რევიუ #26: Mujician & The Georgian Ensemble – The Bristol Concert (1991)

51ASxNcvkYL._SY450_

free jazz, free improvisation, avant-garde

ტრეკლისტი:

  1. Brass Wind Bells (7:48)
  2. Thoughts To Geoff (7:44)
  3. Dedicated To Mingus / Tortworth Oak (18:54)
  4. A Loose Kite (8:05)
  5. Slowly The Sunrise (6:50)
  6. Cider Dance (11:42)
  7. The Irish Girl’s Tear (4:11)
  8. Septober Energy (7:32)

შემადგენლობა:

  • Keith Tippett – დირიჟორი, კომპოზიტორი
  • Paul Dunmall – ტენორ-საქსოფონი
  • Paul Rogers – ბასი
  • Tony Levin – დასარტყამი ინსტრუმენტები
  • Julie Driscoll (Tippetts) – ვოკალი
  • მანანა წითლაძე – ვოკალი
  • მაია მელაძე – ვოკალი
  • დავით მასტერანოვი – გიტარა
  • გიორგი ბაღდასაროვი – ალტ-საქსოფონი
  • გიორგი ბერიძე – ალტ-საქსოფონი
  • ჭაბუკა ამირანაშვილი – ტენორ-საქსოფონი
  • გრიგოლ მელაძე – ტრომბონი
  • რომან პოგოევი – ტრომბონი
  • დიმიტრი სალაძე – საყვირი
  • ენვერ ხმირევი – საყვირი
  • ვახტანგ სირბილაძე – საყვირი
  • დავით ჯაფარიძე – პერკუსია

ჩანაწერმა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, თავისი მოულოდნელობით გამაოცა. დარწმუნებული ვარ, რომ ის თქვენთვისაც ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. King Crimson-ის მსმენელებისთვის Keith Tippett-ის სახელი ნაცნობია; მისი ფორტეპიანოს უნიკლური ხელწერა „In The Wake Of Poseidon”-ის, „Islands“-ის და განსაკუთრებით „Lizard”-ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

თუმცა ვინც Tippett-ის პიროვნებით დაინტერესებულა, ეცოდინება, რომ „კრიმსონული“ ეპოპეა მისი მასშტაბური და ძალიან მრავალმხრივი შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილია. 1947 წელს ბრისტოლში დაბადებული მუსიკოსის შემოქმედებით არეალს უმეტესად თავისუფალი იმპროვიზაცია / ჯაზი (free improvisation, free jazz) წარმოადგენს. მას შეუქმნია როგორც ეპოქალური, სტილის კლასიკად ქცეული სუპერპროექტები (მაგ. 50-კაციანი ექსპერიმენტული ბიგ ბენდი Centipede, რომლის შემადგენლობის ვარსკვლავურობით უბრალოდ  თვალები აგიჭრელდება), ასევე ეზოთერული, ფართო მასებისთვის თითქმის უცნობი free jazz-ჩანაწერები.

ოთხმოციანების ბოლოს მან გამოსცა სოლო საფორტეპიანო ალბომების სერია, რომელსაც Mujician (I და II) დაარქვა; 1988 წელს კი ამავე სახელწოდების იმპროვიზაციული ჯაზ-ბენდი დააარსა. ჯგუფში შევიდნენ დრამერი Tony Levin-ი (არ აგერიოთ King Crimson-ის ბასისტში!), ბასისტი Paul Rogers-ი (არც ეს კაცი მღეროდა Free-ში) და საქსოფონისტი Paul Dunmall-ი. ჯერ-ჯერობით ამ ყველაფერს საქართველოსთან კავშირი არ ჰქონია, მაგრამ…

ტიპეტი დაინტერესდა ახლადჩამოშლილი რკინის ფარდის მიღმა მუსიკალური მდგომარეობით. 1991 წელს იგი დაუკავშირდა 12 ქართველ კლასიკურ და ჯაზ-მუსიკოსს და მათ იმპროვიზაციული ჯაზ-თანამშრომლობა შესთავაზა. ქართველები დასთანხმდნენ და ტიპეტი მთელს Mujician-თან ერთად მალე თბილისსაც ეწვია. ვინაიდან დრო ბევრი არ იყო და ტიპეტმა კარგად უწყოდა იმდროინდელი ბრიტანული და ქართული მუსიკალური ფონების რადიკალური განსხვავებების შესახებ (თუნდაც ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირში იმპროვიზაციულ მუსიკას ნაკლებად სწყალობდნენ და შეიძლებოდა ეს მიდგომა ზოგისთვის ახალიც კი ყოფილიყო), მან თან ჩამოიტანა მისი ძველი ნაწარმოებების არანჟირების ხერხემალები, რასაც შემდეგ თავისუფალი იმპროვიზაციები უნდა დაფუძნებოდა. რამდენიმეკვირიანი რეპეტიციის შემდეგ მათ თავისი ნამუშევარი თბილისს წარუდგინეს; როგორც გადმოცემით გვამცნობენ, კონცერტი ძალიან წარმატებული იყო. 1991 წლის 1-ლ ივნისს კი ისინი იმავე პროგრამით ტიპეტის მშობლიურ ქალაქ ბრისტოლში, ჯაზ-ფესტივალზე წარსდგნენ. გამოსვლამ იქაც ფურორი მოახდინა; კონცერტი ცოცხლად გადმოსცა BBC-მ. 9 წლის შემდეგ კი, როგორც იქნა, ეს კონცერტი დისკზე სრულად გამოვიდა.

ამ ჩანაწერს განსაკუთრებული ადგილი უკავია Mujician-ის შემოქმედებაში. ჩვეულებრივ, მათი მუსიკა მთლიანად იმპროვიზებულია; მაგრამ ვინაიდან აქ იმპროვიზაციები წინასწარ დაწერილ არანჟირებებს დაეფუძნა, მუსიკას უფრო მეტად აქვს შენარჩუნებული სტრუქტურა. ასევე, ქართველი მუსიკოსების უმეტესად კლასიკური მიდგომის წყალობით მუსიკა გაცილებით უფრო ტონალურია, ვიდრე Mujician-ის სხვა ნამუშევრები. ტიპეტმა ქართველ მუსიკოსებს თავისი საუკეთესო ნაწარმოებები წარუდგინა და ამიტომაც თემების უმრავლესობა ძალიან ლამაზია; აქ თვითონ ტიპეტი ფორტეპიანოზე არ უკრავს – იგი ამ „ბიგ-ბენდის“ დირიჟორია. სამაგიეროდ, სტუმრადაა მოწვეული მისი ცოლი, მომღერალი Julie Driscoll-ი, რომელიც შეიძლება გეცნოთ Brian Auger & The Trinity-დან.

რა შეიძლება ითქვას ამ ჩანაწერში ქართველი მუსიკოსების როლზე? მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნაწარმოები ტიპეტს ეკუთვნის. ქართველები ამ ჩანაწერის ინტეგრალური ნაწილია. მუსიკაში აქა-იქ მიმოფანტულია ქართული მოტივები (მაგალითად პირველივე ნაწარმოებში, „პატარა ბიჭი დამეკარგა“-ს თემა); შედარებით ატმოსფერულ ნაწარმოებებს კი ქართული მრავალხმიანობის მსგავსი ჰიპნოზური ატმოსფერო აქვს (Dedicated To Mingus / Totworth Oak, Slowly The Sunrise). აქტიური ნაწილები კი ძლიერადაა დატვირთული ორიენტალისტური ვოკალური აკრობატიკით. მართალი გითხრათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო free jazz ალბომია, რაც კი ოდესმე მომისმენია. ეს ჩანაწერი გვთავაზობს არა მარტო სტილისთვის აუცილებელ უზადო საშემსრულებლო ოსტატობას, ენერგიასა და ტექსტურებს, არამედ დახვეწილ მელოდიურ თემებსა და კროსს-კულტურალიზმს, რაც Keith Tippett-ის მიერ პროექტის ბრწყინვალე დაგეგმვის შედეგია. მოკლედ, ეს ფართო მასებისთვის თითქმის უცნობი მარგალიტი ჩემი აზრით მსოფლიო ჯაზის კლასიკაა. არავინ გამოტოვოთ!

შეფასება: 10 / 10.

გადმოსაწერი ბმული: Mujician & The Georgian Ensemble – The Bristol Concert (1991)

2 thoughts on “რევიუ #26: Mujician & The Georgian Ensemble – The Bristol Concert (1991)

  1. […] მან მონაწილეობა მიიღო ქართველი და ინგლისელი მუსიკოსების უნ…. ელექტრონული მუსიკით დაინტერესებამ […]

  2. […] მან მონაწილეობა მიიღო ქართველი და ინგლისელი მუსიკოსების უნ…. ელექტრონული მუსიკით დაინტერესებამ […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s