რევიუ #13: ლალე – EP 1 & EP 2 (1972, 1973)

psychedelic folk, psychedelic pop

ტრეკლისტი:

  • EP 1 (1972)
  1. საქართველოს თეთრი მთები (1:45)
  2. ბალადა მამაზე (3:56)
  3. ფიქრებთან მარტო (4:14)
  4. თბილისური სატრფიალო (2:50)
  • EP 2 (1973)
  1. ოროველა (2:36)
  2. სევდა (3:49)
  3. ზღვა (2:55)
  4. ხევსურული (2:16)

შემადგენლობა:

  • ედუარდ სეფაშვილი – ანსამბლის ხელმძღვანელი
  • ჯულიეტა მურადელი – სოლისტი
  • და სხვ.

ახლა მინდა ჩვენი თაობისათვის კიდევ ერთი თითქმის უცნობი ჯგუფი გაგაცნოთ. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში მათზე მხოლოდ ერთ ადგილას არის გაკვრით აღნიშნული (შეგიძლიათ Google-თი შეამოწმოთ). ეს უკვე მერამდენე მაგალითია საკუთარი კულტურისადმი უკიდურესი გულგრილობისა. ეს ყველაფერი ძალიან დასანანია, ვინაიდან  აქ საქმე საკმაოდ იმედისმომცემ კოლექტივს ეხება, რომელსაც ჩემი აზრით გააჩნდა უნარი, რომ გაცილებით მეტი წარმატებისთვის მიეღწია, გადამწყვეტ მომენტებში ოდნავ უფრო მეტად რომ გამართლებოდა.

ლალე“, ედუარდ სეფაშვილის ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ ორმოცდაათიანი წლების მიწურულს შეიქმნა, როგორც ვოკალურ-ინსტრუმენტული ტრიო. სამოციანების ბოლოს ფორმატი კვარტეტამდე გაფართოვდა, რაზეც შემდეგ სრული ანსამბლი დაეფუძნა; ასე რომ „ლალე“-ს, როგორც ვია-ს დაბადების ოფიციალურ თარიღად 1970 წელია მიჩნეული. ამის გარდა, ჯგუფის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. სოლისტი ძალიან ნიჭიერი მომღერალი, ჯულიეტა მურადელი იყო. ჯგუფის არსებობის პერიოდში სეფაშვილი და მურადელი დაქორწინდნენ და გაუჩნდათ შვილი მერაბი, ყველასათვის ცნობილი მომღერალი.

ჯგუფს არც ჩანაწერებით გავუნებივრებივართ; ისტორიას მათგან მხოლოდ ორი მინიონი შემორჩა. პირველი მათგანი 1972 წელს გამოვიდა. მუსიკალური თვალსაზრისით აქ ძალიან საინტერესოა ქართული ფოლკლორისა და ფსიქოდელური, ორღანით დომინირებული ჟღერადობის პირდაპირი შერწყმა. მელოდიური, ნელი ბალადები კი ძალიან კარგად მოუხდა მურადელის თბილ, ექპრესიულ ვოკალს. მსგავს ღირებულებებზე, რამდენიმე წლის შემდეგ, „ივერიამ“ თავისი სადებიუტო ალბომი ააგო. სამწუხაროდ, ქართულ-რუსული ქიმერების იმჟამინდელმა მოდამ ამ მინიონშიც ჰპოვა მცირე გამოძახილი, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში გასაგებია ჯგუფის გამოუცდელობის გამო.

მეორე მინიონი ერთი წლის შემდეგ, 1973 წელს გამოვიდა და აქ შეიმჩნევა ჯგუფის საგრძნობი შემოქმედებითი ზრდა. „ლალე“-მ დაკვრის თვალსაზრისით მოუმატა და ის ერთი წლის წინანდელი ხარვეზებიც ამ ჩანაწერში აღარ შეიმჩნევა. მინიონს „ოროველა“ ხსნის – ეს ფოლკლორული სიმღერა ძალიან კარგადაა ფსიქოდელურად ინტერპრეტებული. იგივეს, რამდენიმე წლის შემდეგ, „75“ იზამს. ჩანაწერის შუაგული ისევ ორ, ძალიან ლამაზ, ბრწყინვალედ ნამღერ ბალადას უკავია. მათ კი ისევ საინტერესო ფოლკ-ინტერპრეტაცია მოჰყვება.

სამწუხაროდ, საკმაო პოპულარობის მიუხედავად, ჯგუფს მეტი ჩანაწერი აღარ გამოუცია და მალევე დაიშალა, მურადელი და სეფაშვილი კი ისევ აკუსტიკურ-ვოკალურ ფორმატს დაუბრუნდნენ. ეს ორი ჩანაწერი უნდა ჩავთვალოთ ქართული ფოლკლორისა და ფსიქოდელიის დაახლოების ერთ-ერთ პირველ მასიურ მაგალითად („დიელო“ და „ორერა“ ამ პერიოდში ამას ძალიან იშვიათად აკეთებდნენ). „ლალე“-ს რომ დასცლოდა, ვინ იცის, შეიძლება ისინი ქართული როკის ლიდერებს შორისაც აღმოჩენილიყვნენ…

ასეა თუ ისე, ესაა, რაც ამ ჯგუფმა დაგვიტოვა; ორივე მინიონს ერთად დაახლოებით 7,5 / 10-ს დავუწერ და რეკომენდაციასაც გავუწევ.

გადმოსაწერი ბმული: Lale – EP1 & EP2 (1972/73)

3 thoughts on “რევიუ #13: ლალე – EP 1 & EP 2 (1972, 1973)

  1. David says:

    გამარჯობა,

    დიდი მადლობა ამ ბლოგისთვის, ქართული მუსიკის და ალბომების საუკუთესო წყაროა.

    მე არ ვცხოვრობ საქართველიში და ლალეს მინიონების მოძიება პოვნა შესაძლებელია თბილისში?

    იგივე კითხვა მაქვს რამოდენიმე ალბომზე თქვენი ბლოგიდან, ფირფიტების მოძიება როგორ ხდება ამჟამად?

    მადლობა,

  2. thandrus says:

    გამარჯობა დავით,

    მიხარია, რომ ბლოგი გამოგადგა. “ლალე”-ს მინიონები ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მოსაძიებელი რამაა თბილისშიც კი. ძირითადად მშრალ ხიდზე იყიდება აქ ვინილები და ერთადერთხელ ვნახე “ლალე”. სხვა დანარჩენს, უმეტესობას, ოდნავ უფრო მარტივად იშოვი. ერთი უცნაურობაა ოღონდ: ალბომის სიიშვიათე არაა დიდად დამოკიდებული ბენდზე ან ალბომის პროდუქციაზე. უბრალოდ, სამოცდაათიანებში დისკ-გიგანტები (ანუ, რასაც LP-ს უძახის მთელი სამყარო) გაცილებით უფრო დიდი ტირაჟით გამოდიოდა, ვიდრე მინიონები. ოთხმოციანებში ალბომების ტირაჟირება ძალიან შემცირდა, ასე რომ ოთხმოციანებში გამოსული ალბომების შოვნა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე, მაგალითად “ორერა”-ს სამოცდაათიანების ჩანაწერების.

    მეორე ვარიანტია ინტერნეტ-საიტებზე (cdandlp, ebay და ა.შ.) მოძებნო, თუ იცი, რასაც ეძებ. მე იქიდან პირადად არაფერი გამომიწერია, მაგრამ ბევრი მიძებნია და ბევრი ქართული რარიტეტი იქ იყიდება.

    პ.ს. თუ თქვენც გაქვთ რაიმე რარიტეტული ქართული ჩანაწერი, ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ გააციფრულებთ და გამოგიგზავნით – ბევრი ჩანაწერი ამ ბლოგზე ასეთი ძიებითაა ნაპოვნი🙂

  3. David says:

    მადლობა, მადლობა!

    ჩანაწერებს რაც შეეხება, შეგეხმიანები როგორც კი უსაშველო მივლინებები დამიმთავრდება და ჩემ ფირფიტებდან დავბრუნდები.

    თბილისში რაღაც ალბომებს ეხლაც ვაძებნინებ მშრალი ხიდის დილერებს, მაგრამ როგორც ჩანს არ არის ადვილი განსაკუთრებით კარგი ხარისხით პოვნა. რაღაც ჩანაწერები ვიშოვე ეხლახანს, ვნახოთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება და გავაციფრულებ.

    დ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s