რევიუ #25: საუნჯე – საუნჯე (1989)

C30_29689_003_S1-1_big

instrumental folk

ტრეკლისტი:

  1. აისი (3:30)
  2. თუშური (3:28)
  3. პოპური (2:30)
  4. ხევსურული (6:04)
  5. ცეკვა ქართული (ოპერა “ქეთო და კოტე”-დან) (1:40)
  6. გაღმით შენ ხარ, გამოღმით მე (3:02)
  7. უნგრული ცეკვები (ბრამსი, მონტი) (3:16)
  8. Besame Mucho (2:57)
  9. Moliende Café (2:33)
  10. ტოროლა (3:33)
  11. ანტრაქტი ბიზეს “კარმენ”-იდან (2:03)
  12. Yesterday (3:10)
  13. გამოსათხოვარი ცეკვა (4:02)

შემადგენლობა:

  • ნიკო ნადირაშვილი – სალამური, ფანდური (9), დაირა (13)
  • რაულ ნადირაშვილი – ფანდური, მარაკასი (9)
  • გია ასანაშვილი – ფანდური, კასტანეტები (9)

ისტორიის მანძილზე, ქართული ინსტრუმენტული ფოლკლორი ვოკალურის ჩრდილში იმყოფება. იმ დროს, როცა სასიმღერო ტრადიციამ დიდ სიმაღლეებს მიაღწია, ქართული ფოლკლორი საკრავებთა სიმდიდრით ნამდვილად არ გამოირჩევა და ინსტრუმენტალი ყოველთვის აღიქმებოდა უბრალოდ სიმღერის ფონად. შედეგად, დამოუკიდებელი ფოლკ-ინსტრუმენტალის განვითარება ვოკალურთან შედარებით შეფერხებული იყო.

თუმცა ინსტრუმენტული ფოლკ მოტივები ირიბად მაინც ვითარდებოდა: თავიდან, ქართველი კლასიკური კომპოზიტორების უმეტესობა იღებდა მარტივ ქართულ მელოდიებს და მათ კლასიკური ტრადიციებით ართულებდა. სამოცდაათიანების დასაწყისში კი გაჩნდა როკ-მუსიკოსების პლეადა, რომელთა საფუძველსაც უმეტესად ფოლკლორი შეადგენდა. იმ პერიოდშივე, გამოჩნდენ წმინდად ფოლკლორული ფორმაციები, რომლებმაც ხალხური საკრავებით ინსტრუმენტული მუსიკის დაკვრა დაიწყეს.

ერთ-ერთი პირველი ასეთი კოლექტივი ტრიო „საუნჯე“ იყო. ის 1972 წელს ჩამოაყალიბა სამმა მოზარდმა – ნიკო ნადირაშვილმა, რაულ ნადირაშვილმა და გია ასანაშვილმა. ნიკო და გია მაშინ 13 წლისანი იყვნენ, რაული – 9-ის. წლიდან წლამდე მათი საშემსრულებლო ოსტატობა იზრდებოდა და ამ 1989 წელს ჩაწერილ ალბომში ჩვენ წარმოგვიდგა ხალხურ საკრავთა სამი ვირტუოზი.

ალბომზე 2 ფანდური (რაული, გია) და სალამური (ნიკო) უკრავს; სამივე ინსტრუმენტი „ბოლომდე იხარჯება“ და საოცრად დინამიკურ მუსიკას ჰქმნის. ალბომის პირველი გვერდი ქართულ ფოლკლორულ მოტივებს აქვს დათმობილი, მეორე კი – უცხოური კლასიკის და პოპულარული სიმღერების ინტერპრეტაციებს. ამ ფირფიტაზე ჯგუფი არა მხოლოდ ქართული ფოლკ-ინსტრუმენტალს ავითარებს, არამედ ზოგადად ქართული ხალხური საკრავების ძალიან ფართო სტილისტურ არეალსაც ცხადჰყოფს.

საშემსრულებლო ოსტატობის გარდა ნაწარმოებების არანჟირებაც ძალიან კარგია. მაგალითად, „აისი“-ს მელოდია ამ დამუშავებით წლების შემდეგაც ძალიან პოპულარული იყო. „ხევსურულ“-ში კი მეჩხერი არანჟირება პარადოქსულად ჰქმნის საკმაოდ ხანგრძლივ, გავნითარებად კომპოზიციას, სადაც მსმენელი, ყურადღებით დაკვირვებისას, მთის ფოლკლორისთვის არატიპიურ აკორდულ პროგრესიებსაც შეამჩნევს. მეორე გვერდის არანჟირებები ბორის შხიანს ეკუთვნის; ისინი ძალიან კარგადაა მორგებული ფოლკლორული ინსტრუმენტებისთვის და თითოეულს თითქმის ყველა ნაწარმოებში აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას (თუმცა ყველაზე მეტად მაინც სალამური ბრწყინავს);  ბრამსთან და ბიზესთან ერთად აქ “Besame Mucho“-ს და “Yesterday“-ს „ფოლკლორულ“ ვარიანტებსაც შეხვდებით.

ჩვენს წინაშეა ძალიან კარგად შესრულებული და დაკრული ალბომი, რომელსაც თავისი სტილური სპეციფიკიდან გამომდინარე, ალბათ არ ეყოლება ფართო, სტაბილური აუდიტორია, მაგრამ ის, თუნდაც თვალსაწიერის გასაფართოებლად, მაინც ყველასათვისაა რეკომენდებული. ქართული მუსიკისთვის ამ ალბომის და ზოგადად „საუნჯის“ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ბევრი მსგავსი ფორმატის ტრიო, რომელიც შემდგომ წლებში გამოჩნდა (მაგ. „გეორგიკა“) და ფოლკლორული მუსიკისადმი ეს მიდგომა კიდევ უფრო მეტად დაამკვიდრა. რაც შეეხება „საუნჯეს“, მისი წევრები აშშ-ში გადასახლდნენ და ტრიო ახლა იქ მოღვაწეობს.

ალბომს კი, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით 8 / 10-ს დავუწერ.

გადმოსაწერი ბმული: საუნჯე – საუნჯე (1989)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s