკლოა. უბრალო, მოკლე მოტივებშიც კი დიდი ვირტუოზობა იგრძნობა; ეს პატარა ნაწყვეტები ერთმანეთზე იდეალურადაა გადაბმული. კილოდან კილოზე გადასვლა იმდენად ბუნებრივია, რომ თითქოს ისინი ერთ დიდ კომპოზიციას წარმოადგენდეს. ეს მრავალფეროვანი კალეიდოსკოპი გამოგზაურებს საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში. შედარებით ხანგრძლივ ნაწარმოებებში კი ინსტრუმენტული ნაწილები პროგრესული ფოლკ-აფეთქებებითაა დატვირთული. ამ მეტწილად ინსტრუმენტული ალბომის მთავარ როლს გიტარები ასრულებენ, თუმცა საჭიროებისამებრ ქართული ხალხური ინსტრუმენტებიცაა გამოყენებული (მაგ. სალამური, ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, დოლი). საერთო ჟღერადობა California Guitar Trio-ს ალბომებისას წააგავს, თუმცა შესაბამისი ფოლკლორული აქცენტებითა და დამატებებით. ალბომის საუკეთესო მომენტების გამორჩევაც კი ძალიან ძნელია, ვინაიდან უკლებლივ ყველა ნაწარმოები (ყველაზე ხანმოკლეებიც კი, რომლებიც დაახლოებით ნახევარ წუთს გრძელდება) საოცრად დახვეწილი და დასამახსოვრებელია.

შესაძლოა ამ მოკლე, „სუპერპოზიტიული“ განხილვის კითხვისას, მკითხველს ჩემი მიკერძოებულობის შთაბეჭდილება გაუჩნდეს, მაგრამ იმედია, ალბომის მოსმენის შემდეგ ისიც ჩემს აზრს გაიზიარებს. ვინმე უცხოელმა რომ მთხოვოს, თანამედროვე ქართული ფოლკლორი რაც შეიძლება დადებითად დავუხასიათო, მას უბრალოდ ამ დისკს მივცემ მოსასმენად. ასეთი ალბომები მოგანდომებს ხოლმე ჯგუფის მთელი დისკოგრაფიის გამოკვლევას. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მათ სხვა ალბომებს ვერ მივაკვლიე, რაც ნამდვილად დასანანია. თუმცა ამ ნამუშევრის ხარისხის სტანდარტის კიდევ რამდენჯერმე განმეორება ძალიან ძნელი იქნება, მაინც იმედი მაქვს, რომ დანარჩენი ორი ალბომიც ასევე გამახარებს – ვნახოთ…

ამ ალბომს კი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეფასება: 10 / 10.

გადმოსაწერი ბმული: Detsishi – Modern Georgian Ethno-Music (2002)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s