რევიუ #3: 75 – ოროველა (1976)

jazz-rock / fusion, progressive folk, symphonic prog, blues

ტრეკლისტი:

  1. საახალწლო (1:55)
  2. ოროველა (3:24)
  3. Берёзка (4:19)
  4. დრო (3:01)
  5. თეთრი ფერია (4:22)
  6. სიყვარული არ იქნება (1:51)
  7. საჭიდაო (1:16)
  8. Something ’bout You Baby I Like (3:18)
  9. Любимая (2:25)
  10. ეტიუდი (2:29)
  11. კახური (2:48)
  12. Separate Ways (3:41)
  13. იმერული ურმული (2:49)
  14. ნამგალო (4:38)

შემადგენლობა:

  • რობერტ ბარძიმაშვილი – ანსამბლის ხელმძღვანელი
  • უჩა კორძაია – ვოკალი, ფლეიტა, საქსოფონი, დასარტყამი ინსტრუმენტები
  • არჩილ სიმონიშვილი – ვოკალი, ბას-გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები
  • რომან რცხილაძე – ვოკალი, როიალი, ორღანი, ვიბრაფონი
  • ვალერი კონდახჩიანი – ვოკალი, დასარტყამი ინსტრუმენტები, ბას-გიტარა, საყვირი
  • გოჩა ლორია – ვოკალი, გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები
  • არჩილ ასლანიშვილი – ვოკალი, გიტარარობერტ ბარძიმაშვილი – ანსამბლის ხელმძღვანელი
  • დათო ჯანელიძე – ვოკალი, ტრომბონი, გიტარა, ბას-გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები
  • გარი მოდებაძე – ვოკალი, საყვირი

1958 წელი. უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი რობერტ ბარძიმაშვილი თანამოაზრეეებთან ერთად ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ ”ორერას” აყალიბებს. ”ორერა” საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი ”ვია” იყო და ფაქტობრივად შექმნა ჩანასახი იმისა, რასაც ახლა საბჭოთა როკ-მუსიკას ვუწოდებთ.

გადავახვიოთ ლენტი. 16 წლის შემდეგ, 1974 წელს, ბარძიმაშვილი მიხვდა, რომ ”ორერა”, სუპერპოპულარობის მიუხედავად, უკვე წლების მანძილზე ღრმა შემოქმედებით სტაგნაციას განიცდიდა და დატოვა ჯგუფი.მუსიკოსმა გადაწყვიტა შეექმნა ახალგაზრდა შემსრულებლებით დაკომპლექტებული კოლექტივი, რომელსაც ახალი, უფრო ხალასი იდეები და ამავე დროს, მაღალი პროფესიონალიზმი ექნებოდა. ამ მიზნით, მან ”ორერადან” ახალგაზრდა ფლეიტისტი, კონსერვატორიის კურსდამთავრებული, უჩა კორძაია წამოიყვანა და ანსამბლის შემადგენლობაც კლასიკური განათლების მქონე მუსიკოსებით შეავსო.როდესაც ჯგუფისთვის სახელის დარქმევის დრო დადგა, ბარძიმაშვილმა რჩევა მსმენელებს ჰკითხა. ყველაზე პოპულარული სახელი ”ორერა-75” აღმოჩნდა, მაგრამ ჯგუფის ლიდერი ძველ ”ორერასთან” ასოციაციას მოერიდა და ახალ კოლექტივს უბრალოდ ”75”დაარქვა.ჯგუფის მუსიკალური გეზიც ბუნებრივად გამოიკვეთა. მის საფუძველს შეადგენდა ორიგინალურად დამუშავებული ქართული ფოლკლორული თემები. ჯგუფის წევრების საშემსრულებლო ოსტატობა ამის სხვადასხვა სტილით კეთების საშუალებას იძლეოდა. ძირითადი აქცენტი მაინც jazz-rock/fusion-ზე კეთდებოდა, მაგრამ დროდადრო Focus-ის ტიპის სიმფონიური პროგრესული როკიც იჩენდა ხოლმე თავს.ანსამბლმა პირველი ალბომის გამოცემა მალევე, 1976 წლის დასაწყისში მოახერხა. ალბომში იმთავითვე იპყრობს ყურადღებას ჩანაწერის ძალზე მაღალი ხარისხი. ასეთ დონეზე სულ რამდენიმე ქართული ფირფიტაა ჩაწერილი. პირველი ნოტებიდანვე იგრძნობა ახალგაზრდული ენერგია, აქტიური რიტმ-სექციითა და კლავიშებით, რომელსაც შემდეგ ჩასაბერი ინსტრუმენტებიც ემატება და ჟღერადობაც სისხლსავსე ხდება. ალბომის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ თვისებებით ხასიათდება, თუმცა სიმღერების არანჟირება ერთ თარგზე მოჭრილი არაა და ფოლკლორული მოტივებიც სტილისური მრავალფეროვნებით არის წარმოჩენილი.ამ ძირითადი გეზიდან რამდენიმე გადახვევაც ვხვდებით. “საჭიდაო” და ”ეტიუდი”, როგორც ვთქვი, Focus / Trace-ს სიმფო-პროგ ტერიტორიაზე იმყოფება და შესრულების მხრივაც უზადოა.

ანსამბლის რეპერტუარში ვხვდებით უცხოურ, მათ შორის რუსულ (”Берёзка”) სიმღერებსაც, რომელთა შეფასებაც გემოვნების საკითხად მიმაჩნია. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი რუსულ-ქართულ ქიმერაზე ”Любимая”. ეს ალბათ ერთადერთი გადმონაშთია ძველი ”ორერადან”. ამ ყველაფრის საპირწონედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ორი ინგლისური ბლუზ-სიმღერის ვარიანტი: ”Something ’bout You Baby I Like” (რომელიც რამდენიმე წლით ადრე Tom Jones-მა, ოთხმოციანებში კი Status Quo-მ იმღერა) და Paul Anka-ს ცნობილი ჰიტი, ”Separate Ways”, რომელთა შესრულებასაც ნამდვილად არა უშავს, თუმცა აჯობებდა, ეს ოთხი უცხოენოვანი სიმღერა ცალკე გამოეცათ.

ალბომის მშვენებაა სიმღერა, რომელიც შეგნებულად ბოლოსთვის მოვიტოვე: ულამაზესი ბალადა ”თეთრი ფერია” (ავტორი: რ. რცხილაძე), საოცარი არანჟირებით, ძალიან მგრძნობიარე ვოკალური მელოდიით, უჩა კორძაიას ფლეიტის ლამაზი თემითა და ჰარმონიული დევიაციებით… დასარტყამიც კი, რომელსაც ბალადებში ალბათ ყველაზე ნაკლები ყურადღება ეთმობა ხოლმე, აქ ხშირად და ემოციურად ფეთქდება. ეს სიმღერა იმსახურებს ქართული როკის კლასიკის სტატუსს!

საბოლოო ჯამში, ეს ალბომი შეგვიძლია მივიჩნიოთ საბჭოთა კავშირში ჩაწერილ ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ jazz-rock/fusion ალბომად. ამის მიზეზი კი განუმეორებელი ქართული ფოლკლორი და მისი ღრმად შემოქმედებითი გააზრებაა. კომპოზიციურად, მუსიკა რთული არაა, მაგრამ თითოეული თემისგან თითქმის მაქსიმუმია მიღებული. ის მცირე ხარვეზები, რუსული ბალადებისა და ინგლისური ბლუზის სახით, ალბომის ღირსებას ჩრდილს ვერ აყენებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ”ოროველა” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალბომია ქართული როკის ისტორიაში.

შეფასება: 9 / 10.

გადმოსაწერი ბმულიhttp://www.mediafire.com/?uy2i4k2373bisj7

3 thoughts on “რევიუ #3: 75 – ოროველა (1976)

  1. giorgi beridze says:

    პოლ ანკასი არაა separate ways, ელვის პრესლის სიმღერაა და ამათმა უკეთ გააკეთეს (Imho)

  2. სხვა ალბომებსაც თუ დადებთ კარგია, 2011 წლის ლაივი ყველაზე საინტერესოა😉

  3. […] გაცილებით მეტად ღირებული “75“; თუმცა მისი წასვლის შემდეგ, 1978 წელს, […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s