ბლოგი ქართული მუსიკის შესახებ: შესავალი

გამარჯობა🙂

ამ ბლოგის შექმნა თანამედროვე ქართული მუსიკის მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, 20-30 წლის წინანდელ ქართულ მუსიკაზე ჩვენ ძალიან ფრაგმენტული ცნობები მოგვეპოვება. რაც მაშინ პოპულარული იყო, ახლა ხშირად ინტერნეტში სანთლით საძებნია, ისიც ხშირად ამაოდ. ზოგჯერ ისეთი ანეკდოტური მდგომარეობაც კი იქმნება, როდესაც სიმღერა ან კომპოზიტორი „მთელ ქვეყანას უყვარს“ და მის ნამუშევრებს კი მხოლოდ ძველ, მივიწყებულ ვინილებზე თუ მოისმენს ის იღბლიანი ადამიანი, ვისაც ძველი, საბჭოთა ფირსაკრავი ჯერ კიდევ შემორჩა. თუმცა, რაღა ასე შორს წავიდეთ – ეს პრობლემა საქართველოში კომპაქტ-დისკის პოპულარიზაციამდელი ეპოქის მუსიკას უნივერსალურად აწუხებს, ე.ი. სადღაც 2000-2002 წლებამდე.

ასეთი ეპიზოდური ინფორმაციის დროს ხელოვნების შესახებ ხშირად ზედაპირული აზრები, შეფასებები და სტერეოტიპები ყალიბდება. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ამას ყველაზე უკეთ გავიგებთ, ვინაიდან ეს ჩვენდაუნებურად გარკვეული დოზით თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს. მაგალითად, ბევრს გვგონებია ყანჩელი მხოლოდ კინომუსიკის კომპოზიტორად, ბასილაია – ქალაქურების შემსრულებლად, საბჭოთა დროის ქართული როკი არარსებულად და გასული დეკადა მუსიკალურ ვაკუუმად. ამის მიზეზი ის არასრული ინფორმაციაა, რაზეც ხელი მიგვიწვდება ან უბრალოდ, რითიც ვინტერესდებით. ეს აზრები ზოგჯერ შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ როგორც საკუთარმა გამოცდილებამ მიჩვენა, ხშირად ძალიან მცდარია.

ამ ბლოგის მიზანია შეძლებისდაგვარად შეკრიბოს ესოდენ გაფანტული ქართული თანამედროვე (და ნაწილობრივ, კლასიკურიც) მუსიკა და ის მკითხველს გააცნოს. ასევე, გამოიწვიოს დისკუსია ქართველ მუსიკოსთა შემოქმედების შესახებ და ხელი შეუწყოს მივიწყებული ქართული მუსიკის ახლებური თვალით განხილვას, თემის გარშემო იდეების გაზიარებას და იმედია, ზემოთნახსენები სტერეოტიპების მსხვრევას.ბლოგზე დაიდება ალბომების ვრცელი რევიუები და მუსიკის გადმოსაწერი ბმულები. ბლოგი განახლდება შეძლებისდაგვარად ხშირად, თუმცა იმედია, პაუზებს გაგებით მოეკიდებით. ჩემს ნაწერზე მნიშვნელოვანი კი აქ მკითხველის აქტიურობა და შეხედულებების რაც შეიძლება ვრცელი და ხალისიანი ურთიერთგაზიარება იქნება – სხვანაირად ამ ყველაფერს ძალიან მცირე აზრი აქვს.

მუსიკალური სტილის მხრივ შეზღუდვა არ იქნება – განიხილება ყველაფერი ჰიპ-ჰოპიდან ავანგარდამდე, რასაც კი ქართველი მუსიკოსი დაწერს🙂 მაგრამ ვინაიდან მეც თქვენნაირი მსმენელი ვარ, სხვადასხვა სტილებში კომპეტენციის სხვადასხვა დონით, იმედია, განხილვას შეხედავთ როგორც სუბიექტის იდეებს და არა აბსოლუტური ჭეშმარიტების მტკიცების მცდელობას.ახალგაზრდა მუსიკოსებს: თუ გინდათ თქვენი მუსიკა განხილულ იქნას ბლოგზე, მე ამას სიამოვნებით ვიზამ. მაგრამ ბლოგი განიხილავს სრულ ალბომებს (და EP-ებს მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით), ასე რომ, მიეცით თქვენს მუსიკას კარგად შეფუთული, ალბომის სახე. არ არის აუცილებელი, ალბომს ოფიციალურის შტამპი ერტყას, საქართველოში გამოსული ძალიან ბევრი ალბომი მაინც არაოფიციალურია. უბრალოდ: სახელი / ალბომის დასახელება / ტრეკლისტი / გარეკანი (არაა აუცილებელი, მაგრამ სასურველია). ალბომის ლინკი შემდეგ ბლოგზეც დაიდება რევიუსთან ერთად.

მოკლედ, იმედია ამ ბლოგზე თქვენთვის ბევრ ახალს და საინტერესოს გაიგებთ და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სასიამოვნო დროს გაატარებთ🙂

პატივისცემით,
Thandrus

P.S. ბლოგს შეგიძლიათ მიჰყვეთ Facebook-ზეც:
http://www.facebook.com/GeorgianMusicBlog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s