რევიუ #4: სტუმარი – ბეწვის ხიდი (2004)

cover

folk, psych folk, progressive folk

ტრეკლისტი:

  1. დასალოცი (3:11)
  2. ჩიორა (2:22)
  3. ღვთის ბრძანებით (2:41)
  4. ხასანბეგურა (4:59)
  5. ზღარბუნები (3:16)
  6. ხორუმი (2:29)
  7. ნანა (3:49)
  8. შუქურვარსკვლავი (2:43)
  9. ბეწვის ხიდი (3:07)
  10. ოდოია (4:39)

შემადგენლობა:

  • ნინო ჯანჯღავა – ვოკალი, ფლეიტა, კლავიშები
  • მარინა ჯანჯღავა – ვიოლინო, ვოკალი
  • დავით ხოსიტაშვილი – გიტარა, ფანდური
  • თამარ მირიანაშვილი – კონტრაბასი, ბასი
  • ნოდარ მანჩხაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები

ჯგუფი „სტუმარი“ საინტერესო, სალონური ტიპის კოლექტივია, რომელიც ძალიან იშვიათად თუ მართავს კონცერტებს. ამის მიუხედავად, ჩვენს ხელთაა მათი პატარა, მაგრამ ძალიან სიმპათიური ალბომი, რომელზეც სიამოვნებით ვიტყვი რამდენიმე სიტყვას.

როდესაც თანამედროვე ქართულ და ევროპულ ფოლკლორებს ადარებ, ქართული ერთობ ორთოდოქსულად, ხშირად , ცოტა არ იყოს, არქაულადაც მოსჩანს. რათქმაუნდა, ამას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს – შენარჩუნებულია თავდაპირველი ფორმები და მოტივები. მეორეს მხრივ, ამას თან სდევს გარკვეული ერთფეროვნება და „დროითი შეუსაბამობა“ (temporal discord), რაც პატარა ქვეყნისათვის დამახასიათებელი „ვიწრო“ ფოლკლორული სცენის პირობებში ამ სტილის ერთგვარ ცალმხრიობას და სტაგნაციას განაპირობებს, ვინაიდან ასეთ პირობებში ძალზე ძნელად თუ წარმოიშვება ახალი იდეა, რომელზეც ახალი ფოლკ მოტივი, მიმართულება თუ ესთეტიკა დაეშენებოდა.

ამიტომაც, ერთიორად სასიხარულოა „ბეწვის ხიდი“-სნაირი ალბომის მოსმენა, სადაც ქართული ფოლკლორული მოტივები და ატმოსფერო ახლებურადაა გააზრებული. ეს ყველაფერი სოლიდურად (შეიძლება ითქვას, ერთგვარი კლასიციზმით) და საეჭვო ავანტიურების გარეშეა გაკეთებული – ისე, რომ ფოლკ-პურიტანიც ვერაფერს დაუწუნებს.

საერთოდ, ქართული ხალხური მუსიკა საკრავების მხრივ შედარებით ღარიბია, ინსტრუმენტები კი მარტივი. ამიტომაც ინსტრუმენტული არანჟირება ყოველთვის უკანა პლანზე იდგა და გზას ლამაზ ვოკალურ მელოდიებს უთმობდა. აქ კი ინსტრუმენტთა ნაკრები დასავლურია: გიტარა, ფლეიტა, ბასი და სხვადასხვა პერკუსია, რაც ზრდის  ინსტრუმენტული პოტენციალს. ალბომის მთავარი ხიბლიც მეტად საინტერესო არანჟირებებია, რომლებიც ვოკალს მხარდამხარ მიჰყვება, მაგრამ არასოდეს ჩრდილავს მას.

ალბომს „დასალოცი“ იწყებს. პირველი წამებიდანვე ხვდები, რომ მთლად ტრადიციულ ფოლკლორთან არ გაქვს საქმე. ჯერ გიტარა შემოდის, შემდეგ კი ფლეიტა და სიმებიანები საკრავები. რეჩიტატივული ვოკალი კი ამ კომბინაციით შექმნილ ატმოსფეროს მისტიკურ ხასიათს ანიჭებს.

შემდეგი, „ჩიორა“, აგებულია შედარებით ტრადიციულ, განმეორებად ფოლკლორულ მოტივზე, რომელიც არანჟირების ვარიაციებითა და ტონალობიდან ტონალობაში ჭკვიანური გადასვლებითაა მორთული.

„ღვთის ბრძანებით“ და „ხასანბეგურა“ ალბომს უფრო ფსიქოდელურ ელფერს სძენს. პირველში ამას ფონად მიმავალი კლავიშების პარტია აკეთებს, მეორეში კი განმეორებადი მოტივი, რომელიც ბოლოსკენ საინტერესო დევიაციებით ვითარდება. განსაკუთრებით საინტერესოა გუდასვტვირი მოულოდნელი ჩართვა.

„ზღარბუნები“ სტრუქტურულად მარტივია, ლამაზი ვოკალური მელოდიითა და არანჟირებით; სიმღერის სმენისას მართლა გგონია, რომ ნაშუადღევს, სადღაც ტყეში, ნაძვის ძირას ზიხარ და ზღარბებს უმზერ.

„ხორუმი“ და „ნანა“ შეიძლება თამამად ჩაითვალოს პროგრესულ ფოლკად. „ხორუმი“ ძალიან საინტერესოდ არანჟირებული ინსტრუმენტალია: აქაც მთავარი თემა გამდიდრებულია ვარიაციებითა და ცვალებადი რიტმებით, რომლებიც დინამიკას ოდნავადაც არ ამცირებს. ის მართლაც ერთი ამოსუნთქვით ისმინება. „ნანა“ კი ალბათ ყველაზე დისსონანტური იავნანაა, რაც კი ოდესმე მომისმენია. რევერბერირებულ ბარაბნებს, ატონალურ გიტარასა და ფლეიტის სუსტ, ფსიქოდელურ ამოძახილს მხოლოდ მინიმალური ვოკალის წვრილი ძაფი აერთებს. მსგავსი რამ ქართულ ფოლკლორში არა მგონია ოდესმე დაწერილიყოს!

„შუქურვარსკვლავი“ მოკლე ეტიუდივითაა, რომლის მიზანი ვოკალური ჰარმონიებით ექსპერიმენტია. შემდეგი სიმღერაა „ბეწვის ხიდი“. ალბომს ამ სიმღერის სახელწოდება მართებულად დაერქვა, ვინაიდან ის ამ ნამუშევრის ზოგად განწყობას ზუსტად გამოხატავს. სიმღერა ნელ მელოდიას მიჰყავს. ის ისე ვითარდება, რომ ვოკალსა და ფლეიტას თავისუფალი ექსპრესიის საშუალება ეძლევა. შედეგად ვიღებთ ლამაზ, მაჰიპნოზებელ-მელანქოლიურ ატმოსფეროს, რომელიც წამითაც არ მოგაწყენს, ვინაიდან სიმღერა ნელა, მაგრამ უწყვეტად იშლება.

ალბომს ყველაზე ენერგიული სიმღერა „ოდოია“ ხურავს. აქ ყველაფერს შეხვდები, გამხსნელი, თითქმის როკენროლური გიტარის პროგრესიიდან მშვიდ პასაჟებამდე. ბოლოში კი პერსკუსიის მოკლე სოლოსაც მოისმენთ, რომელიც კომპოზიციიდან საერთოდ არ ვარდება (ბევრი ასეთი სოლოსაგან განსხვავებით). ეს ეკლექტური სიმღერა ალბომს ღირსეულად აგვირგვინებს.

საერთო ჯამში,საქმე გვაქვს მოკლე, თითქმის იდეალურად ჩაწერილ და შესრულებულ მუსიკასთან. ეს ქართული ფოლკლორის გათანამედროვების წარმატებული მცდელობაა. „ბეწვის ხიდი“ ქართველ მსმენელზე უფრო მეტ შთაბეჭდილებას მოახდენს, ვიდრე ევროპელზე, ვინაიდან ევროპისთვის ამგვარი მიდგომა უცხო აღარაა, ქართული ფოლკლორისთვის კი ეს სუფთა ჰაერის შემოჭრას ჰგავს. ასეათუისე, ალბომი მუსიკალურად საკმარისად ფასეულია, რომ ფოლკლორის ნებისმიერ მოყვარულს მოაწონოს თავი.

შეფასება: 8,5 / 10

გადმოსაწერი ბმული: http://www.mediafire.com/?4cnj70svcx920io

One thought on “რევიუ #4: სტუმარი – ბეწვის ხიდი (2004)

  1. aragviani says:

    Reblogged this on არაგვიანი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s