რევიუ #12: ZumbaLand – Multi Test (2011)

progressive folk,  jazz-rock / fusion

ტრეკლისტი:

  1. ოდა (6:38)
  2. ნარდანინა (7:15)
  3. მასპინძელო (4:49)
  4. ციცინათელა (6:02)
  5. ღიღინი (5:11)
  6. ნოსტალგია (4:01)
  7. ნანა (5:22)
  8. მაყრული (6:26)

შემადგენლობა:

  • ზაზა კორინთელი – ვოკალი, გიტარა, ჩასაბერი ინსტრუმენტები, პერკუსია
  • სანდრო ნიკოლაძე – ფლეიტა, პერკუსია, ვოკალი
  • პალო გუკასოვი – ბას-გიტარა
  • სოსო კაპანაძე – კლავიში
  • სოსო თუთარაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ვოკალი

თუ წლების განმავლობაში ზუმბას მუსიკას თვალს ადევნებდით, თქვენთვის ახალი არ იქნება, რომ ზაზა კორინთელი ყოველთვის ცდილობდა ქართული ფოლკლორის სხვადასხვა სტილებთან სინთეზს. თავიდან ეს იყო პანკი, შემდეგ რეგგი, ბლუზი, მოგვიანებით კი ფოლკლორში უფრო ღრმა წვდომა და ეთნო-ჯაზისკენ სვლა. ასე რომ, სტილის ევოლუციის კიდევ ერთი ნაბიჯი მისგან არაა მოულოდნელი. მაგრამ მეორე მხრივ, ამ ცვალებადობას ყოველთვის დაჰკრავდა „ექსპერიმენტულობის“ ელფერი – გასაკვირი და მისასალმებელი კი სწორედ ისაა, რომ ზუმბას ახალი ალბომი, „მულტი-ტესტი“ უკვე ესთეტიკურად გამართულ, ფოლკლორულ ფესვებზე ჩამოყალიბებულ jazz-rock / fusion-ს გვთავაზობს.

პირველი, რაც „მულტი-ტესტში“ გაგაკვირვებთ, ზუმბას ჩვეული გიტარით დომინირებული ჟღერადობის უარყოფაა. კორინთელის გიტარა აქ ძირითადად მხარდამჭერ როლს ასრულებს, წინა პლანზე კი უმეტესად კლავიშებსა და ჩასაბერი ინსტრუმენტების კომბინაციაა წამოწეული. ამ ინსტრუმენტთა ლიდერობა ალბომს მკვეთრად სიმფონიურ ელფერს ანიჭებს; თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ალბომის შედარებით მშვიდ, ატმოსფერულ მომენტებში ფონური გიტარა და ბასიც ლამაზი მელოდიური ნაწყვეტებით ამდიდრებს მუსიკას.

პირველ სამ ნაწარმოებში მართლაც დიდი აღმაფრენა იგრძნობა. ინსტრუმენტალი „ოდა“ რამდენიმეწუთიანი მშვიდი ინტროს შემდეგ ბევრ ძალიან ლამაზ, მზიან, ნათელ fusion-პასაჟს გვთავაზობს, სადაც ფოლკ-მომენტები წვრილად, მაგრამ გამოსაჩენადაა ჩაქსოვილი. თემიდან თემაზე გადასვლები იდეალურია და მოსმენაც ერთი სიამოვნებაა. „ნარდანინა“ ალბომის ყველაზე ხანგრძლივი და ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწარმოებია: ნელი, ატმოსფერული და ზუსტად იმ დოზით არანჟირებული, რამდენიც ამ სიმღერას სჭირდება. შედეგად ერთი მცირე ნიუანსიც კი არ იფარება. სიმღერის დრამატიზმი ნელ-ნელა იმატებს და სადღაც შუაში პიკს აღწევს, რის შემდეგ ნელ-ნელა მშვიდდება. მე ძალიან მიყვარს მუსიკის ასეთი ტალღოვანება. „მასპინძელო“-ც კომპოზიციურად ძალიან მესაინტერესოება: აქ თითქოს ვოკალური ნაწილები გაჩერებებია სადაც ინსტრუმენტულ ნაწილს ოდნავი მოსვენების და ენერგიის თავიდან აკრეფის საშუალება ეძლევა. საბოლოოდ სიმღერა ლამაზი fusion გათამაშებით სრულდება.

ამ სამი ტოპ-კლასის სიმღერის შემდეგ „ციცინათელა“ ნაკლებად შთამბეჭდავია თავისი ცოტათი ტრივიალური ვოკალური მელოდიისდა გამო, თუმცა სიმღერა ინსტრუმენტულად აქაც საინტერესოდაა გაწყობილი. „ღიღინი“ ფოლკლორული თემების და წელგამართული ჯაზ-როკ დინამიკის სინთეზია. „ნოსტალგია“ ამ ალბომში ყველაზე ახლოსაა ტრადიციულ ჯაზთან. თავისთავად ნაწარმოები არაა ცუდი. მაგრამ ალბომის საერთო განწყობიდან ოდნავ ამოვარდნილია ფოლკ-ატმოსფეროს ნაკლებობის გამო.

სამაგიეროდ ამ დანაკლისს ბოლო ორი სიმღერა ინაზღაურებს: „ნანა“ „ნარდანინას“ წააგავს, ასევე ნელი და მინორული, ოღონდ ემოციურად ოდნავ განსხვავებული განვითარებით. „მაყრული“ კი ალბომის მშვენიერი დასასრულია: აქტიური, ისევ მაღალი კლასის ჯაზ-როკ სვლებით, მრავალფეროვანი სასიმღერო მელოდიებით და მრავალი თემის ძალიან ორგანული შერწყმით.

ჩემი აზრით, „მულტი-ტესტი“ ძალიან მაღალი კლასის ალბომია, რომელიც დასავლეთში რომ გაიტანო, ჯაზ-როკ წრეებში აუცილებლად შეამჩნევენ. ეს არ ჰგავს ფოლკ მუსიკოსის მიერ ჩაწერილ fusion-ალბომს და არც ჯაზ მუსიკოსის მიერ გაკეთებულ ფოლკ ექსპერიმენტს. აქ jazz-rock-იც და ფოლკლორიც თანაზომადად, ერთუფლებიანადაა წარმოდგენილი და ნათელჰყოფს, რომ ქართულ ფოლკლორს შეუძლია არამხოლოდ პოპულარული სტილის ორნამენტად ყოფნა, არამედ მასთან ორგანულად შერწყმა და ჯანმრთელი ესთეტიკის ჩამოყალიბება.

ალბომის მუსიკალური ფასეულობისა და პირადი ბონუსის გათვალისწინებით, შეფასებაა 9/10.

გადმოსაწერი ბმული: ZumbaLand – Multi Test (2011)

ამ ალბომს და ზუმბას მთლიან დისკოგრაფიას შეგიძლიათ მოუსმინოთ ასევე ზაზა კორინთელის ვებ-გვერდზე: http://www.zazakorinteli.com

3 thoughts on “რევიუ #12: ZumbaLand – Multi Test (2011)

  1. Nino says:

    მადლობა ავტორს, საინტერსო შეფასებისთვის, მართლა კარგი ალბომი გამოვიდა.

    • thandrus says:

      ძალიან კარგი, თუ მოგეწონათ. სხვათაშორის, “არტ-გენ”-ზე გამოდიან 20 ივლისს; საინტერესო უდნა იყოს🙂

  2. nino says:

    ავტორს ვთხოვ შემეხმიანოს ამ გვერდზე https://www.facebook.com/zaza.korinteli

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s